30 ივლისს სოციალურ ქსელში ორი ვიდეო გავრცელდა, ორივე შემთხვევაში თემა პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია და უკმაყოფილო ქრისტიანების პროტესტია.
პირველი ვიდეო ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშებზე (1, 2), e-news.su-ზე, ასევე ტელეგრამ-არხზე გავრცელდა. კადრებში ქუჩაში შეკრებილი ხალხი ჩანს, რომლებიც ანთებული ნათურებით “ავე მარიას” ასრულებენ. პოსტის ავტორები წერენ, რომ ეს პარიზში ხდება და ამ გამოსვლით ხალხმა ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ქრისტიანობის დაცინვის გამო ქვეყნის „გაწმენდა“ გადაწყვიტა. ვიდეო რუსმა პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმაც გაავრცელა.
იგივე შინაარსის აღწერით მეორე ვიდეოც გავრცელდა, სადაც ეიფელის კოშკის ირგვლივ შეკრებილი ხალხი ჩანს. ვიდეოში ასევე ჩანს ბანერი ფრანგულენოვანი წარწერით: “იესო, მიყვარხარ”. აღნიშნული ვიდეო მედიაჰოლდინგმა “კვირამაც” გაავრცელა.
ორივე ვიდეო ძველია და პარიზის ოლიმპიადის გახსნამდეა გადაღებული. პირველი ვიდეო ინტერნეტში 2022 წლიდან იძებნება და ქალაქ ლურდში ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის აღნიშვნას ეხება, მეორე ვიდეო კი 2024 წლის 25 მაისს არის გამოქვეყნებული და იესოს თაყვანისცემის მარშს ასახავს.
პირველი ვიდეო – შეკრებილი ხალხი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს
პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისს გაიხსნა. აღნიშნული ვიდეო კი 2022 წლიდან იძებნება და ლურდში, საფრანგეთშია გადაღებული. ყველაზე ძველი ვერსია 15 აგვისტოს არის ატვირთული. აღწერის მიხედვით, შეკრებილი ხალხი ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს.
გილოცავთ მიძინების დღესასწაულს ყველას ლურდესიდან ლამაზი გალობით “ავე მარია”- ვკითხულობთ აღწერაში.
15 აგვისტო კათოლიკური დღესასწაულია. წმ. ქალწულ მარიამის მიცვალება სასუფეველში, მოკლედ – მიძინება, რომის კათოლიკური ეკლესიის, აღმოსავლეთ მართლმადიდებლური და ნაწილობრივ ანგლიკანური ეკლესიის ქრისტიანული გადმოცემის თანახმად, ნიშნავს ქალწულ მარიამის ხორციელად აღყვანებას სასუფეველში, მისი მიწიერი სიცოცხლის დასრულების შემდეგ.
აღნიშნული ვიდეო 2022 წლის 15 აგვისტოს ლურდის ღვთისმშობლის ტაძრის ოფიციალურმა X გვერდმაც გამოაქვეყნა.
მეორე ვიდეო: ეიფელის კოშკის ირგვლივ შეკრებილი ხალხის ვიდეო 25 მაისს არის გადაღებული
მეორე ვიდეოში იმ ანგარიშის სახელი – jeanluctrachsel.ministries ჩანს, საიდანაც ვიდეო არის აღებული. ინსტაგრამ-ანგარიშზე jeanluctrachsel.ministries ვიდეო 25 მაისს გამოქვეყნდა, შესაბამისად პარიზის ოლიმპიადის გახსნასთან დაკავშირებული ვერ იქნება. ვიდეოს შემდეგი აღწერა ერთვის: “ახლა პარიზში… ეიფელის კოშკთან, იესოს ამ ქალაქში შემოყვანა”. წერია აღწერაში.
აღსანიშნავია, რომ 30 ივლისს ამავე გვერდის ფეისბუკ-ანგარიშმა Jean-Luc Trachsel Ministries – მა იგივე ვიდეო ფეისბუკზე გამოქვეყნა განმარტებით, რომ კადრები 25 მაისს არის გადაღებული და პარიზის ოლიმპიადას არ უკავშირდება.
“ეს იყო ისტორიული მოვლენა, სადაც 25000-ზე მეტი ადამიანი, ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მოვიდა იესოს თაყვანისცემაზე და სადაც სახარება იქადაგეს ტროკადეროში/ეიფელის კოშკში და შემდეგ პარიზის ქუჩებში, როგორც ნაწილი ამ გლობალური აღორძინების, რომელიც რამდენიმე ადგილას დაიწყო”- წერია ვიდეოს აღწერაში.
პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისს გაიხსნა. ღონისძიებასთან დაკავშირებული რამდენიმე დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა.
- საიდუმლო სერობა თუ მითოლოგია – რას ასახავს სცენა პარიზის ოლიმპიადაზე და რატომ მოიხადეს ბოდიში ორგანიზატორებმა?
- რუსი მძლეოსნის დარედაქტირებულ ფოტოს პარიზის ოლიმპიადას უკავშირებენ
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.