ვინ არის უკრაინელი “ტაირა”, რომელსაც რუსულენოვანი წყაროები მკვლელობაში სდებენ ბრალს?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

18.9k
VIEWS

1-3 ივნისს ფეისბუკ მომხმარებლებმა  (Альбина Рой, Yani Prodanov, Olga Syomkina,) გააავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინელი ნაციონალისტი იულია პაევსკაია სასწრაფო დახმარების მანქანით აზოვსტალიდან გაქცევისას თავს იმ ბავშვების დედად ასაღებდა, რომელთა მშობლებიც თავად დახოცა. მსგავსი შინაარსის პოსტები 1 ივნისს ფეისბუკ ჯგუფებში НОВОСТИ И ПОЛИТИКА, Биолаборатории США 🔥‼ , United Russians Australia გამოქვეყნდა. 

უკრაინელი ქალის შესახებ ინფორმაცია 29 მაისიდან 1 ივნისის პერიოდში რუსულმა  ონლაინ სააგენტოებმაც (moskva.news, life.ru, solenka.info, novostivl.ru, yakutsk.ru) გაამოაქვეყნეს. მათ მიერ გავრცელბულ სტატიებში ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან გაქცეული ნაციონალისტი მარიუპოლის დატოვებისას ბავშვებს ემუქრებოდა, არ გაემხილათ, რომ მათი ნამდვილი დედა არ იყო.


რუსული ფეისბუკ მომხმარებლებისა და საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, იულია პაევსკაია აზოვტალიდან ევაკუაციის დროს თავს იმ ბავშვების დედად ასაღებდა, რომელთა მშობლებიც თავად დახოცა, მტკიცებულებების გარეშეა. პაიევსკაია ცნობილი უკრაინელი მოხალისე პარამედიკოსია, რომელიც დონბასის ომის დროს, 8 წლის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობას, ბავშვებსა და ჯარიკაცებს ეხმარებოდა, 2022 წლის თებერვლიდან კი მოხალისეობრივ საქმიანობას მარიუპოლში ეწეოდა.

იულია პაევსკაია 16 მარტს  რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა  დაახლოებით 16:00 საათზე მძღოლთან ერთად იმ დროს დააკავეს, როცა მარიუპოლის დაბომბვის შედეგად დაზარალებული პირებისთვის  სამედიცინო დახმარებას გასაწევად მიემგზავრებოდა.

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად უკრაინელმა მოხალისემ,  ოქსანა კორჩინსკამ გაავრცელა. ვიდეო მიმართვაში კორჩინსკა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ პაევსკაიამ 8 წლის განმავლობაში არაერთი მშვიდობიანი მოსახლისა და ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა, ბოლო თვეებში კი  ის მარიუპოლში დაჭრილ პირებს ეხმარებოდა.

რას ამბობენ “ტაირას” შესახებ რუსული წყაროები?

აღსანიშნავია, რომ რუსულ წყაროებში ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაციაა წარმოდგენილი. მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც აპრილში გავრცელდა, ნათქვამია, რომ მარიუპოლის დატოვების მცდელობისას “ტაირა” ორ ბავშვთან ერთად სამოქალაქო მანქანით გადაადგილდებოდა; ამავე ვიდეოს თანახმად, ბავშვები, რომლებიც პაევსკაიასთან ერთად იყვნენ, მას მშობლების მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, ყვებოდნენ, რომ  ქალმა მათი მშობლები დახოცა და მანქანიდან გადაყარა. საინტერესოა, რომ არც ამ და არც სხვა წყაროებში თავად ბავშვების მონათხრობი წარმოდგენილი არ არის. ამავე ვიდეოში კი თავად “ტაირა” ამბობს, რომ გოგო 2,5,  ბიჭი კი 5-6 თვის იყო. გარდა იმისა, რომ ამ ასაკის ბავშვის ენისა და კომუნიკაციის უნარების გათვალისწინებით, ბავშვის მიერ აღნიშნული ისტორიის მოყოლა ნაკლებ სავარაუდოა, აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა რუსულენოვან წყაროებში ვიდეოსგან განსხვავებით, ნათქვამია, რომ “ტაირა” მარიუპოლის დატოვების მცდელობისას არა სამოქალაქო, არამედ სასწრაფო დახმარების მანქანით გადაადგილდებოდა.

Screenshot 7 4 ვინ არის უკრაინელი “ტაირა”, რომელსაც რუსულენოვანი წყაროები მკვლელობაში სდებენ ბრალს?
სქრინშოთი ვიდეოდან

გარდა ამისა, რუსულენოვანი წყაროები (tsargrad.tv, ntv.ru) “ტაირას” ნაციონალისტობასა და აზოვის ბტალიონის წევრობაში სდებენ ბრალს, თუმცა მისი კავშირი აზოვის ბატალიონთან არ დასტურდება. იულია პევსკაია 2018-2020 წლებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მუშაობდა, ტრავმის შემდეგ კი სპორტს დაუბრუნდა. იგი  ასევე არის აიკიდოს ფედერაციის „მუტოკუკაი უკრაინა“ (Мутокукай Украина) პრეზიდენტი. “ტაირა” მრავალი პარაოლიმპიური შეჯიბრის მონაწილე და გამარჯვებულია. დონბასის ომის წლებში იულიამ ასეულობით დაჭრილი სამხედრო, მოხალისე და მშვიდობიანი მოქალაქე თავის მოხალისეთა გუნდთან ერთად გადაარჩინა.  პაიევსკა ასევე  მოხალისეობრივი ჯილდოს „უკრაინის სახალხო გმირის“ მფლობელია.

რას წერს Associated Press?

20 მაისს ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტომ Associated Press  უკრაინელი პარამედიკოსის იულია პაევსკაიას მიერ გადაღებულ კადრებზე დაყრდნობით  გაავრცელა სიუჟეტი, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ მკურნალობდა იგი მარიუპოლში დაჭრილ ადამიანებს მანამ, სანამ რუსული არმია ტყვედ აიყვანდა. დაკავებამდე პაევსკაიამ მოახერხა,  ჟურნალისტებისთვის 256 GB მოცულობის კამერის ჩანაწერები გადაეცა, რომლებიც ალყაში მოქცეულ ქალაქში მის საქმიანობას ასახავდა.

Screenshot 8 4 ვინ არის უკრაინელი “ტაირა”, რომელსაც რუსულენოვანი წყაროები მკვლელობაში სდებენ ბრალს?
ფოტო: Associated Press

გამოქვეყნებულ კადრებში წარმოდგენილია ნაწილი იმ ამბებისა, თუ რა ხდებოდა ალყაში მოქცეულ მარიუპოლში რუსეთის შემოჭრის პირველ კვირებში. იულია პაევსკაია არა მხოლოდ უკრაინელ სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს, არამდედ რუს ჯარისკაცებსაც ეხმარებოდა. “ტაირას” მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ცდილობს უკრაინელ სამოქალაქო პირებთან ერთად,  დაჭრილი რუსი ჯარისკაცები გადაარჩინოს. მაგალითად, 10 მარტს გადაღებულ ვიდეოში ორი რუსი ჯარისკაცი ჩანს, რომლებიც უკრაინელმა სამხედრომ სასწრაფო დახმარების მანქანიდან უხეშად გამოიყვანა. ერთი მათგანი ეტლშია, მეორე კი დაჩოქილია, ხელები შეკრული აქვს და ფეხის ჭრილობა აქვს მიღებული. უკრაინელი ჯარისკაცი მას შეურაცხყოფას აყენებს, “ტაირა” კი მის დამშვიდებას ცდილობს და ამბობს:
“ისინი ჩვენ მიმართ ასეთი  კეთილგანწყობილები არ იქნებოდნენ, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, სამხედრო ტყვეები არიან“.

Screenshot 9 4 ვინ არის უკრაინელი “ტაირა”, რომელსაც რუსულენოვანი წყაროები მკვლელობაში სდებენ ბრალს?
სქრინშოთი Associated Press

რამდენიმე საათის შემდეგ, სროლის შედეგად მძიმედ დაშავებული ორი ბავშვი – ძმა და და მოჰყავთ, რომელთა მშობლები გარდაცვლილები არიან. ექიმები ბიჭის გადარჩენას ცდილობენ, თუმცა ბავშვი იღუპება. 

Screenshot 10 4 ვინ არის უკრაინელი “ტაირა”, რომელსაც რუსულენოვანი წყაროები მკვლელობაში სდებენ ბრალს?
სქრინშოთი Associated Press

Associated Press-ის სტატიის თანახმად, მიუხედავად, რუსული წყაროების მტკიცებისა, რომ “ტაირა” აზოვის ბატალიონში მუშაობდა, ამის მტკიცებულება არ არსებობს და იულია პაევსკაიას  აზოვის” ბატალიონთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. გარდა ამისა, აზოვის ბატალიონთან კავშირში არც ის საავადმყოფოა, სადაც იგი დაჭრილების ევაკუაციას ახორციელებდა.

რას ამბობენ ადამიანები, რომლებიც “ტაირას” იცნობდნენ?

30 მაისიდან სოციალურ ქსელებში კამპანია სახელწოდებით #SaveTAIRA დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უკრაინელი სამხედროები, მოხალისეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები 16 მარტს უკანონოდ დატყვევებული იულია პაევსკაიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. მარიუპოლის მცხოვრებმა და მედდამ ეკატერინა სუხომლინოვამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2014 წლიდან იულია პაევსკაია ექსკლუზიურად არის ჩართული დაჭრილების გადარჩენაში და დონბასის ომის დროს  600-მდე ადამიანი გადაარჩინა. სუხომლინოვას თქმით, 73 დღის განმავლობაში (28 მაისის მდგომარეობით) ის რუსი დამპყრობლების ტყვეობაშია და სამედიცინო დახმარებაც არ მიღია. რუსეთს შესაძლოა “ტაირა” ტყვეების სიაში იმ მიზეზით არ შეყავდეს, რომ ის პარამედიკოსი იყო და როგორც არამებრძოლი, ჟენევის კონვენციებით არის დაცული.

“მითების დეტექტორი” ეკატერინა სუხომლინოვას დაუკავშირდა. მარიუპოლელი მედდის თქმით,  იულია პაევსკაია არა ნაცისტი და ფაშისტი, როგორც ამას რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, არამედ ექიმი და ადამიანთა სიცოცხლის მხსნელია.

ეკატერინა სუხომლინოვა, მედდა: “იულია არის მოხალისე ექიმი. მას არ აუღია იარაღი, ცდილობდა გადაერჩინა დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები. მისი დაკავების მომსწრე არ ვარ, ამიტომ რუსებს შეუძლიათ ნებისმიერი სიუჟეტი განავითარონ. პაევსკაია არ არის მკვლელი !!! მე პირადად არაერთხელ მინახავს რამდენი დაჭრილის სიცოცხლე გადაარჩინა. მას ხშირად ვხვდებოდი მარიუპოლის საავადმყოფოებში, სადაც  დაჭრილები მოჰყავდა. ის, რომ რუსეთი სხვა ფანტასტიკურ რეალობაში ცხოვრობს, მტკიცებულება არ სჭირდება.”

იულია პაევსკაიას მეუღლის, ვადიმ პუზანოვის თქმით, რომელიც ამჟამად უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფება, იულია მძღოლთან ერთად, მარიუპოლსა და ზაპორიჟიას შორის არებულ ჰუმანიტარულ დერეფანში ქალებისა და ბავშვების ევაკუაციის დროს გააჩერეს და დააკავეს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist