უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მოსწავლებისათვის პირბადის ტარების ვალდებულების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში არაერთი დეზინფორმაციის გავრცელება მოჰყვა. მათი დიდი ნაწილი ნახშირორჟანგით მოწამვლას, ჰიპოქსიის განვითარებას შეეხებოდა. მაგალითად, 7 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა ატოცი ლ.ქ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მეუფე სპირიდონი სკოლებში ბავშვების მიერ პირბადეების გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობს. სასულიერო პირის მიხედვით, ბავშვებისთვის ნიღბების ტარება სახიფათოა, რამდენადაც ისინი ამონასუნთქ ნახშირორჟანგს უკან ჩაისუნთქავენ. მეუფე სპირიდონის ვიდეო 8 და 10 ოქტომბერს ფეისბუკ მომხმარებელებმა Sofi Fafelashvili და ზურა ზუკაკიშვილი-მა პირად ანგარიშზეც გამოაქვეყნეს.
ბავშვებისთვის პირბადის ტარების საკითხს 29 სექტემბერს ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძეც გამოეხმაურა. ტომარაძის თქმით, ბავშვებისთვის საათობით პირბადის ტარების ვალდებულება დანაშაულია, რამდენადაც პირბადე აქვეითებს იმუნიტეტს, ნეგატიურად მოქმედებს ფილტვებსა და გულსისხლძარღვთა სისტემაზე და თითქმის არ იცავს ვირუსისგან. იდენტური ინფორმაცია “ერი და სახელმწიფოს” ხელმძღვანელმა “ალტ-ინფოსა” და “ობიექტივის” ეთერშიც გააჟღერა.
8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტში ფეისბუკ ანგარიში “მარჯი საქართველო” დაავადება ჰიპოქსიის შესახებ წერს. პოსტს თან ახლავს პირბადეებიანი ბავშვების ფოტო, რომლებიც სკოლის მერხზე სხედან, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პირბადის გამოყენება ბავშვებში ჰიპოქსიის რისკს აჩენს. 10 ოქტომბერს Tamazi GIorgevich Odzelashvili-ის მიერ გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ ნიღბების ტარება ადამიანს 2 წლის განმავლობაში დაასნეულებს და მოკლავს, რადგან ნიღაბი ადამიანისთვის სასიცოცხლო ნივთიერებას უარყოფით იონებს არ ატარებს და სუნთქვის დროს წარმოქმნილი ნახშირორჟანგი ისევ უკან ჩაისუნთქება.
4 ოქტომბერს ფეისბუკ მომხმარებელმა კობა კუპრაშვილმა ბავშვების მიერ პირბადეების ტარება მონობას შეადარა. კუპრაშვილის მიხედვით, აღნიშნული ვალდებულება კაცობრიობის წინაშე დანაშაულს წარმოადგენს.
მტკიცება, რომ პირბადეს ადამიანის ნახშიროჟანგით ინტოქსიკაცია შეუძლია, სიმართლეს არ შეესაბამება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, რეკომენდაციების სრული დაცვითა და სიზუსტით გამოყენებული პირბადე ვირუსისგან თავდაცვის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა და მას გავრცელების პრევენციაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
იწვევს თუ არა პირბადე ნახშირორჟანგით ინტოქსიკაციას?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, პირბადე დამზადებული უნდა იყოს მხოლოდ ისეთი მასალისაგან, რომლითაც სუნთქვა შესაძლებელია. რეკომენდაციების დაცვით დამზადებული პირბადის ხანგრძლივი ტარება არ იწვევს ორგანიზმში ნახშირორჟანგის კრიტიკული რაოდენობის დაგროვებას. ჩვეულებრივი სამედიცინო ან ქსოვილისაგან დამზადებული პირბადის გამოყენების შემთხვევაში ამოსუნთქული ნახშირორჟანგი თავისუფლად აღწევს პირბადის გარეთ. მაგალითისთვის, ქირურგები, ჩვეულებრივ, ბევრად უფრო სქელ პირბადეებს მთელი დღის განმავლობაში ატარებენ, თუმცა არ არსებობს მათ ჯანმრთელობაზე უშუალოდ პირბადის ტარების უარყოფითი გავლენების დამადასტურებელი ფაქტები.
ამერიკის პედიატრიის აკადემია (AAP) ბავშვების მიერ პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა. AAP-ინფორმაციით პირბადის ტარება არ იწვევს ნახშირორჟანგით მოწამვლას, რამდენადაც ნახშირორჟანგის მოლეკულები ძალიან მცირე ზომისაა და მათი შეკავება პირბადის საშუალებით არ ხდება.
პედიატრიის აკადემია პედიატრიის ამერიკული აკადემია ნიღბების გამოყენების რეკომენდაციას ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის გასცემს, რათა ისინი კოვიდ-19-ისგან დაცულები იყვნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ბავშვთა ფონდი გვირჩევენ, რომ 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებმა ნიღაბი მოზდილების მსგავსად უნდა ატარონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხალხმრავლობაში ყოფნისა და მათგან 1 მეტრზე ნაკლები დისტანციის რისკი არსებობს.
არის თუ არა პირბადის ტარება ჯანმრთელობისათვის საშიში, როგორ მოქმედებს იმუნურ სისტემასა და ფილტვებზე და იწვევს თუ არა ჰიპოქსიას?
სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ პირბადის გამოყენებით ადამიანის იმუნური სისტემა ქვეითდება. არ არსებობს რაიმე სახის სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პირბადის ტარებას რაიმე სახის გავლენა აქვს ადამიანის იმუნურ სისტემაზე. პირბადე მხოლოდ დამატებით ბარეიერს ქმნის საუბრის, ცემინების ან ხველის დროს ამოფრქვეული წვეთების ჰაერში გავრცელებისა და სხვა ადამიანის სასუნთქ გზებში მოხვედრისათვის. ამერიკის პედიატრიის აკადემიის მიხედვთ, პირბადე ბავშვის ფილტვების ნორმალურ განვითარებას ხელს არ უშლის, რამდენადაც ჟანგბადი ნიღაბის გავლით თავისუფლად მიედინება ფილტვებისკენ.
არსებობს შეშფოთება, რომ სახის ნიღბებს შეუძლიათ შეამცირონ ჟანგბადის მიღება და შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე, რაც ცნობილია ჰიპოქსიის სახელით. აღსანიშნავია, რომ ნიღბები მზადდება ისეთი მასალისგან, რომლის საშუალებითაც ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდება არ იზღუდება, რამდენადაც პირბადე არ არის არაგამტარი ისეთი მცირე მოლეკულებისთვის, როგორიც არის ჟანგბადი და ნახშირორჟანგი. ამერიკის პედიატრიის აკადემიის განმარტებით, ნიღბები არც ყურადღების კონცენტრირებისა ან სწავლის უნარზე მოქმედებს.
იცავს თუ არა პირბადე დაინფიცირებისგან?
გავრცელებული მტკიცების მიხედვით, პირბადეები ვირუსთან საბრძოლველად არაეფექტიანია, რამდენადაც პირბადის შრეების ზომა ვირუსის ბირთვის ზომაზე დიდია და ვირუსი პირბადის შიგნით მაინც აღწევს. აღნიშნული მტკიცება მცდარია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ნაწილაკები პირბადის შრეებთან შედარებით გაცილებით მცირე ზომისაა, ისინი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან და ამისთვის რესპირატორული წვეთები სჭირდებათ, რესპირატორულ წვეთებს კი პირბადე აკავებს. COVID-19-ის ნაწილაკი ზომით 0.1 მიკრონია, თუმცა ის ცალკე არ არსებობს და ყოველთვის რაღაც უფრო დიდთან ერთად, მაგალითად რესპირატორულ წვეთებთან ერთად გადაადგილდება, რომლებიც ლაპარაკისას, სუნთქვისას და ხველისას წარმოიქმნება. სწორედ ამ წვეთებს აკავებს როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პირბადე.
პირბადეების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
გვიცავს თუ არა პირბადეები კორონავირუსით დაინფიცირებისგან?
რა რეკომენდაციებს გასცემს ამერიკის CDC პირბადეებთან დაკავშირებით?
რა ვიცით უარყოფით იონებზე, რომლებიც გავრცელებული მტკიცებით, ორგანიზმს პირბადეების საშუალებით არ მიეწოდება?
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო პირბადეები დიდ ზიანს აყენებენ სხეულს, რამდენადაც ისინი უარყოფითი იონების გატარებას უშლიან ხელს. რეალურად, უარყოფითი იონების სარგებლიანობის შესახებ სამეცნიერო კვლევები არ არსებობს.
უარყოფითი იონები უსუნო და უგემო მოლეკულებია, რომლებსაც სპეციფიკურ გარემოში ჩავისუნთქავთ. არსებობს ვარაუდი, რომ მათი სისხლში მოხევედრისთანავე სეროტონინის დონის მომატება იწყება. სერატონინი კი განწყობაზე პასუხისმგებელი ჰორმონია და დეპრესიის, სტრესის შემსუბუქებაშსა და ენერგიის დონის ამაღლებაში გვეხმარება. თუმცა, ამავე დროს, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ამის ზუსტი მეცნიერული მტკიცებულება ჯერ კიდევ არ არსებობს.
არსებობს კვლევები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ უარყოფითმა იონებმა (NAI) შეიძლება დადებითად იმოქმედოს ადამიანების ან ცხოველების ჯანმრთელობაზე, თუმცა ნეგატიური იონების ზუსტი ფუნქციების შესახებ საკმარისი სამეცნიერო ცოდნა არ არსებობს და მათი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე ჯერ კიდევ შესწავლილია.
აღნიშნული დეზინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამაც შეისწავლა. Voxukraine-ის მიხედვით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ პირბადეები ჯანმრთელობასა და იმუნურ სისტემაზე მავნე ზეგავლენას ახდენს და სხვადასხვა დაავადებას იწვევენ.
სურთ თუ არა პირბადეებით ბავშვების დამონება?
მტკიცება, რომ პირბადეების სინამდვილეში ადამიანების დამორჩილებას ემსახურება, კონსპირაციაა. პირბადეების და ზოგადად კორონავირუსის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ზომების მიმართ საზოგადოების სკეპტიკურად განწყობილ ნაწილში პოპულარულია აზრი, რომ აღნიშნული ზომები რეალურად არა ვირუსისგან დაცვას, არამედ ძალაუფლების მქონე ჯგუფების მიერ ადამიანთა ფართო მასების დამორჩილებას ემსახურება. სახის და განსაკუთრებით, სასუნთქი გზების დაფარვას ინფექციური დაავადების ფართომასშტაბიანი გავრცელების დროს ხანგრძლივი ისტორია აქვს და ინფექციისაგან თავის დაცვის ამ მეთოდს მე-17 საუკუნეში შავი ჭირის დროსაც მიმართავდნენ.
უფრო ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
News-Front, Tvalsazrisi, სტალინი პირბადეების საწინააღმდეგო კონსპირაციებს ავრცელებენ
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.