7 თებერვალს ვებ-გვერდმა tvalsazirisi.ge გამოაქვეყნა სტატია სათაურით “სკანდალი! ამერიკელები ფარდას ხდიან სააკაშვილის, სოროსის და ბაიდენის ალიანსს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ.” სტატიას ახლავს ამერიკული დოკუმენტური ფილმის ბმული, რომელსაც tvalsazirisi.ge-ს Youtube არხზე გადავყავართ. იმავე დღეს სტატია ფეისბუკ გვერდებმა “სტალინი”, “ჯაბა მუსელიანის ბლოგი” და “ბექა ვარდოსანიძემ” გააზიარეს.
დოკუმენტური ფილმის ორიგინალი სათაურია “The Ukraine Hoax: Impeachment, Biden Cash, Mass Murder” (“უკრაინული თაღლითობა, იმპიჩმენტი, ბაიდენის ნაღდი ფული, მასობრივი მკვლელობა”). ფილმზე ტელეკომაპნია One America News (OAN) ლოგოა და მისი პრემიერაც ამავე არხზე შედგა. ფილმის ავტორი და მთხრობელი ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი მაიკლ კაპუტოა, რომლის კავშირსაც კრემლის ინფორმაციული ზეგავლენის ოპერაციებთან ე.წ. მიულერის კომისია სწავლობდა.
თითქმის ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმს ავტორი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში სოროსის “ჩრდილოვანი ბატონობით” იწყებს და ამ ქვეყნებში შექმნილ პრობლემებს, მასობრივ მიგრაციას, დასუსტებულ სასამართლო სისტემასა და სამოქალაქო არეულობას ამერიკელ მილიარდერს აბრალებს. “ცხადზე ცხადია, რომ ჯორჯ სოროსს ფარული დღის წესრიგი აქვს,” ამბობს კაპუტო, თუმცა, სოროსის მოტივებს არ ასახელებს.
მაიდანი და დაქირავებული ქართველი სნაიპერების კონსპირაცია
ფილმში ერთ-ერთი მთავარი თემა 2014 წელს კიევის მაიდანზე განვითარებული მოვლენებია. კაპუტო რამდენიმე ქართველი მოწმის ინტერვიუს გვთავაზობს. გიორგი ბეჟიტაშვილი, ცეზარ ბაჯალაძე და ზურაბ ინაშვილი აცხადებენ, რომ მაიდანზე სნაიპერებად იდგნენ და დირექტივებს მიხეილ სააკაშვილისა და „ქართული ლეგიონის“ ლიდერის მამუკა მამულაშვილსგან იღებდნენ.
2017 წლის ნოემბერში “მითების დეტექტორი” რუსულ მედიაში გავრცელებულ გაყალბებულ საგამოძიებო დოკუმენტურ ფილმზე წერდა, რომლის მთავარი თემაც უკრაინული მაიდანი იყო. იტალიურ დოკუმენტურ ფილმში ქართველი რესპოდენტები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილმა და მამულაშვილმა ისინი მაიდნის მოვლენებში მონაწილეობისათვის დაიქირავეს. “მითების დეტექტორთან” საუბარში თავად მამულაშვილი აცხადებდა,რომ უკრაინის საზღვარი მხოლოდ 2014 წლის აპრილში გადაკვეთა, ხოლო მაიდნის მოვლენებს 2014 წლის თებერვალში ჰქონდა ადგილი. გარდა ამისა, ფილმი არაერთ ფაქტობრივ უზუსტობასა და მანიპულაციებს შეიცავდა. მიუხედავად ამისა, ფილმის მთავარი “მიგნებები” კრემლისტურმა მედიამ მაშინვე აიტაცა და წყაროდ ჯაშუშობაში ბრალდებულ ტრისტან წითელაშვილს ეყრდნობოდა.
ტრისტან წითელაშვილთან ინტერვიუს იყენებს თავის დოკუმენტურ ფილმში მაიკლ კაპუტოც. ამ შემთხვევაშიც წითელაშვილი იმეორებს დაუდასტურებელ კონსპირაციას მაიდნის მოვლენებში დაქირავებული ქართველი სნაიპერების მონაწილეობის შესახებ.
ამერიკელი სამხედრო მაიდანზე
ქართველი მოწმეების ინტერვიუებზე დაყრდნობით კაპუტო მაიდნის მოვლენებში ამერიკულ კვალსაც ეძებს. ერთ-ერთი მოწმე გიორგი ბეჟიტაშვილი აცხადებს, რომ ერთხელ საქართველოს ექს-პრეზიდენტს შეხვედრაზე ამერიკელი ჯარისკაცი ბრაიან კრისტოფერ ბოინგერი ახლდა. ინტერვიუს დროს ბოინგერმა კაპუტოს თავისი პასპორტი წარუდგინა, რომელიც ადასტურებს, რომ ბოინგერი უკრაინაში მაიდნის მოვლენებიდან მხოლოდ 1 წლის შემდეგ ჩავიდა, ხოლო საგადასახადო ქვითრები მიუთითებენ, რომ კიევში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას ის ჩრდილოეთ კაროლინაში მუშაობდა. მიუხედავად ამისა, კაპუტო მაინც სპეკტიკურადაა განწყობილი და ქართველ სნაიპერებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ისინი ყალბ პასპორტებს იყენებდნენ.
One America News (OAN)-ის შესახებ
One America News ამერიკული ტელეკომპანიაა, რომელიც სხვა ამერიკული გამოცემები ულტრაკონსერვატიულსა და ულტრამემარჯვენეს უწოდებენ. ტელეკომპანია არაერთხელ ამხილეს ყალბი ამბებისა და კონსპირაციის თეორიების გავრცლებაში.
მაგალითად, 2018 წლის აპრილში OAN-ის კორსეპონდენტმა სირიის ქალაქ დუმას მონახულების შემდეგ ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ ქიმიური თავდასხმის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ არსებობდა.
კონსერვატიული ამერიკული ჟურნალი Washington Examiner-ის ანალიტიკოსი ტომ როგანი წერს, რომ სირიასთან დაკავშირებულ საკითხებზე OAN და კრემლის “სპუტნიკი” იდენტურ ყალბ ამბებს ავრცელებენ, რითაც კრემლის ინტერესებს ემსახურებიან.
ჯორჯ სოროსის შესახებ მითები ტელეკომპანიას ადრეც გაუვრცელებია. მაგალითად, მისი ერთ-ერთი კორესპონდენტი, რომელიც პარალელურად “სპუტნიკშიც” მუშაობს, აცხადებდა, რომ 14 წლის ჯორჯ სოროსი ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდა.
დოკუმენტური ფილმის ავტორი მიულერის კომისიამ დაკითხა
დოკუმენტური ფილმის ავტორი მედია კონსულტანტი და ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი მაიკლ კაპუტოა. კაპუტოს სავარაუდო კავშირს რუსეთის მხრიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმესთან ე.წ. მიულერის კომისია იძიებდა. კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პირველ ტომში, 61-ე გვერდზე, ვკითულობთ, რომ 2016 წელს კაპუტომ ნაცნობისგან შეიტყო, რომ რუს ბიზნესმენს ჰენრი ოკნიანსკის ჰილარი კლინტონის მადისკრედიტირებელი მასალები ჰქონდა. ინფორმაციის მისაღებად კაპუტომ ტრამპის მრჩეველს როჯერ სტოუნსა და ოკნიანსკის შორის კომუნიკაციას შეუწყო ხელი. შეხვედრა სტოუნსა და რუს ბიზნესმენს შორის 2016 წლის მაისში შედგა.
მართალია კომისიამ ვერ მოიპოვა მტკიცბულებები, რომლებიც ხსენებულ შეხვედრასა და რუსეთის მხრიდან აშშ-ის არჩევენებზე გავლენის მოხდენას შორის კავშირს დაადგენა, თუმცა, აღნიშნა, რომ ოკნიანსკის და კაპუტოს მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. ოკნიანსკი აცხადებდა, რომ შეხვედრას კაპუტოც ესწრებოდა, ხოლო ეს უკანასკნელი შეხვედრაზე დასწრების ფაქტს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ ამერიკელებისათვის შეთავაზებული ინფორმაციის შინაარსზე არაფერი იცოდა.
რაც შეეხება როჯერ სტოუნს, 2019 წლის ნოემბერში მიულერის კომისიის გამოძიებისათვის ხელის შეშლის, ცრუ ჩვენების მიცემისა და მოწმეზე ზეგავლენის მოხდენისათვის ფედერალურმა სასამართლომ სტოუნის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.