2019 წლის 16 აპრილს ვებ-გვერდმა newposts.cc გამოაქვეყნა ვიდეო, სათაურით “ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებმაც პარიზის დამწვარ ტაძარში იცეკვეს”. თავის მხრივ ვიდეო Youtube-ზე სათაურის გარეშე Alia News-მა გამოაქვეყნა. სოციალურ ქსელებში იგივე ვიდეო გვერდებმა “საინტერესო გვერდი” და “შეშლილი სამყარო” გაავრცელეს.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ახალგაზრდებმა 2019 წლის 15 აპრილის ხანძრის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში იცეკვეს, ტყუილია. ვიდეოში ასახული კადრები გადაღებულია სენტ-ვინსენტის ბაზილიკაში, საფრანგეთის ქალაქ მეცში, 2016 წელს.
1. ვიდეო სარანგეთის ქალაქ მეცში 3 წლის წინ არის გადაღებული
სენტ-ვინსენტის ბაზილიკა, საფრანგეთის ქალაქ მეცში მდებარე მე-13 საუკუნის გოთიკური არქიტექტურაა. მლოცველების სიმცირის გამო ბაზილიკამ პირვანდელი ფუნქცია დაკარგა და 2012 წლის მაისიდან ის გამოფენებს, კონცერტებს და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს მასპინძლობს.
ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, რეალურად 2016 წლის 27 მარტს არის გადაღებული და ნოტრ-დამთან საერთო არაფერი აქვს. 2016 წლის 27 მარტს სენტ-ვინსენტის ბაზილიკაში მორიგი ღონისძიება, ელექტრონული მუსიკის საღამო გაიმართა. შენობაში გადაღებული კადრები ვირუსულად მალევე გავრცელდა და 72 საათში 200 000 ნახვას მიაღწია. ვიდეოს პირველწყარო მთავარი ორგანიზატორი Irenee Sutter გახლავთ.
2. ხანძრის შემდეგ ნოტრ-დამში ვიზიტორების შესვლა აკრძალულია
ორშაბათს, 15 აპრილს, საფრანგეთის დროით 18:20 საათზე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ევაკუაცია დაიწყო. ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ნოტრ-დამში შესვლა ვიზიტორებისთვის აკრძალულია, შესაბამისად ხანძრის შემდეგ იქ კონცერტის მოწყობა, შეუძლებელია. ABC News-ი საფრანგეთის ოფიციალურ პირებს ციტირებს, რომელთა თქმითაც ნოტრ-დამი ვიზიტორებისთვის შესაძლოა მხოლოდ 3 წლის შემდეგ გაიღოს.
მითების დეტექტორის ლაბორატორია