ვინ “ამხილა” ფაუჩი და რატომ არ გადააქვთ შიდსის ვირუსი კოღოებს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ვინ “ამხილა” ფაუჩი და რატომ არ გადააქვთ შიდსის ვირუსი კოღოებს?
7
VIEWS

11 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა მიქელა გიორგაძე გამოაქვეყნა ზვიად გოგიაშვილის ლაივ მიმართვა, სადაც გოგიაშვილი კორონავირუსის პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით საუბრობს. გოგიაშვილი მიმართვაში რამდენიმე თემას ეხება:

  • აშშ-ში შიდსის მართვის დროს ენტონი ფაუჩის ქმედებების შედეგად მილიონობით ადამიანი დაიღუპა და ეს ჯუდი მაიკოვიჩმა ამხილა;
  • საეჭვოა, რომ შიდსის ვირუსის გადაცემაში სისხლისმწოველი კოღოები არ მონაწილეობდნენ.
  • აცრილები და აუცრელები ვირუსს ერთნაირად ავრცელებენ და აცრას აზრი არ აქვს.
  • ვიდეოში საუბარია Gain of Function-ის კვლევების შედეგად ახალი ტიპის კორონავირუსის 22 000 ხელოვნური შტამის არსებობის შესახებაც.

1
ზვიად გოგიაშვილის მიმართვა 2 მანიპულაციასა და 2 დეზინფორმაციას შეიცავს. 1. კოღოს HIV-ის ადამიანისთვის გადაცემა არ შეუძლია; 2. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ფაუჩის მიერ შიდსის მართვამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა; 3. აცრილი ვირუსს ავრცელებს, მაგრამ აუცრელთან შედარებით ნაკლებად, რადგან ავადობის ხანგრძლივობა ნაკლებია. 4. ამ დროისთვის მეცნიერებისთვის კორონავირუსის არა 22 000, არამედ 20-მდე ახალი შტამია ცნობილი.

  • რატომ არ ავრცელებს კოღო HIV ვირუსს?

ვიდეოს დასაწყისში გოგიაშვილი აღნიშნავს, რომ საეჭვოა შიდსის გამომწვევი ვირუსი კოღოებს არ გადაჰქონდეთ. რეალურად, კოღოს HIV-ის ადამიანისთვის გადაცემა ვირუსის სპეციფიკიდან გამომდინარე არ შეუძლია. ადამაინის ორგანიზმში მოხვედრილ შიდსის გამომწვევ HIV ვირუსს გასამრავლებლად ადამიანის T უჯრედები სჭირდება, კოღოებს კი ეს უჯრედები არ აქვთ, ამიტომ მათ სხეულში ინფიცირებული ადამიანის სისხლის გამოწოვის საშუალებით მოხვედრილი გაუმრავლებელი HIV ვირუსი საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ იშლება. მალარიის გამომწვევი ერთუჯრედიანი პარაზიტების გასამრავლებლად T უჯრედები საჭირო არ არის და ამიტომ ისინი კოღოს სხეულში გამრავლებას, კოღოს ნერწყვში მოხვედრასა და შემდეგ კბენის დროს ადამიანის სხეულში გადასვლას ახერხებენ.  ხოლო კოღოს სხეულიდან HIV ვირუსი შემდეგ კბენამდე იდევნება, რის გამოც კბენისას ადამიანის სხეულში კოღოდან შესულ ნერწყვის ნაკადში ვეღარ ხვდება.

  • რა საფუძველი აქვს ფაუჩის მიმართ ბრალდებებს?

ჯუდი მაიკოვიჩი მეცნიერია, რომელიც Covid-19-ის პანდემიის დროს აშშ-სა და მთელს მსოფლიოში მრავალი კონსპირაციისა და დეზინფორმაციის წყარო გახდა, მათ შორის მაიკოვიჩი ამტკიცებდა, რომ იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც შიდსის გამომწვევი HIV-ის ვირუსის იზოლირება მოახდინა, თუმცა ფაუჩიმ მათი კვლევის დადასტურების პროცესი გააჭიანურა, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცლე იმსხვერპლა.

რეალურად, HIV-ის აღმოჩენის პერიოდში მაიკოვიჩი კიბოს ეროვნულ ინსტიტუტში (NCI) ფრანცის რუსკეტის ლაბორატორიის ტექნიკოსი იყო და დოქტორის ხარისხი მიღებული არ ჰქონდა,  არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ის იმ მეცნიერთა გუნდშიც ირიცხებოდა, რომლებმაც პირველად ვირუსის იზოლირება მოახერხეს. ამასთანავე, მაიკოვიჩის პირველი სტატია HIV-ის შესახებ 1986 წელს, ვირუსის იზოლირებიდან 2 წლის შემდეგ გამოქვეყნდა, ხოლო მისი ხელმძღვანელი დოქტორი რუსკეტის სტატია იქამდე ერთი წლით ადრე. ფაუჩის მიერ მათი გამოქვეყნების პროცესის გაჭიანურებისა და შედეგად მილიონობით ადამიანის დაღუპვის ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვება, გარდა თავად მაიკოვიჩის დაუსაბუთებელი მტკიცებისა.

  • ვინ არის ჯუდი მაიკოვიჩი?

საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჯუდი მაიკოვიჩი პირველად 2009 წელს არა HIV-სთან დაკავშირებული კვლევით, არამედ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის (CFS) გამომწვევი მიზეზის დადგენის შესახებ კვლევით მოექცა. მაიკოვიჩი ამ დროს ნევადის ერთ-ერთ კერძო კვლევით ცენტრში უიტმორ პეტერსონის ინსტიტუტში (WPI) ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. WPI ცოლ-ქმრმა  დაარსა, მათი ქალიშვილი ქრონიკული დაღლილობის სინდრომით იტანჯებოდა, სწორედ ცოლ-ქმარი აფინანსებდა CSF-ის კვლევას. სამეცნიერო წრეში იქამდე არსებული მოსაზრებით აღნიშნული სინდრომი ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან იყო კავშირში, თუმცა მაიკოვიჩი თავის 2009 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ამტკიცებდა, რომ CFS-ს თაგვების ლეიკემიის ვირუსებთან დაკავშირებული, ახლადაღმოჩენილი ადამიანის რეტროვირუსი XMRV იწვევდა.  მაიკოვიჩის კვლევის შედეგების განმეორება და შესაბამისად, მისი ვალიდურობის დადასტურება 2 წლის განმავლობაში ვერც ერთმა სხვა ლაბორატორიამ ვერ შეძლო. მეტიც, აღმოჩნდა, რომ მაიკოვიჩმა კვლევის შედეგები შეგნებულად გააყალბა. მაიკოვიჩი WPI-დან გაათავისუფლეს, 2011 წელს კი კვლევის მონაცემების მოპარვისთვის და  დამალვისთვის დააკავეს, თუმცა დოკუმენტაციის დაბრუნების შემდეგ გაათავისუფლეს.

მას შემდეგ მაიკოვიჩმა პოპულარობა ფილმში “პლანდემია/Plandemic” მონაწილეობით მოიპოვა, სადაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით მილიონობით ადამიანის სიკვდილის, წინასწარ დაგეგმილი პანდემიისა და პირბადეებით ვირუსის აქტივაციის შესახებ ყალბი და კონსპირაციული მტკიცებები გააჟღერა.

Plandemic-ის შესახებ დამატებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

გოგიაშვილის მტკიცებით, ვინაიდან CDC-მ განაცხადა, რომ დელტა ვარიანტს აცრილები და აუცრელები ერთნაირად ავრცელებენ, აცრას აზრი არ აქვს. ამ თემასთან დაკავშირებით “მითების დეტექტორი” ექიმ არჩილ მარშანიას ესაუბრა. მისი განმარტებით, აცრილი ადამიანი ვირუსს ავრცელებს, მაგრამ აუცრელთან შედარებით ნაკლებად, რადგან ავადობის ხანგრძლივობა ნაკლებია, ასევე ვაქცინირებულს ვირუსი უფრო ნაკლებადაც ხვდება, ვაქცინით მიღებული დაცვის გამო.

ვრცლად ამ და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” ინტერვიუ არჩილ მარშანიასთან:

 

  • რამდენი შტამია ცნობილი ამ ეტაპზე მეცნიერებისთვის?

ზვიად გოგიაშვილის მტკიცებით, კორონავირუსის 22 000 ახალი და განსხვავებული ფუნქციების შტამია გამოყვანილი, რაც შეძენილი ფუნქციის (Gain of Function) კვლევას უკავშირდება. რეალურად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, ამჟამად შეშფოთების საფუძვლის მქონე (Variants of Concern) კორონავირუსის 4 ვარიანტი ცირკულირებს. დამატებით 4 შტამი ინტერესის საგანია (Variants of Interest).  სავარაუდო 11 ვარიანტს კი მეცნიერები აკვირდებიან, თუმცა შესაძლოა, ბევრი მათგანი მონიტორინგის პროცესშივე გამოირიცხოს.

რაც შეეხება შეძენილი ფუნქციის (Gain of Function) კვლევებს, მათ სხვადასხვა ლაბორატორიაში ვირუსების პოტენციური რისკების, დაავადებასთან ბრძოლის ტექნიკების და ახალი მკურნალობის მეთოდების შესასწავლად ატარებენ. ისინი ეთიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით საკამათოა და ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ Covid-19-ის ან მისი ახალი ვარიანტების წარმოშობა ამ ტიპის კვლევებს უკავშირდება.

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist