2022 წლის 18 ოქტომბერს, ქართულენოვანმა Facebook მომხმარებელმა ვაქცინაციის შესახებ ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა – “გლობალური სამედიცინო ექსპერიმენტის, “კოვიდციდი”-ს შედეგი.” გავრცელებული ვიდეო ბევრი კადრისგან შემდგარ კოლაჟს წარამოდგენს, სადაც ნაჩვენებია, როგორ კარგავენ გონებას მოქალაქეები ან ემართებათ კრუნჩხვითი შეტევები.
გავრცელებული ვიდეო COVID-19 ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად. ვიდეოში მოცემულ კადრებს არა თუ COVID-19 პანდემიასთან კავშირი არ აქვთ, ზოგიერთი მათგანი პანდემიის დაწყებამდეა გადაღებული. არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ვაქცინების გამო ჩინეთში მოსახლეობა მასობრივად იღუპება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული ყველა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია COVID-19-თან დაკავშირებულ გართულებებსა და ლეტალობასთან ბრძოლაში. ჯანმომ ჩინური წარმოების სამ ვაქცინას (კონვიდეცია, სინოფარმი და სინოვაკი) მიანიჭა ავტორიზაცია, რომელთაგან ბოლო ორი საქართველოშიც გამოიყენება. გადაუდებელი შემთხვევების სამეცნიერო რჩევის ჯგუფმა (SAGE) საგულდაგულოდ შეისწავლა ყველა ინდიკატორი ზემოთჩამოთვლილი ვაქცინების ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ, მანამ სანამ ჯანმოს მათი დამტკიცების რეკომენდაციას გაუწევდა.
არსებობს არაერთი სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ COVID-19 ვაქცინები ადამიანებს ვირუსისგან იცავს. 2022 წლის იანვარში, ჰონგ კონგში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 60 წელზე უფროსი ასაკის სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის სიკვდილის რისკი 20-ჯერ ნაკლები იყო არასრულად ვაქცინირებულებთან შედარებით. აშშ-ში, 2022 წლის მარტში, „12 წელზე უფროსი ასაკის არავაქცინირებულ ადამიანებში ლეტალობა 17-ჯერ მეტი იყო, ვიდრე პირველადი და ბუსტერ დოზით აცრილებისთვის“, – ამბობს აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ჰეზერ სკობი.
მტკიცება, რომ ვაქცინები მეტად ლეტალურია ვიდრე თავად ვირუსი, ასევე მცდარია. შეერთებულ შტატებში ვაქცინის გვერდითი ეფექტების გამოსაკვლევად ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევამ ვერ აღმოაჩინა კავშირი ინფიცირებასა და იმუნიზაციის შემდეგ დაფიქსირებულ სიკვდილიანობას შორის. გარდა ამისა, ვაქცინაციასა და მის შემდგომ გარდაცვალებას შორის კავშირი მხოლოდ ქრონოლოგიურია და არა მიზეზშედეგობრივი. ტაივანში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი COVID-19 ვაქცინაციიდან შვიდი დღის შემდეგ გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე სიკვდილიანობის ზოგადი მაჩვენებელი იმავე ასაკობრივ ჯგუფში, და რომ მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი COVID-19 ვაქცინაციის შემდეგ კვლავ გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე სიკვდილიანობის მაჩვენებლები ეპიდემიური აფეთქების შემდეგ.
ვიდეოში თავმოყრილია კადრები, რომლებიც ინდივიდუალურ ინციდენტებს ვაქცინაციასთან მანიპულაციურად აკავშირებს. გამოქვეყნებული ვიდეო პლატფორმებმა Rose News-მა და HimalayaNZ News-მა შექმნეს და Rose News-ის სოციალურ მედია პლატფორმებზე (1, 2) 2022 წლის 16 ივლისს გააზიარეს. ორივე არხი აცხადებს, რომ ისინი „ახალი ჩინელები არიან, რომლებმაც ჩინეთის ბოროტი კომუნისტური პარტია უნდა გაანადგურონ“ (1, 2, 3). აღსანიშნავია, რომ ორივეს მათგანს ჩინეთთან დაკავშირებული COVID-19 შეთქმულები წასრულშიც გაუვრცელებია. ამ შემთხვევაში, მათ ვიდეო ისეთი კლიპებისგან ააწყვეს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ COVID-19 ვაქცინასთან, ზოგიერთი მათგანი კი პანდემიის დაწყებამდეც კია გადაღებული.
ვიდეო 28 ინდივიდუალური კადრისაგან შედგება, რომელთაგანაც სამის იდენტიფიცირება მოვახერხეთ.
კოლაჟში ნაჩვენები მეექვსე კლიპი 2018 წლის ივნისიდან, COVID-19 პანდემიის დაწყებამდე ორი წლით ადრე, იძებნება. იმდროინდელი ახალი ამბების თანახმად (1, 2), ვიდეოში კურიერსა და ელექტროსკუტერის მძღოლის შეჯახებაა ნაჩვენები, როდესაც ორივე მხარემ სერიოზული დაზიანებები მიიღო.
მე-16 კადრი, რომელზეც ახალგაზრდა ქალია ნაჩვენები, ასევე COVID-19 პანდემიის დაწყებამდეა გადაღებული. ფოტო ჩინურ სოციალურ მედიაში პირველად 2019 წლის ივნისში გამოჩნდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის დახრჩობამ იმსხვერპლა. ამ სცენის ვიდეოები და ფოტოები ჩინურ სოციალურ მედიაში ხელმეორედ (1, 2, 3) 2019 წლის ნოემბერშიც გავრცელდა, ამჯერად ამტკიცებდნენ, რომ ის იყო უნივერსიტეტის მოკლული სტუდენტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს წარმომავლობა უცნობია, თარიღის გათვალისწინებით აშკარაა, რომ მას COVID-19 პანდემიასთან კავშირი არ აქვს.
ვიდეოს მე-19 კადრში კალათბურთელია ნაჩვენები, რომელიც შუა თამაშისას გონებას კარგავს. ჩინური მედიის მიხედვით (1, 2), სრული ვიდეო 2020 წლის ივლისით თარიღდება და 27 წლის მამაკაცს ასახავს, რომელიც გულის შეტევის გამო უეცრად გარდაიცვალა. მოცემული სინდრომის მსხვერპლი, მიუხედავად მისი იშვიათობისა, არაერთი სპორტსმენი გამხდარა. ამის უახლესი მაგალითი დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენია. მსგავს ინციდენტებს კავშირი არ აქვს COVID-19 ვაქცინაციასთან.
მსგავსი ტიპის ანტივაქსერული მანიპულაციები მითების დეტექტორს წარსულშიც გადაუმოწმებია. ვრცლად იხილეთ:
- ინდოელი ჯარისკაცები შეუძლოდ არა ვაქცინაციის, არამედ მზის დარტყმის გამო გახდნენ;
- ფლორენციაში გადაღებული ვიდეო, რომელსაც ვაქცინის გვერდით ეფექტს უკავშირებენ, მტკიცებულების გარეშეა;
- ისრაელში ვაქცინაციის შემდეგ მოზარდის გარდაცვალებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება;
- აქვს თუ არა კავშირი გულის წასვლას ვაქცინაციასთან? – რა ვიდეობი ვრცელდება სოციალურ ქსელში;
- ვაქცინის გვერდითი ეფექტი თუ ეპილეფსიური გულყრა? – ანტივაქსერი კოვიდ ვაქცინებზე დეზინფორმაციას ავრცელებს;
- აფრიკაში აცრის შედეგად ბავშვების გარდაცვალებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება;
- მალავენ თუ არა ავსტრალიაში კორონავირუსის ვაქცინის მსხვერპლს? -“ბოლო ჟამის ქრისტიანები” ვიდეომანიპულაციას ავრცელებს ;
- რას ასახავს ვიდეო – გაზის გაჟონვით დაზარალებულებს თუ ვაქცინაციის შედეგს?.
მოამზადა ალექსანდრა კუენინგი
ერასმუსის CEERES პროგრამის სტუდენტი, “მითების დეტექტორის” სტაჟიორი
“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.” შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.