ვინ არის იური როშკა და რის სანაცვლოდ მიიღო საქართველომ ვიზალიბერალიზაცია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

405
VIEWS

11 ივლისს ფეისბუქ გვერდმა “!!მნიშვნელოვანი!!”, ხოლო 14 ივლისს, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის (დეკანოზ შალვა კეკელიას სამრევლო) ფეისბუქ გვერდმა “ქართული ძალის” მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული ვიდეო გააზიარეს. პოსტში მითითებულია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მოლდოვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა. სიუჟეტში იური როშკა მოხსენიებულია, როგორც მოლდოვის რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ხოლო გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ როშკას თანახმად, საქართველომ და მოლდოვამ ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია გეი ქორწინების დაკანონების ვალდებულების სანაცვლოდ მიიღო.

 

“იური როშკამ, მოლდავეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, იპოვა საკუთარ თავში ძალა იმისა, რომ წინ აღდგომოდა მამათმავლების ლობის თავის ქვეყანაში. დასავლეთის ემისრებისთვის ის ახლა განდგომილია”. – ნათქვამია ვიდეოში.

;;
პოსტში გავრცელებული მტკიცება, თითქოს საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების ვალდებულების აღების სანაცვლოდ მიიღო, მცდარია. ვიდეოში როშკა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე საუბრობს და არა ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე, რაც სხვადასხვა სამართლებრივი აქტებია. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ადამიანთა ყველა ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვას გულისხმობს, მათ შორის რელიგიური და არ შემოიფარგლება მხოლოდ სექსუალური იდენტობით. იური როშკა მოლდოვის პრემიერ-მინისტრი არასდროს ყოფილა. იგი მოლდოვის მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტს 2009 წელს, 4 თვით იკავებდა. 

მოლდოვამ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 2014 წლის გაზაფხულზე მიიღო. ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების ვალდებულებას არ ითვალისწინებს. ასევე მსგავს ვალდებულებას არ ითვალისწინებდა VLAP (სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა), რომელიც საქართველომ 2013 წლის თებერვალში მიიღო.

ანტიდისკრიმინაციული კანონი

დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კანონი, რომელიც საქართველომ 2014 წელს მიიღო, (რასაც ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმებაც ითვალისწინებდა) მანიპულაციებისა და ყალბი ამბების გავრცელების საგანი ხშირად ხდება. კანონის მიზანი ქვეყანაში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფაა. კანონი არა მარტო სექსუალურ იდენტობის, არამედ ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის რელიგიური, ეთნიკური, ადამიანების დისკრიმინაციის დაცვის განარტიებს მოიცავს.

იური როშკა

ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის ლიდერი (1994-2011 წლებში) იური როშკა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა. იგი უსაფრთოების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტს 4 თვე, 2009 წლის ივნისიდან-სექტემბრამდე, ახალი მთავრობის ფორმირებამდე იკავებდა. როშკა ვიდეოში იმასთან დაკავშირებით საუბრობს, რომ ვიზალიბერალიზაცია ქვეყანამ ანტიდისკრიმინაციული კანონის სანაცვლოდ მიიღო, საქართველო ან ერთნაირსქესიანთა ქორწინება მას ვიდეოში არ უხსენებია. როშკა აღნიშნავს, რომ ანტიდისკრიმინაციული იგივე თანაბარი შესაძლებლობების კანონის თანახმად, დამსაქმებელს უფლება არ აქვს უარი უთხრას დასაქმებაზე ადამიანს იმ მიზეზით, რომ მას ე.წ. არატრადიციული ორიენტაცია აქვს.

გავრცელებული ვიდეო წარმოადგენს ნაწყვეტს არკადი მამონტოვის დოკუმენტური ფილმიდან “სოდომი”. მამონტოვი რუსი ჟურნალისტია, რომელსაც Россия 1-ზე საავტორო გადაცემა მიჰყავდა, ხოლო 2014 წლიდან დოკუმენტურ პროექტებზე მუშაობს. მამონტოვი პუტინის მხარდამჭერია, ის 2014 წელს უკრაინამ შეიყვანა იმ რუსი ჟურნალისტების სიაში, რომლებსაც უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს.

ვიზალიბერალიზაცია

2011 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო ფასილიტაციის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შენგენის ვიზის მიღება გამარტივდა, ხოლო დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა. ასევე ძალაში შევიდა უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება, რაც სავიზო რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების ევროპიდან სამშობლოში დაბრუნებას ითვალისწინებდა. აღნიშნული შეთანხმების შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხზე დიალოგი დაიწყო და 2013 წლის თებერვალში საქართველომ (VLAP) სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო.

VLAP-ის თანახმად, საქართველოში განხორციელდა სხვადასხვა საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმები. საზღვრის მართვისა და მიგრაციის მენეჯმენტის მიმართულებით (მაგ: დოკუმენტების უსაფრთხოება; საზღვრის მართვა, მიგრაციის მართვა, თავშესაფრის პოლიტიკა); ადამიანის უფლებების,საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მიმართულებით (მაგ: ორგანიზებული დანაშაულის კორუფციის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკების, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, სამართლებრივი თანამშრომლობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიღება და ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება; დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღება და მისი იმპლემენტაცია; შრომის ინსპექციის დეპარტამენტის შექმნა) და ა.შ.

2015 წლის 18 დეკემბერს, ევროკომისიის მიერ გამქოვეყნებული საბოლოო ანგარიშის მიხედვით, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP) შეასრულა, რაც შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის დაწესების საფუძველი გახდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, მოლდოვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist