ვინ აკავშირებს ჩიპიზაციას 7 ნოემბერზე მომზადებულ РЕН ТВ-ის ფილმთან?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

57
VIEWS

28 აგვისტოს ფეისბუკ მომხმარებლის, ვამეხ ფუსდანის პირად გვერდზე გამოქვეყნდა რუსული არხის, РЕН ТВ-ის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის დემონსტაციის დაშლას შეეხებოდა. თანმხლები ტექსტით პოსტის ავტორი  ვიდეოს ჩიპიზაციას უკავშირებს და წერს, რომ “რადიო სიხშირეების ზემოქმედება ჩიპირებულ ადამიანზე ბევრად ძლიერი იქნება!” თავად რუსული არხის მიერ მომზადებული ვიდეო კი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ დემონსტრანტების დასაშლელად არა მხოლოდ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები, არამედ ამერიკული აკუსტიკური იარაღი LRAD გამოიყენა, მანამდე ავღანეთსა და ერაყში იყო გამოცდილი. ფილმში ასევე ნათქვამია, რომ მოწყობილობა მძლავრ ბგერით იმპულსებს გადმოსცემს, რომელიც ყურების ტკივილს, აუხსნელი შიშის გრძნობასა და პანიკას იწვევს და უფრო მეტიც, ტანკის ჯავშანსაც კი ხვრეტს. დოკუმენტურ ფილმში ერთმანეთს შედარებულია რუსული და ამერიკული აკუსტიკური იარაღებიც, რომელთა შორისაც, ავტორის მტკიცებით, განსხვავება ისაა, რომ  ამერიკული იარაღი მოქმედებს არა მარტო დაფის აპკზე, არამედ ადამიანის ფსიქიკაზეც.

 

2007 წლის ნოემბერში რუსულ მედიაში ინფორმაცია დემონსტრაციის შესახებ შემდეგი სათაურით გამოჩნდა: “თბილისში დემონსტრანტებზე აშშ-მ ახალი ფსიქოტრონული იარაღი  გამოსცადა.”
"
პოსტის ავტორის მიერ რუსულ ვიდეოზე დაყრდნობით LRAD ტექნოლოგიის ჩიპიზაციასთან დაკავშირება კონსპირაციაა, ხოლო თავად ფილმი მანიპულაციურია და დაუსაბუთებელ მტკიცებებს შეიცავს. LRAD აკუსტიკური მოწყობილობების აქციების დასაშლელად გამოყენება აპრობირებული პრაქტიკაა, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი მისი გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხმოვანი და ლაზერული იარაღი 2018 წელს რუსეთის ეროვნულმა გვარდიამაც შეიძინა.

აკუსტიკური მოწყობილობები პოლიციელების მიერ მშვიდობისა და წესრიგის შესანარჩუნებლად გამოიყენება და აქციებზე საპროტესტო ტალღის მართვას მძიმე დაზიანების და მსხვერპლის გარეშე უზრუნველყოფს.

2009 წელს ქალაქ პიტსბურგში, პენსილვანიის პოლიციამ გამოიყენა მოწყობილობა LRAD  G20 სამიტის საწინააღმდეგო პროტესტზე გამოსული დემონსტრანტების მოსაგერიებლად.

ღონისძიების ამსახველი ვიდეოდან ჩანს, რომ დემონსტრანტები ყურებს იფარავენ და უკან იხევენ, რადგან სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული LRAD, რომელიც სატელიტურს თეფშს წააგავს, მანქანის სიგნალის მსგავს ძლიერ ხმაურს გამოსცემს.

ამ ეტაპზე აკუსტიკურ იარაღს 20-ზე მეტი ქვეყანა იყენებს, მაგალითად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა LRAD ტექნოლოგია პალესტინის საპროტესტო აქციების დასაშლელად, იაპონურმა ხომალდებმა და რამდენიმე სხვა საკრუიზო გემმა   LRAD მეკობრეების წინააღმდეგ ინდოეთის ოკეანეში გამოიყენეს.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის,  Human Rights Watch-ის 2007 წლის ანგარიშის მიხედვით, რუსთაველის გამზირზე ოპერაციის დროს, სამართალდამცავმა ორგანოებმა გრძელი დიაპაზონის აკუსტიკური მოწყობილობები (LRAD) გამოიყენეს. რუსთაველის გამზირზე ამ მოწყობილობებით აღჭურვილი ორი პიკაპი მოძრაობდა. თუმცა, ანგარიშში, რომელიც აქციაზე ძალის გადამეტებას შეეხებოდა, უშუალოდ (LRAD) გამოიყენების ლეგიტიმურობაზე არაფერი წერია.

LRAD სისტემებს სამართალდამცავი, სამთავრობო და თავდაცვის სააგენტოები, ასევე საზღვაო და კომერციული უსაფრთხოების კომპანიები დისტანციურად ხმოვანი შეტყობინებებისა და გაფრთხილებების გასავრცელებლად იყენებენ. LRAD სისტემები აეროპორტის ასაფრენი ბილიკებიდან, ბირთვული ენერგიის ობიექტებიდან, გაზისა და ნავთობის პლატფორმებიდან, სამთო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან და სამრეწველო ქარხნებიდან  ფრინველებისა და ცხოველების დასაფრთხობად გამოიყენება.

LRAD მოწყობილობას აქვს უკიდურესად მაღალი დეციბელის სიმძლავრე და გამოიყენება როგორც ნაკლებად ლეტალური იარაღი ხალხის მასის კონტროლისთვის.
ამ ეტაპზე სამედიცინო ლიტერატურა ადამიანებზე აკუსტიკური იარაღის ზემოქმედების შედეგების შესახებ არ არსებობს. 1990-2015 წლებში გამოვლინდა სმენის დაქვეითებისა და გახანგრძლივებული ყურის ტკივილის შემთხვევები, თუმცა მოწყობილობის მიერ გამოწვეული ეფექტების შესახებ ავტორიტეტული სამეცნიერო კვლევა ჯერ ხელმისაწვდომი არ არის.

ტექნოლოგია LRAD მსოფლიოს 60 ქვეყანაში გაიყიდა, მათ შორის აზერბაიჯანში, პოლონეთსა და საქართველოში. LRAD-ის ფასი 5,000 აშშ დოლარიდან იწყება და ყველაზე ძვირადღირებული მოდელის ფასი 100 000 -დან 190 000-მდე  დოლარს შეადგენს.

მსგავსი იარაღი რუსეთის პოლიციის აღჭურვილობაშიც შედის. 2018 წელს რუსეთის ეროვნულმა გვარდიამ, რომელიც ანტი-სამთავრობო პროტესტის ჩასახშობად გამოიყენება ხოლმე, 65.2 მილიონ რუბლად ($995,250) 2 მანქანა შეიძინა, რომლებიც ლაზერული და აკუსტიკური იარაღით არის აღჭურვილი.

მსოფლიოში LRAD ტექნოლოგიის გამოყენება ახალი არაა, მაგალითად, 2005 წელს სომალის სანაპიროსთან მეკობრეებმა საკრუიზო საოკეანო ლაინერის გატაცება სცადეს, თუმცა გემის ეკიპაჟმა მათ წინააღმდეგ სწორედ ეს აკუსტიკური იარაღი გამოიყენა. მიმართული ხმოვანი ტალღების ზემოქმედების შედეგად მეკობრეებმა ლაინერს თავი დაანებეს და გაიქცნენ.

აქციების დასაშლელად მსგავსი იარაღის გამოყენების მიზანშეწონილობა საკამათოდ რჩება. მაგალითად, აშშ-ში, სადაც ხმოვანი იარაღი წარსულში არაერთი აქციის დასაშლელად გამოუყენებიათ, 2014 წელს ნიუ-იორკში აქციის დასაშლელად LRAD-ის გამოყენების გამო ნიუ-იორკის პოლიციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომლის მიზანს დაზარალებულთა კომპენსაცია და შემდგომ შესწავლამდე და პერსონალის დატრენინგებამდე აქციების დაშლაში მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენების შეზღუდვა წარმოადგენდა. 2021 წელს ნიუ-იორკის წარმომადგენლობა დაზარალებულებისათვის 748 000 აშშ დოლარის გადახდაზე დათანხმდა და ასევე შეცვალა LRAD-ის გამოყენების პრაქტიკა, კერძოდ კი შემუშავდა წერილობითი ისტრუქციები და აიკრძალა მძლავრი ე.წ. “შემაფერხებელი ტონის” გამოყენება. აშშ-ს სამოქალაქო თავისუფლების კავშირის (ACLU) რეკომენდაციის მიხედვით, სასურველია იარაღის მოქმედების ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი ზეგავლენის შესახებ შესაბამისი კვლევების არსებობამდე მისი გამოყენება შეჩერდეს. ორგანიზაციის “ექიმები ადამიანის უფლებებისათვის” მიერ მომზადებულ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ აკუსტიკური იარაღის ეფექტებზე სამედიცინო ლიტერატურა მწირია და კვლავ რჩება სერიოზული კითხვები იმის თაობაზე, რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია მსგავსი იარაღი ხალხი მასის კონტროლისას.

გახვრეტს თუ არა LRAD ტექნოლოგია ტანკის ჯავშანს?

რუსულ ვიდეოში ნათქვამია, რომ  ამერიკული იარაღი ინფრაბგერების საშუალებით შინაგანი ორგანოების რეზონანსს იწვევს, რამაც გულის დაავადება, აუტანელი თავის ტკივილი და ჰალუცინაციები შეიძლება გამოიწვიოს. LRAD ტექნოლოგიის ბგერის სიხშირე 2500 ჰერცია, რაც ყურისთვის აღქმადი ბგერაა და არც ინფრა და არც ულტრაბგერას არ წარმოადგენს. ადამიანის სმენის ორგანო ისეთ მექანიკურ რხევებს აღიქვამს, რომელთა სიხშირეც 17-დან 20 ათას ჰერცამდე ინტერვალშია. ასეთ რხევებს ბგერით ანუ აკუსტიკურ რხევებს უწოდებენ. ინფრაბგერა 15-20 ჰერცზე ნაკლები სიხშირისაა, ულტრაბგერის სიხშირე კი 20 000 ჰერცზე მეტია.

უკიდურესად მაღალი სიმძლავრის ხმოვანმა ტალღებმა შეიძლება დააზიანოს დაფის აპკი, გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი ან დეზორიენტაცია. ნაკლებად ძლიერმა ხმოვანმა ტალღებმა შეიძლება ადამიანებში გულისრევა ან დისკომფორტი გამოიწვიოს.

LRAD ტექნოლოგიების ბგერის სიძლიერე, მოდელის მონაცემებიდან გამომდინარე განსხვავდება და 137-დან 162 დეციბალამდე აღწევს. შედარებისთვის, სასწრაფო დახმარების მანქანების სიგნალი 110-დან 129 დეციბალამდე მერყეობს, ხოლო სახანძრო მანქანის ხმამაღლობამ შესაძლოა 160 დეციბალს მიაღწიოს.

შესაბამისად, მტკიცება, რომლის მიხედვითაც, აკუსტიკურ იარაღ LRAD-ს ტანკის 500-600 მილიმეტრიანი ფოლადის ან სხვა მყარი მატერიისგან დამზადებული ჯავშნის გახვრეტა შეუძლია, სიმართლეს არ წარმოადგენს.

LRAD ტექნოლოგიის ჩიპიზაციასა და 5 G ტექნოლოგიასთან დაკავშირება კონსპირაციაა

ვაქცინაციის საშუალებით ჩიპების ინტეგრაციის შესახებ ინფორმაცია კონსპირაციის თეორიაა, რომელიც აქტიურად ვრცელდება ქართულ საინფორმაციო საშუალებებსა და ფეისბუკის გვერდებზე. კორონავირუსის პანდემიის ფონზე შეთქმულების თეორიები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასა და 5G ტექნოლოგიაზე სპეკულირებენ.

ვაქცინაციისას ჩიპების ინტეგრაციის შესახებ გავრცელებული კონსპირაცია არაერთმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ შეისწავლა. როიტერის მიხედვით, მიკროჩიპებსა და ბილ გეიტსზე გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მაიკროსოფტის დამფუძნებლის TED-ის გამოსვლასა და Reddit-ზე მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ეყრდნობოდა, სადაც მან კოვიდ-19-ის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა. ამის შემდეგ გეიტსის განცხადებები სხვადასხვა პლატფორმაზე მანიპულაციურად გაშუქდა. (Xanax) სპეკულაციები და კონსპირაციები შეკითხვაზე, “რა უნდა მოიმოქმედოს ბიზნესმა ეკონომიკის დასახმარებლად სოციალური დისტანცირების საჭიროების განმავლობაში?” გაცემულ პასუხს მოჰყვა, სადაც გეიტსმა ციფრული სერტიფიკატები ახსენა, თუმცა მიერ ნახსენები “ციფრული სერტიფიკატი” მიკროჩიპების იმპლანტირების კონსპირაციასთან კავშირში არ არის და გეიტსი ღია პლატფორმის ქონას გულისხმობდა, რომელიც მიზნად ინფორმაციაზე გაფართოებულ წვდომას ისახავს.
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ გარკვეულმა ჯგუფებმა ვირუსთან 5C ტექნოლოგიის დაკავშირება დაიწყეს. გაჩნდა მოსაზრება, რომ 5G ქსელი, ვირუსის გავრცელების პარალელურად, ადამიანის იმუნური სისტემის დაზიანებას იწვევს და ამის გამო ადგილი აქვს კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ გართულებებს, რაც სიკვდილიანობას ზრდის.

ჯანდაცვის სფეროს მუშაკები და სხვადასხვა სფეროს მეცნიერები ამ მითის გაბათილებას იმთავითვე ცდილობდნენ  და ამბობდნენ, რომ ეს არის “ყველაზე ცუდი ტიპის ყალბი ამბავი”, რომ 5G ქსელს კორონავირუსის გავრცელებაზე არავითარი გავლენა არ აქვს,  რომ 5G ქსელით ისეთი ტალღების გავრცელება ხდება, რომელიც ადამიანისთვის საფრთხის შემცველი არაა.

ჩიპიზაციისა და 5G ტექნოლოგიის შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები :

ვამეხ ფუსდანი

ფეისბუქ-პროფილმა “ვამეხ ფუსდანი” მანიპულაციური ვიდეო წარსულშიც გაავრცელა. ვიდეო ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს იტალიის არმიამ ევროკავშირის დროშა საკუთარი შტაბ-ბინიდან გადმოაგდო. ვამეხ ფუსდანი ასევე  Ria Novosti-ს, Russia Today-ს ვიდეოებსაც აქვეყნებს, რომლებშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს ევროკავშირის დროშას წვავენ, ხსნიან და ანადგურებენ. ეს ტენდენცია მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც 5 და 6 ივლისს პარლამენტის წინ “ღირსების მარშის” მოწინააღმდეგე ძალადობრივმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშა 5 ივლისს ჯერ ჩამოხსნეს, 6 ივლისს კი დაწვეს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist