ვინ არის ძმა ნათანაელი და რა კონსპირაციები ვრცელდება იუდაიზმზე?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

108
VIEWS

23 ივნისს 09:55-ზე ფეისბუქ მომხმარებელმა დათო სალუქვაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერაშიც ნათქვამია, რომ ყოფილი იუდეველი, ძმა ნათანაელი გოდების კედელზე და იქ მიმდინარე სატანისტურ რიტუალზე გვიყვება. ვიდეოში შემდეგი მტკიცებებია მოყვანილი:

  • ამერიკელი პოლიტიკოსების კარიერა გოდების კედელთან ებრაულ რიტუალზეა დამოკიდებული
  • გოდების კედელი სატანისტური რიტუალის ნაწილია
  • ებრაელები ლოცვის დროს თავიანთ ცრუ ღმერთ “შეხინასთან” სექსუალურ აქტს წარმართავენ.

1
ვიდეოს იდენტური აღწერით ავრცელებენ კონსპირაციული და ანტივაქსერული ფეისბუქ გვერდები: „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ და „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“. პოსტებზე ზოგიერთი ფეისბუქ მომხმარებელი აკომენტარებს, რომ ებრაელები სატანისტები არიან და ჰიტლერი მათთან მართალი იყო.

2
ამას გარდა, “ბოლო ჟამის ქრისტიანებმა” 25 ივნისს იუდაიზმთან დაკავშირებული სხვა პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც დავითის ექვსქიმიან ვარსკვლავთან ერთად მოცემულია შემდეგი ციტატა: „გახსოვდეთ ჩემო შვილებო, რომ მთელი დედამიწა ჩვენ ებრაელებს უნდა გვეკუთვნოდეს და რომ წარმართები, რომლებიც ცხოველთა უბრალო ექსკრემენტები არიან არაფერს უნდა ფლობდნენ“. აღნიშნულ ციტატას ფეისბუქ გვერდი გერმანელ ებრაელ ბანკირს მაიერ ამშელ როტშილდს მიაწერს.

3
ვიდეოში გავრცელებული განცხადებები ანტი-სემიტურ კონსპირაციებს შეიცავს და ებრაელების დემონიზებას ემსახურება. 1) “შეხინას” და ებრაელების ლოცვას არაფერი აქვს საერთო სატანისტურ რიტუალთან, ხოლო გოდების კედელთან მისვლა პატივისცემის გამოხატულებაა. 2) მაიერ როტშილდის ციტატა, თითქოს მან განაცხადა, რომ მთელი დედამიწა ებრალებს უნდა ეკუთვნოდეს, ღია წყაროებში არ იძებნება

ძმა ნათანაელის ანტი-სემიტური განცხადებები

ვიდეო ინტერნეტში 2013 წლიდან იძებნება. მასში მილტონ კაპნერი საუბრობს, რომელიც ცნობილია, როგორც ძმა ნათანაელი და ანტი-სემიტური ქადაგებებით გამოირჩევა. ის წარმოშობოთ ებრაელია, რომელმაც იუდაიზმზე უარი თქვა და ქრისტიანობა მიიღო. მას დაარსებული აქვს ორგანიზაცია Brother Nathanael Foundation, რომელიც ქრისტიანობისა და ქრისტიანული ინსტიტუციების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ძმა ნათანაელი თვლის, რომ იუდაიზმი სიკვდილის რელიგიაა და ისრაელში უდანაშაულო არაბებს კლავენ.

ამერიკელი პოლიტიკოსების გოდების კედელთან მისვლას არაფერი აქვს საერთო სატანისტურ რიტუალთან, ხოლო მტკიცება, თითქოს პოლიტიკოსები “მხეცის ნიშანს” იღებენ, რათა ებრაელთა მხარდაჭერა დაიმსახურონ, კონსპირაციულია. აღნიშნული რიტუალი ამერიკელი პოლიტიკოსების კარიერასთან არანაირ კავშირშია, ებრაული კულტურის მიმართ პატივისცემას, არამხოლოდ ამერიკელები, არამედ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებიც მსგავსად გამოხატავენ, რადგან ეს ტრადიციის ნაწილია. ებრაული რელიგიური ტრადიციის თანახმად, მათ საპატიო სტუმარი მიჰყავთ გოდების კედელთან, რადგან ის ებრაელებისთვის სიწმინდეს წარმოადგენს.

სიცრუეა ძმა ნათანაელის განცხადება, რომ რაბინები თავიანთ მენჯებსა და სასქესო ორგანოებს ამოძრავებენ ლოცვისას და ამით თავიანთ ცრუღმერთ “შეხინასთან” სექსუალურ აქტს ახორციელებენ. Შეხინა ებრაულ თეოლოგიაში მსოფლიოში ღმერთის არსებობას აღნიშნავს. Ტერმინი პირველად გამოიყენეს არამეულ წყაროებში, ძველი აღთქმის არამეულ ინტერპრეტაციულ თარგმანებში, რომელიც ტარგუმების სახელით არის ცნობილი. ტარგუმებში იგი გამოიყენება “ღმერთის” შემცვლელად ისეთ მონაკვეთებში, სადაც ორიგინალი ებრაული ანთროპომორფიზმი შესაძლოა, შეცდომაში შემყვანი ყოფილიყო. ბევრ მონაკვეთში შეხინა მოხსენიებულია, როგორც ღვთიური სახელის პატივსაცემი ფორმა.

Რაც შეეხება ლოცვის დროს რხევას, 35:10 ფსალმუნში გადმოცემულია შემდეგი სიტყვები: “All my bones shall say: ‘HaShem, who is like unto Thee”, რომელიც განიმარტება, როგორც მიმართვა, რომ მთელი სხეული უნდა ჩაერთოს ლოცვის პროცესში. Კიდევ ერთი განმარტებით, აღნიშნული მოძრაობა რიტმული გამოხატულებაა, რომელიც ლოცვაზე კონცენტრაციას და ყურადღების გადამტანი ფიქრების თავიდან მოშორებას უწყობს ხელს. Მისტიკური სწავლების “ზოჰარის” თანახმად, ადამიანის სული ღვთიური სინათლისგან მომდინარეობს. Ყოველთვის, როდესაც ებრაელი კითხულობს თორას, ნათდება მისი სული, რის გამოც იგი სანთლის ალივით მოძრაობს.

“მითების დეტექტორი” ლოცვის პროცესთან დაკავშირებით კომენტარისთვის “საქართველოს ებრაელთა კავშირის” წევრს და რაბინს ბენსიონ ისრაელაშვილს დაუკავშირდა. Მან ლოცვისას ფიზიკური გამოხატულება მუსიკის მოსმენის დროს ადამიანის შეგრძნებებს  შეადარა და აღნიშნა, რომ ეს ბუნებრივი და სრულიად აუცილებელი მოთხოვნაა.

ასევე, იგი დასძენს, რომ ლოცვის დროს ებრაელების მოძრაობას კიდევ უფრო ღრმა რელიგიური დატვირთვა აქვს.

“სოლომონ მღვდელი ბრძანებს, რომ ადამიანის სული გამჩენის სანთელია. Როდესაც სანთელი ანთია ის მუდამ მოძრაობს, შესაბამისად, ადამიანი ლოცვის დროს იმყოფება სულიერ განცდებში, რაც აღნიშნული მოძრაობების დასტურია.” – ამბობს ბესარიონ ისრაელაშვილი.

მსგავსი მცდარი განცხადებები, რაც ძმა ნათანაელის ვიდეოშია გაჟღერებული, ემსახურება მსოფლიოში კარგად გავრცელებულ ანტი-სემიტურ კონსპირაციებს. ანტისემიტიზმის ვერბალური და ფიზიკური გამოვლინებები მიემართება ებრაელებს, მათ ქონებას, ებრაულ ორგანიზაციებსა და რელიგიურ დაწესებულებებს. თეოლოგების განმარტებით საეკლესიო ანტისემიტიზმიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოვლენაა. ებრაული ერის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას საფუძვლად ედო არგუმენტი, რომ ებრაელები დამნაშვეები არიან ქრისტეს მკვლელობაში.

„ამ საეკლესიო ცნობიერებაში მასონებიც აღიქმება ებრაულ ძალად“, – ამბობს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი რადიო თავისუფლებასთან კომენტარში. ის ასევე აღნიშნავს, რომ კონსპირაციული თეორიების თანახმად, „საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა გაერო, ევროკავშირი, და ა.შ., ანტიქრისტეს სტრუქტურებია და ყველაფერს მართავენ ფარულ შეთქმულებაში მყოფი სიონისტები“.

კონსპირაციები როტშილდებზე

4

ღია წყაროებში მაიერ ამშელ როტშილდის ნათქვამი მსგავსი ციტატა არ იძებნება. ანტისემიტური კონსპირაციებს როტშილდებს ხშირად უკავშირებენ, თუ საიდან მოდის ეს კონსპირაციები, ამასთან დაკავშირებით გამოცემა britannica.com წერს. Როტშილდების ოჯახი ყველაზე ცნობილი ევროპული საბანკო დინასტიაა, რომლის სიმდიდრესა და მზარდ ძალაუფლებაზე  კონსპირაციები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო. შეთქმულების თეორიტიკოსების აზრით, როტშილდები არსებულ ფულსა და ძალაუფლებას  გლობალური ფინანსური ინსტიტუტების გასაკონტროლებლად იყენებდნენ. 1846 წლის ევროპის ერთ-ერთი პოლიტიკური ბროშურა როტშილდების გამდიდრების ისტორიას გვიყვება. ბროშურის თანახმად როტშილდებმა ქონება 1815 წელს ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონის დამარცხებით დააგროვეს. ნატან როტშილდი ვატერლოოსთან იმყოფებოდა და ბრძოლას აკვირდებოდა, როგორც კი შეატყო, რომ ნაპოლეონის არმია მოწინააღმდეგესთან წააგებდა, ის მაშინვე ლონდონში გაემგზავრა და როტშილდის ბანკის ლონდონურმა ფილიალმა ბრძოლის შედეგები ინგლისის მთავრობაზე უფრო ადრე შეიტყო და ცოდნა საფონდო ბირჟაზე გამოიყენა.

აღნიშნული ბროშურა ევროპაში სწრაფად გავრცელდა და სინამდვილეში იგი ყალბი აღმოჩნდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 1815 წლის 18 ივნისს ნათან როტშილდი  ვატერლოოს საბრძოლო არეალში არ იმყოფებოდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist