ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ოდესის პროფკავშირების სახლის 2014 წლის ხანძრის შესახებ?

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

3.9k
VIEWS

ლევან ვასაძის საცდელი მაუწყებლობის “ერი მედიის” გადაცემაში “საგანგებო ჩართვა”  ლევან ვასაძემ უკრაინაში, ოდესაში 2014 წელს მომხდარი ტრაგედიის შესახებ ისაუბრა. ვასაძის თქმით, ოდესაში ევრომაიდანის, ღირსების რევოლუციის საწინააღდეგო მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, 200-მდე ადამიანი, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში “შეყარეს” და “ცოცხლად დაწვეს”. ვასაძის მტკიცებით, ადამიანებს მკვლელები შენობის შიგნით ელოდნენ და ხანძარი მკვლელობების კვალის დასაფარად გააჩინეს. ვასაძე ასევე ამბობს, რომ მოკლული ფეხმძიმე ქალის გვამს ცეცხლი წაუკიდეს, რათა მისი გაუპატიურების და მკვლელობის კვალი დაემალათ და მომხდარიყო “ხანძარში დამწვრობის იმიტაცია”. 

ლევან ვასაძე: “….ავიღოთ კატასტროფული ტრაგედია, რაც მოხდა ოდესაში მაიდანის მერე, თქვენ გახსოვთ,  როდესაც ადმინისტრაციულ ერთ-ერთ შენობაში რევოლუციის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, 200-მდე, თუ არ მეშლება, ადამიანი დაწვეს ცოცხლად ამ შენობის შიგნით. შეყარეს და დაწვეს. მე ნანახი მაქვს ექსპერტიზის მასალები ხანძრის შემდეგ ჩატარებულისა ამ შენობის შიგნით და შემზარავი ნაკვალევი და ფაქტები მაქვს ამ ექსპერტიზაში ნანახი, ასე მაგალითად, მინდა რაღაცნაირად შევარბილო და მაყურებელი დავინდო, მაგრამ აი, ერთ-ერთი მსხვერპლი, იქ აშკარად ჩანს კვალი, რომ მკვლელები ამ ხალხს შენობის შიგნით ელოდებოდნენ,  მას შემდეგ რაც ეს ხალხი შიგნით შეყარეს, შიგნით ხოცავდნენ და ხანძარი მერე ამის დასაფარად მოეწყო. ანუ ნანახი მაქვს ექსპერტიზის მასალები, რომლის მიხედვითაც დამლაგებელი ქალი, ფეხმძიმე გაუპატიურებული, დამხრჩვალი მერე, როგორც ექსპერტიზამ აჩვენა, მერე ხანძარში დამწვრობის იმიტაციის მიზნით, თავზე ნავთგადასხმული და ცეცხლწაკიდებული, ამიტომ მარტო გვამის ზედა ნაწილი დაიწვა ქვედა ნაწილი შენარჩუნდა და ექსპერტიზას დაექვემდებარა.”

ოდესაში პროფკავშირების სახლში ხანძრის დროს ორსული ქალის დაღუპვაზე ცნობებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არხი – “ЗВЕЗДА”-ც ავრცელებს. სიუჟეტის მიხედვით, ნაციონალისტებმა პროფკავშირების სახლს, სადაც მაიდნის მოწინააღმდეგე აქტივისტები იმყოფებოდნენ, ცეცხლი წაუკიდეს. 2 მაისს, პროფკავშირების სახლში მომხდარ ტრაგედიაზე სიუჟეტი ბელორუსულ არხ – ОНТ– ზეც გავიდა. ჟურნალისტის სიტვებით, მაშინ, ნაციონალისტებმა 48 ადამიანი მოკლეს. 

Screenshot 6 1 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ოდესის პროფკავშირების სახლის 2014 წლის ხანძრის შესახებ? Screenshot 7 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ოდესის პროფკავშირების სახლის 2014 წლის ხანძრის შესახებ? Screenshot 8 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ოდესის პროფკავშირების სახლის 2014 წლის ხანძრის შესახებ?

2014 წლის 2 მაისს, პროფკავშირების სახლში მომხდარი ხანძრის შესახებ დეზინფორმაციულ ცნობები ვრცელდება. ოდესაში ევრომაიდანის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების დროს პროფკავშირების სახლი “ანტიმაიდანის” აქტივისტებმა დაიკავეს. შენობას ცეცხლი ორხმრივი დაპირისპირების შედეგად გაუჩნდა, ერთმანეთის წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილებს ორივე მხარე იყენებდა. ხანძრის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა შორის ორსული ქალი არ ყოფილა. დაღუპულთა სიკვდილის მიზეზები ექსპერტიზამ დაადგინა: მათი ნაწილი შენობის ფანჯრებიდან გადახტომის შედეგად მიღებული დაზიანებებით, ხოლო ნაწილი მიღებული დამწვრობებისა და წვის შედეგად გამოყოფილი აირებით ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა.

2014 წლის 2 მაისის მოვლენები

2014 წელს, ისევე როგორც უკრაინის სხვა ქალაქებში, ევრომაიდანის მხარდამჭერი აქციები ოდესაშიც იმართებოდა. ქალაქში ასევე არსებობდნენ მაიდანის მოწინააღმდეგე, უკრაინის ფედერალიზაციის მომხრე და პრორუსული ჯგუფებიც. მარტსა და აპრილში ორი დაპირისპირებული ჯგუფი სისტემატურად მართავდა საპროტესტო აქციებს.

2 მაისს ოდესაში ხარკოვის გუნდს “მეტალისტსა” და ოდესის გუნდს “ჩერნომორეცს” შორის ფეხბურთის მატჩი უნდა გამართულიყო. ორივე გუნდის გულშემატკივრები უკრაინის ერთიანობის და ევრომაიდანის მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ. მატჩამდე 15:00-ზე ქალაქში უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერი მარშის გამართვა იყო დაგეგმილი. მარშში მონაწილეობის მისაღებად სობორნაიას მოედანზე 2 000-მდე ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ “მეტალისტის” და “ჩერნომორეცის” გულშემატკივრები, “მემარჯვენე სექტორის” აქტივისტები, “ოდესის თავდაცვის” წევრების (მაიდნის თავდაცვის ანალოგიური ჯგუფი ოდესაში) და უკრაინის ერთიანობის სხვა მხარდამჭერები.

პარალელურად სობორნაიას მოედნიდან დაახლოებით 450 მეტრის დაშორებით, ფედერალიზმის მხარდამჭერი რადიკალური მოძრაობის “ოდესკაია დრუჟინას” 300 აქტივისტი შეიკრიბა. გავრცელებული ცნობებით, ანტიმაიდანის მომხრეები უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერი მარშის ჩატარებისთვის ხელის შეშლას აპირებდნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე მხარეს, მაიდნის მომხრე “მემარჯვენე სექტორის” და “ოდესის თავდაცვის” წევრებიც და “ოდესკაია დრუჟინას” აქტივისტებიც შესაძლო დაპირისპირებისთვის იყვნენ აღჭურვილი, ატარებდნენ ჩაფხუტებს, ნიღბებს, ფარებს, მეტალის და ხის ჯოხებს, ცულებს, იყვნენ შეიარეღებული ადამიანებიც.

Screenshot 9 1 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ოდესის პროფკავშირების სახლის 2014 წლის ხანძრის შესახებ?
ერთ-ერთი პრორუსი აქტივისტი აქციაზე. წყარო: BBC/Reuters

უკრაინის ერთიანობის მარშის წევრები მსვლელობით სობორნაიას მოედნიდან ფეხბურთის სტადიონისკენ გაერმართნენ. პარალელურად ანტიმაიდნის მომხრეებმა მარშის მიმართულებით დაიძრნენ და მარშის მონაწილეების პროვოცირება დაიწყეს. შეტაკებები ძირითადად გრეჩესკას მოედნის მიმდებარედ ხდებოდა. დაპირისპირება მალევე მასობრივ არეულობაში გადაიზარდა და რამდენიმე საათი გაგრძელდა. შეტაკებების დროს ორმხრივი სროლაც დაიწყო. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან დაპირისპირების შედეგად ორივე მხარის მხარდამჭერები დაიღუპნენ, მთლიანობაში 6 ადამიანი.

პირველი დაპირისპირების შემდეგ ანტიმაიდანის მომხრეების ნაწილმა “აფინას” სავაჭრო ცენტრი აიღეს, ნაწილი კი კულიკოვოს ველისკენ დაიძრა, სადაც 200-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. კულიკოვოს ველისკენ ევრომაიდანის მხარდამჭერებიც წავიდნენ და მოედანს დაახლოებით 19:30-ზე მიაღწიეს. მაიდნის მხარდამჭერებსა და ანტიმაიდნის აქტივისტებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ევრომაიდანის მხარდამჭერებმა მოედანზე გაშლილი კარვების ქალაქს ცეცხლი წაუკიდეს. ანტიმაიდნის აქტივისტების ნაწილი პროფკავშირების სახლში გამაგრდა. დაპირისპირების დროს ევრომაიდანის მომხრეები პროფკავშირების შენობას მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ. მოლოტოვის კოქტელებს შენობიდან ანტიმაიდნის მომხრეებიც ისროდნენ.

 

Screenshot 10 1 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ოდესის პროფკავშირების სახლის 2014 წლის ხანძრის შესახებ?
ევრომაიდანის მხარდამჭერებმა კულიკოვოს მოედანზე კარვებს ცეცხლი წაუკიდეს. წყარო: SERGEY GUMENYUK / EPA

Screenshot 11 1 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ოდესის პროფკავშირების სახლის 2014 წლის ხანძრის შესახებ?

  1. ევრომაიდანის მხარდამჭერების შეკრების ადგილი 2. ანტიმაიდანის აქტივისტების შეკრების ადგილი 3. სტადიონი 4. ადგილი, სადაც შეტაკებები დაიწყო 5. გრეცკას მოედანი 6. სავაჭრე ცენტრი აფინა 7. კულიკოვოს ველი 8. კარვების ქალაქი 9. პროფკავშირების სახლი 10. უახლოესი სახანძრო სადგური
    წყარო: ევროპის საბჭოს საერთაშორისო საკონსულტაციო პანელის ანგარიში 

ექსპერტიზის დასკვნა ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნიკოლაევის რეგიონის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის ანგარიშის თანახმად, პროფკავშირების სახლში ხანძარი ერთი ან მეტი ადამიანის მიერ შენობაში აალებადი ნივთიერებების და ცეცხლის წყაროს შედეგად შეიძლებოდა გაჩენილიყო. ექსპერტიზამ ხანძრის 5 კერა გამოავლინა: ჰოლში, ნულოვანი სართულის და პირველი სართულის დამაკავშირებელ მარჯვენა და მარცხენა კიბეზე, პირველ სართულზე ოთახში და მეორე და მესამე სართულის დამაკავშირებელ კიბეზე. ჰოლის გარდა ხანძრის დანარჩენი კერები მხოლოდ შენობაში მყოფი პირების მოქმედების შედეგად შეიძლებოდა გაჩენილიყო. ადამიანების სიკვდილის მიზეზი ცეცხლის სწრაფი გავრცელება და ტემპერატურის სწრაფი ზრდა გახდა. დადგინდა, რომ მოლოტოვის კოქტეილებს ორივე დაპირისპირებული მხარე იყენებდა, მათ შორის შენობის შიგნითაც. გამოძიების შედეგად არ გამოვლენილა, რომ ხანძარი წინასწარ იყო დაგეგმილი. ასევე არ გამოვლენილა ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენების შემთხვევები.

Screenshot 12 1 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ოდესის პროფკავშირების სახლის 2014 წლის ხანძრის შესახებ?
წყარო: DW/Reuters

ექსპერტიზის დასკვნა დაღუპულთა სიკვდილის მიზეზებთან დაკავშირებით

ოდესის ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, 2 მაისს ოდესაში მთლიანობაში 48 ადამიანი დაიღუპა. მათგან გრეჩესკას მოედნის გარშემო პრო და ანტიმაიდნის მოძრაობებს შორის დაპირისპირების დროს 6 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა. პროფკავშირების სახლის ხანძრის დროს 8 ადამიანი სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა, ნახშირბადის მონოოქსიდით ინტოქსიკაციის შედეგად – 9 ადამიანი, სხეულის დამწვრობით – 2, რესპირატორული ტრაქტის და სხეულის დამწვრობებითა და წვის შედეგად გამოყოფილი არაიდენტიფიცირებული აირით ინტოქსიკაციის შედეგად – 5, რესპირატორული ტაქტის დამწვრობებით და წვის შედეგად გამოყოფილი უცნობი არაიდენტიფიცრებული აირით – 1 ადამიანი, არაიდენტიფიცრებული აირებით, კვამლით –  14 ადამიანი.

ხანძარის შედეგად დაღუპულთა სიკვდილის გამოძიებისთვის დამატებით 34 სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა. იმ შემთხვევების გამოკლებით, რომლებშიც სიკვდილი სიმაღლიდან ჩამოვარდნით იყო გამოწვეული, სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პროფკავშირების სახლში დაღუპულთა სიკვდილის მიზეზი, ნახშირბადის მონოოქსიდით ინტოქსიკაცია, დამწვრობები და მაღალი ტემპერატურა იყო. წამების, ცემის, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ან სხვა სახის ჭრილობების შემთხვევების არსებობა არ დადგენილა. ასევე არ დადასტურებულა ნახშირბადის მონოოქსიდის გარდა რაიმე სხვა ტოქსიკური აირით მოწამვლის შესახებ ცნობები. ექსპერტიზის ამ დასკვნებს დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის, 2 მაისის ჯგუფის მიგნებებიც ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის და ევროპის საბჭოს საერთაშორისო საკონსულტაციო პანელის ანგარიშების მიხედვით, ხანძრის დროს პროფკავშირების სახლიდან გამოქცევის დროს ანტიმაიდანის მონაწილებს ევრომაიდანის მხარდამჭერების ნაწილი თავს ესხმოდა, თუმცა ევრომაიდანის სხვა მონაწილეები პროფკავშირების სახლში მყოფებს შენობის დატოვებაში ეხმარებოდნენ და სამშვიდობოს გაჰყავდათ.

Screenshot 13 1 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას ოდესის პროფკავშირების სახლის 2014 წლის ხანძრის შესახებ?
ევრომაიდანის მხარდამჭერებმა სცენა დაშალეს, რათა კონსტრუქცია პროფკავშირების სახლიდან ადამიანების გამოსაყანად კიბედ გამეყენებინათ. წყარო: BBC/TASS/ANDREI BOROVSKY 

“2 მაისის ჯგუფის” მიგნებები პროფკავშირების სახლში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით

2 მაისის მოვლენებს დამოუკიდებელი საგამოძიებო გუნდმა “2 მაისის ჯგუფი”  დეტალურად გამოიკვლია. ჯგუფის მიგნებების თანახმად, პროფკავშირების სახლში ხანძარი შენობის წინ ბარიკადებისთვის ცეცხლის გაჩენის შედეგად გაჩნდა. თავის მხრივ კი ბარიკადებს ცეცხლი დაპირისპირებული ჯგუფების მიერ ერთმანეთისთვის მოლოტოვის კოქტეილების სროლის შედეგად წაეკიდა. ცეცხლი შენობის შესასვლელიდან ჰოლში გავრცელდა. შენობაში ცეცხლის მეორეული კერებიც გაჩნდა, მეორეული კერები ქვედა სართულიდან ცეცხლის გავრცელების შედეგი იყო.

2 მაისის ჯგუფის დასკვნით, პროფკავშირების შენობის ინტერიერის რთული დიზაინის, ბარიკადების, გარკვეული გასასვლელების ჩახერგილობის, ძლიერი კვამლის და ცუდი განათების შედეგად შენობაში მყოფებმა გასაქცევი გზის პოვნა ვერ შეძლეს და შენობაში გამოკეტილები აღმოჩნდნენ. 2 მაისის ჯგუფი დაღუპულების გარდაცვალების ძირითად მიზეზად შენობიდან გადმოვარდნას, დამწვრობებს და ნახშირბადის მონოოქსიდით ინტოქსიკაციას მიიჩნევს. საგამოძიებო ჯგუფის თანახმად, 2 მაისს პროფკავშირების შენობაში დაღუპულთა სიკვდილის მიზეზები პირდაპირ არის დაკავშირებული ხანძართან და სიკვდილის სხვა რაიმე მიზეზი არ გამოვლენილა.

2 მაისის ჯგუფის ცნობით, პროფკავშირების სახლში ხანძარი 19:44-ზე გაჩნდა, მანამდე კულიკოვოს ველზე კარვების ცეცხლი 19:27-ზე წაეკიდა. სახანძროს გამოსაძახებლად პირველი ზარი 19:31-ზე დაფიქსირდა. ჯგუფის აზრით, ხანძრის პირველი ფაზის დროს ადგილზე ერთი სახანძრო ბრიგადა მაინც რომ ყოფილიყო, ცეცხლის ჩაქრობა და ადამიანების გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა სახანძრო სამსახური ადგილზე პირველი ზარებიდან 45 წუთის შემდეგ მივიდა. 2 მაისის ჯგუფის აზრით, პროფკავშირების სახლში დაღუპულთა დიდი რაოდენობა სახანძრო სამსახურის არაკომპეტენტურობით იყო გამოწვეული.

2 მაისის ტრაგედია და რუსული პროპაგანდა 

პროფკავშირების სახლის ხანძარი უკრაინაში ევრომაიდანის მოძრაობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენებოდა. ოდესაში ევრომაიდანის მხარდამჭერები ნაციონალისტებად, ფაშისტებად და ნეონაცისტებად იხსენიებიან. პროფკავშირების სახლის ხანძარი ხშირად არის შედარებული ხატინის ტრაგედიასთან. მაგალითად, სამთავრობო მედია, რუსეთის პირველი არხის 2014 წლის 3 მაისს ოდესაში განვითარებულ მოვლენებს ასე აღწერს:

“ნამდვილ სასაკლაოს, რომელიც ოდესაში რადიკალებმა მოაწყვეს, უკვე ეწოდებენ ახალ ხატინს. ნაციონალისტებმა ადამიანები პროფკავშირების სახლში მოიმწყვდიეს, ის ზუსტად იმ ადგილსაა, სადაც ჩვეულებრივ დემონსტრანტები იკრიბობდნენ, დაუშინეს ბოთლები აალებადი ნივთირებეით. მათ, ვინც გაქცევას ცდილობდა, ხვრეტდნენ.
ანტიფაშისტური მიტინგის აქტივისტები, მათ შორის კი ქალები და ხანდაზმულებიც იყვნენ, ფაქტობრივაც ცეცხლოვან ხაფანგში აღმოჩნდნენ მომწყვდეული.
სისასტიკე სიგიჟის ზღვარზე: ნეონაცისტები დაშავებულებთან მედიკოსებს არ უშვებდნენ. დაჭრილებს წიხლებს ურტყამდნენ. ცეხლისგან და ანგარიშსწორებისგან გაქცევისას ადამიანები იძულებული იყვნენ ფანჯრებიდან გადამხტარიყვნენ.”

სოფელი ხატინი გერმანელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს გადაწვეს. ტრაგედია მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობის განადგურების სიმბოლოდ არის ქცეული. რუსულ მედიაში ოდესის პროფკავშირების ხანძრის ამ ტრაგედიასთან დაკავშირება იმ ნარატივს გამყარებას ემსახურება, რომ ევრომადაინის მხარდამჭერები “ნაცისტები”, “ბანდეროველები”, “ბოევიკები” იყვნენ, ხოლო ანტიმაიდანის აქტივისტები “ოდესის მშვიდობიანი მოქალაქეები”. მსგავსი რიტორიკა ფაქტების გადამოწმების უკრაინულმა ორგანიზაცია StopFake-მა 2019 წელს სხვადასხვა რუსული მედიის სტატიებში გამოავლინა

“ოდესის ხატინის” მითსა და ამ პარალელს რუსული ტელევიზების მიერ პროპაგანდისთვის აქტიურად გამოყენებაზე 2 მაისის ჯგუფის ერთ-ერთი მკვლევარი ვლადისლავ ბალინსკიც სუბრობდა:

ბალინსკი: “ყველაზე ცხელ მომენტში, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ღია აგრესია დაიწყო, ეს მითი “ოდესის ხატინის” შესახებ კრემლის პროპაგანდის მიერ ხალხის დაშინებისთვის და რუსეთში მოხალისეების შეგროვებისთვის გამოიყენებოდა. ეს პროპაგანდა მუშაობდა და მუშაობს უკრაინის წინააღმდეგ.”

სხვადასხვა დროს StopFake-მა 2 მაისის მოვლენების შესახებ სხვადასხვა ყალბი ცნობები გადაამოწმა. მაგალითად, 2014 წელს სოციალურ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ “ნაციონალისტებმა” ექიმს დაშავებულების დახმარების საშუალება არ მისცეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ოდესელი ექიმის, იგორ რაზოვსკის პოსტზე დაყრდნობით ვრცელდებოდა. სინამდვილეში, ასეთი ექიმი ოდესაში არ არსებობს და ფეისბუკ ანგარიში ყალბი იყო. 2015 წელს Россия 1-ის ეთერში 2 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით არკადი მამონტოვის დოკუმენტური ფილმი გავიდა. ფილმში წარმოდგენილი ცნობები Stopfake-მა გადაამოწმა, ორგანიზაციის დასკვნით, ის მანიპულაციურია, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და პროპაგანდისტული რიტორიკით ხასიათდება, რომელიც სიძულვილის გაღვიძებას ემსახურება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist