ვინ არის “შავპერანგიანი”, ვინც SS-ის პროპაგანდისტული ფილმით ჰოლოკოსტს უარყოფს?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

316
VIEWS

21 ივლისს ფეისბუქ მომხმარებელმა Tornike Vashakidze-მ გამოაქვეყნა  ვიდეო, სადაც სხვადასხვა სამუშაოზე, მათ შორის სამკერვალოში,  დასამქებული ადამიანები ჩანან, ვიდეოს აღწერის მიხედვით, კადრები 1939 წელს ნაცისტური გერმანიის ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკშია გადაღებული, ვიდეო კი 1956 წელს ავსტრიის ეროვნული არქივიდან ამოიღეს. პოსტის ავტორის მტკიცებით, ეს ვიდეო აშკარა დადასტურებაა იმისა, რომ ჰოლოკოსტი რეალურად არ მომხდარა, 6 მილიონი ადამიანის სიკვდილი, წამება და არაადამიანურ პირობებში ყოფნა კი გამოგონილია და პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია.

 

;
Tornine Vashakidze-ს გავრცელებული ვიდეო 1939 წელს ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში არსებულ მდგომარეობას არ ასახავს, რეალურად კადრები 1944-1945 წლებში ტერეზიენშტადტის გეტოში ნაცისტური გერმიანიის დაკვეთით გადაღებული პროპაგანდისტული ფილმის ნაწილია. ფილმში პატიმრები SS-ის ბრძანებით მონაწილეობდნენ. კონსპირაცია იმის შესახებ, რომ ჰოლოკოსტი არასდროს მომხდარა, წლებია ვრცელდება, რეალურად ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ზუსტი რიცხვის დათვლა დღემდე შეუძლებელია, მეცნიერები და მკვლევრები სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, ჰოლოკოსტის მსხვერპლად 6 მილიონ ადამიანს მოიაზრებენ. 

Tornike Vashakidze-ს გამოქვეყნებული ვიდეო 1944-1945 წლებში ნაცისტური გერმანიის პარამილიტარისტული ორგანიზაცია შუცშტაფელის (SS) დაკვეთით გადაღებული პროპაგანდისტული ფილმის “Theresienstadt-ის” კადრებს წარმოადგენს.

;
ფილმი გადაღებულია არა ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში, არამედ ტერეზიენშტადტის გეტოში. ბუხენვალდი ნაცისტური გერმანიის ყველაზე დიდ საკონცენტრაციო ბანაკს წარმოადგენდა და გერმანიაში, ვაიმართან ახლოს მდებარეობდა, ხოლო ტერეზიენშტადტის გეტო 1941 წელს ჩეხეთის ქალაქ ტერეზინში ააშენეს და მისი კომპლექსი აერთიანებდა როგორც საკონცენტრაციო ბანაკს, ასევე საცხოვრებელ გეტოსაც.

აღნიშნული ფილმის გადაღებები 1944 წელს სწორედ ტერეზიენშტადტში SS-ის ორგანიზებით დაიწყო. ფილმის მიზანი საერთაშორისო აუდიტორიისთვის იმის ჩვენება იყო, თუ რამდენად კარგ პირობებში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ებრაელი პატიმრები. ამის საილუსტრაციოდ ფილმში გეტოში გამართული ფეხბურთის მატჩისა და კლასიკური მუსიკის კონცერტის კადრებიც მოხვდა:

 ;
ფილმის გადაღებაში მონაწილეობა თავად პატიმრებს დაევალათ. SS-ის ბრძანებით ფილმზე მომუშავე ებრაელების ჯგუფს წარმოშობით ებრაელი რეჟისორი და მსახიობი კურტ გერონი ხელმძვანელობდა. გერონი, ჯგუფის სხვა წევრების მსგავსად, თავისი წარმოშობის გამო ტერეზიენშტადტის პატიმარი იყო. SS-ის დაკვეთით ფილმის გადაღების ტექნიკურ მხარეზე ჩეხური კომპანია Aktualita-ს გადამღებმა ჯგუფმა იზრუნა. ფილმის გადაღებები 1945 წლის მარტში დასრულდა. ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი ფილმის სრული ვერსია გაქრა. თუმცა, მოგვიანებით ჯამში 20 წუთის ხანგრძლივობის ფრაგმენტები რამდენიმე არქივში იპოვეს. სწორედ მათი გამოყენებით მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა დოკუმენტური ფილმი, სადაც ნაცისტების პროპაგანდისტული ფილმის შემორჩენილი ფრაგმენტების გარდა, გამოყენებულია ტერეზიენშტადტის გადარჩენილი პატიმრების მონათხრობები, ხოლო ბოლოს ეკრანზე ჩნდება რეალური ფაქტები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მხოლოდ ამ დაწესებულებას.

ტერეზიენშტადში 1941-1945 წლებში 144 000 პატიმარი მოათავსეს, მათგან 33 000 შიმშილითა და სხვადასხვა დაავადებით დაიღუპა, 88 000 კი ნაცისტების მიერ მოწყობილი ექვსი “სიკვდილის ბანაკიდან” ერთ-ერთში, მათ შორის აუშვიცში, გადაანაწილეს, სწორედ აუშვიცში დაიღუპა ფილმის რეჟისორი კურტ გერონიც.

ჰოლოკოსტის შესახებ

ჰოლოკოსტი ნაცისტური რეჟიმისა და მისი მოკავშრეების მიერ ორგანიზებული და მხარდაჭერილი სისტემატიური ძალადობრივი აქტია, რომელსაც დაახლოებით 6 მილიონი ებრაელი კაცის, ქალისა და ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. გერმანიის ნაცისტური რეჟიმი, რომელიც ხელისუფლების სათავეში 1933 წელს მოვიდა, გერმანელებს „რასობრივად უპირატესად“ მიიჩნევდა და „რასობრივად წმინდა“ სახელმწიფოს შექმნას ისახავდა მიზნად. „რასობრივად დაბლა მდგომი“ ებრაელები კი გერმანული რასობრივი საზოგადოების მტრებად იყვნენ მიჩნეულნი და აუცილებელი იყო მათი მოსპობა.

ბრიტანეთის ეროვნული არქივის მონაცემების მიხედვით, ჰოლოკოსტის პერიოდში, ნაცისტების მიერ მოკლულთა სიაში, ბიოლოგიური თუ ეთნიკური „ნაკლოვანებების“ გამო, სხვა ჯგუფებიც მოხვდნენ, მათ შორის ბოშები, გერმანელი შშმ პირები, და ზოგიერთი სლავური წარმომავლობის ჯგუფები (განსაკუთრებით პოლონელები და რუსები). არაერთი ჯგუფის განადგურება პოლიტიკური, იდოელოგიური და იდენტობის შეხედულებების შეუსაბამობის გამოც მოხდა, მაგალითისთვის ნაცისტური რეჟიმის სამიზნე ხშირად ხვდებოდნენ კომუნისტები, სოციალისტები, იეჰოვას მოწმეები და ჰომოსექსუალები.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთული პროცესია, ვინაიდან არ არსებობს არც ერთი დოკუმემნტი, რომელიც გერმანელი ძალოვნების მიერაა შექმნილი და რომელიც მოკლულთა საერთო რაოდენობას  ასახავს.

1940 წლიდან მოყოლებული, მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობის დასადგენად, მეცნიერებმა და მკვლევრებმა წყაროების შესწავლის არაერთი მეთოდი გამოიყენეს. უმეტესად, მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციას ე.წ „ევთანაზიის პროგრამის“ ჩანაწერებში ვპოუბლობთ,  ეს დოკუმენტები ამერიკელმა ჯარისკაცებმა ავსტრიაში შემთხვევით აღმოაჩინეს. ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, მხოლოდ 1940 წელს პროგრამის ფარგლებში 35 224 ადამიანი მოკლეს.

;
წყარო: ჰარტჰაიმის არქივი.

მოცემული რუკა ნიურნბერგის საერთაშორისო სასამრთლოზე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან მტკიცებულების სახით წარადგინეს. რუკა მოკლულ ებრაელთა ტერიტორიულ განაწილებას 1941 წლის 22 ივნისი – 1942 წლის 31 იანვარის მონაკვეთში ასახავს. რუკის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯამში 81 629 ებრაელი დახოცეს, თუმცა 128 000 ცოცხალი ებრაელი იდენტიფიცირებული იყო.

;

აშშ-ს ჰოლოკოსტის მემორიალის მუზეუმის მონაცემების მიხედვით,  ჰოლოკოსტის მსხვერპლთა რაოდენობა ასე გამოიყრეუბა:

ჯგუფი

მოკლულთა რაოდენობა

ებრაელები

6 მილიონი

სერბები

312,000

ბოშები

500,000-მდე

შშმ პირები

250,000-მდე

ჰომოსექსუალები

ასობით


თორნიკე ვაშაკიძის შესახებ

თორნიკე ვაშაკიძე “ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა საქართველოს ეროვნული ერთობის” ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და მეთაურის შემცვლელია.

;

აღნიშნული მოძრაობის წევრები 2018 წლის 12-13 მაისს ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ და მათ წინააღმდეგ რაზმეულების შექმნას აანონსებდნენ. საქართველოს ეროვნული ერთობის” ლიდერი იყო გიგა ჭელიძე, რომელთან ერთადაც თორნიკე ვაშაკიძე 2018 წლის 13 მაისის ძალადობრივ კონტრაქციაში მონაწილეობის გამო დაკითხვაზე იმყოფებოდა. გიგა ჭელიძე 2018 წლის აგვისტოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებისთვის დააკავეს.

;
ფოტოზე: თორნიკე ვაშაკიძე და გიგა ჭელიძე

თორნიკე ვაშაკიძე ამ ფაშისტური ორგანიზაციის ერთ-ერთ დანაყოფს “შავპერანგიანებს” ხელმძღვანელობდა. 2018 წლის 17 მაისს შსს-მ თორნიკე ვაშაკიძე “შავპერანგიანთა” “იდეოლოგიური მიმართულების მეთაურ” ირაკლი ღუტიძესთან ერთად წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა.  ის სურათებზე ფაშისტური სიმბოლოკით ჩნდება.

;;

;
ფოტოზე: თორნიკე ვაშაკიძე და ირაკლი ღუტიძე

თორნიკე ვაშაკიძე ფეისბუქ ჯგუფის “ქართული ნაციონალიზმი” ერთ-ერთი ადმინისტრატორია:

;

ჯგუფი “ქართული ნაციონალიზმი” 2021 წლის 24 თებერვალს შეიქმნა.

;

ჯგუფის კიდევ ერთი ადმინისტრატორის ლუკა ბაკურაძის განმარტებით, ჯგუფი ამავე სახელწოდების ახლადშექმნილი ახალგაზრდული ნაციონალისტური გაერთიანების ნაწილს წარმოადგნენს. “

თორნიკე ვაშაკიძე აქტიურად უჭერს მხარს 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ჯგუფური ძალადობის ფაქტებში მონაწილე ადამიანებს, მათ შორის  TV Pirveli-ის გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმაში ბრალდებულ დავით კუტალაძეს, ასევე აზიარებს სურათს 5 ივლისის კონტრაქციის ერთ-ერთ მონაწილე ენრი ონიანთან ერთად.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist