უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელსა და ტრადიციულ მედიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია კოსპირაციულად გავრცელდა. სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით, ანტიდასავლური და კრემლისტური აქტორები ცდილობენ, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება დასავლეთს, კონკრეტულად კი ნატოს გემების საქართველოში შემოსვლას დაუკავშირონ.
2021 წლის 1 ოქტომბერს, ლევან ვასაძესთან დაკავშირებულ ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” პროგრამის “ალტ-ანალიტიკა” წამყვანებმა, ზურაბ მახარაძემ და შოთა მარტინენკომ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოყვანაში დასავლეთს კვალი დაინახეს.
ზურაბ მახარაძე, წამყვანი: “სხვათა შორის, ამდენი ვისაუბრეთ ამაზე და თვითონ მიშა [სააკაშვილი] საქართველოში როგორ მოხვდა, ეგ ცოტა გატარებული არი და მიშა საქართველოში ჩამოიყვანა დასავლეთმა.[…] მიშა გადმოიყვანეს დასავლეთის ხალხმა… ეგ ცოტა რაც ავღანეთში ხდებოდა ეხლა ვიღაცას ხო მაშინაც ეგონა, რომ ეგ ამერიკის სერიოზული სერიოზული გათვლა არი და არა, უბრალოდ, „მძინარე ჯოს“ სასტავმა გაასხა და აქაც აი, ეს გენიალური სპეცოპერაცია ჩაატარეს რა!“
შოთა მარტინენკო, წამყვანი: “რა უნდა მაგის ჩამოყვანას, აი, გემი მოცურდება ნავსადგურში, რა ვიცი, არ ვიცი რაღაცა ამერიკული გემი, ან უკრაინული გემი.“ […] თურქეთიდან გადმოიყვანენ რა ვიცი, იქ საზღვარზე ჩვეულებრივი ის არი რა, გახსნილია. ჩატაევი რომ შემოვიდა ერთი თვე თბილისში იყო, კაციშვილმა არ იცოდა, რა წარმოგიდგენიათ ეხლა. ნებისმიერ ევროპის ქვეყანაში შეიპარება ადამიანი, აქ მითუმეტეს.“
გაზეთ “ასავალ-დასავალის” 4 – 10 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დამფუძნებლის შოთა აფხაიძის კომენტარი, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილი 28 სექტემბერს, ნატოს ეგიდით, რუმინული სამხედრო გემით გამოემართა საქართველოსკენ, საქართველოს ტერიტორიულ წყალში შემოსვლის შემდეგ კი, თურქულ სამხედრო გემზე გადმოჯდა და ამგვარად შემოვიდა ბათუმის პორტში.
შოთა აფხაიძე, კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი: “სააკაშვილი 28 სექტემბერს რუმინული სამხედრო გემით რუმინეთის ქალაქ კონსტანცას პორტიდან გამოვიდა. ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რომ შემოვიდა, სააკაშვილი რუმინული გემიდან თურქულ სამხედრო გემზე გადმოჯდა და სწორედ თურქულმა ხომალდმა შემოიყვანა ის ბათუმის პორტში… როგორც კი სააკაშვილი ბათუმის პორტში შემოვიდა, ის მაშინვე წაიყვანეს თურქეთის საკონსულოში, სადაც ორი დღე თავს აფარებდა!.. სააკაშვილი ბათუმში “მოძმე” თურქეთმა ნატოს სამხედრო ხომალდით შემოიყვანა! ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, თუ რა ურთიერთობა აქვს სააკაშვილს თურქეთთან. მოგეხსენებათ, მან 30 ათას თურქს საქართველოს მოქალაქეობა მისცა. ერთი სიტყვით, ეს იყო ნატოს მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელშიც თურქეთისა და ამერიკის სპეცსამსახურების გარდა მონაწილეობდნენ უკრაინის სპეცსამსახურებიც და პირადად პრეზიდენტი ზელენსკი!” (ასავალ-დასავალი, 4 – 10 ოქტომბერი)
5 ოქტომბერს, Facebook გვერდმა David Nemsadze officiall გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, სადაც სააკაშვილის საქართველოში შემსვლის გზად კვლავ თურქული სამხედრო გემი დასახელდა. პოსტის მიხედვით, გემით ბათუმის პორტში შემოსვლის შემდეგ, თურქეთის დიპლომატიურმა კორპუსმა მისი თბილისში ტრანსპორტირება უზრუნველყო, ხოლო ის ადამიანი, რომელიც ამჟამად სააკაშვილის დახმარებისათვის სასჯელს იხდის, სინამდვილეში უდანაშაულოა.
პოსტი აგრეთვე გაზიარდა ჯფუფში “ლევან ვასაძის მხარდამჭერები.” 6 ოქტომბრის მდგოამრეობით, პოსტს 126 მოწონება და 61 გაზიარება აქვს.
მტკიცება, თითქოს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ნატოს სამხედრო გემებით შემოვიდა, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ნატოს სამხედრო გემები ბათუმის პორტში 2021 წლის 28 სექტემბერს შემოვიდნენ, საქართველოს პროკოურატურის ინფორმაციით კი, სააკაშვილმა საზღვარი, 2021 წლის 29 სექტემბერს გადმოკვეთა. ნატოს სამხედრო ხომალდების შემოსვლა კი, შავ ზღვაში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების ჩატარებას უკავშირდება.
2021 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გაავრცელა:
საქართველოს პროკურატურა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ შ.წ.-მ და ზ.წ.-მ იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, 2021 წლის 29 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანეს. აღნიშნულის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა თბილისში და დაბინავდა ე.ც.-ს მიერ დროებით საცხოვრებლად გადაცემულ ბინაში. 2021 წლის 1 ოქტომბერს, აღნიშნულ მისამართზე მოხდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დაკავება.
გარდა ამისა, 3 ოქტომბერს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა სიუჟეტი, რომელიც კონფინდენციალურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტი საქართველოში ფოთის პორტიდან შემოვიდა და იგი უკრაინული საბორნე კომპანია “უკრფერის” ერთ-ერთ ბორანს გამოჰყვა. სიუჟეტის მიხედვით, საქართველოსაკენ უკანასკნელად გემი “ვილნიუსი” ოდესის ოლქიდან, კერძოდ კი სავაჭრო პორტ “ჩორნემორსკიდან,” 2021 წლის 27 სექტემბერს გამოვიდა და ფოთის პორტში 29 სექტემბრის საღამოს 9 საათზე ჩამოვიდა. აქვე აღსანიშნავია, რომ “ვილნიუსზე” სწორედ ის სატვირთო მანქანა იყო, რომელსაც შემდგომში დაკავებული ელგუჯა ცომაია მართავდა, რომელმაც ფოთიდან სააკაშვილის ტრანსპორტირება უზრუნველყო.
Რაც შეეხება 2021 წლის 28 სექტემბერს ბათუმში შემოსულ სამხედრო ხომალდებს, ისინი ნატო-საქართველოს ერთბლივი საზღვაო წვრთნების ჩასატარებად ქვეყანას წელს უკვე მეორედ სტუმრობენ. ერთობლივ წვრთნაში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი “სოხუმი” და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები: ESPS RAYO (ესპანეთი), ROS LT LUPU DINESCU (რუმინეთი), BGS SHKVAL (ბულგარეთი), TCG EDINCIK (თურქეთი) და ITS VIAREGGIO (იტალია).
ფოტო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშრებით დეზინფორმაციებიც გავრცელდა. ამ თემაზე, იხილეთ მითების დეტექტორის მასალები:
- თურქეთ-საქართველოს საზღვარი თუ გოვერლას მთა?
- ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს სააკაშვილი თურქეთის საკონსულოსთან დააკავეს?
Მოამზადა სანდრო გიგაურმა
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.