2024 წლის ივნისში სოციალურ ქსელში კვლავ ზიარდება ტრიუმფალური თაღის ვიდეო, რომელიც რუსულენოვან ფეისბუქ-მომხმარებლებს 2023 წლის ივნისში აქვთ გამოქვეყნებული (1;2). ვიდეო საფრანგეთში, პარიზშია გადაღებული და ჩანს, რომ ტრიუმფალურ თაღს ცისარტყელას ფერებში შესრულბული კონსტრუქცია აქვს შემოხვეული. ავტორები მიუთითებენ, რომ ტრიუმფალური თაღი „დიდი არმიის“ გამარჯვების საპატივსაცემოდ, ნაპოლეონის ბრძანებით აშენდა, ხოლო ვიდეოს ბოლოს არის ნაწყვეტი ფილმიდან, სადაც ნაპოლეონის როლის შემსრულებელი მსახიობი გილეოტინასა და ჯალათს ითხოვს. ავტორები ირიბად მიანიშნებენ, რომ ტრიუმფალური თაღი ლგბტქ+ დროშის ფერებით არის გაფორმებული და ეს მისი შემქმნელისთვის მიუღებელი იქნებოდა.
ფეისბუქ-მომხმარებლები ვიდეომანიპულაციას ავრცელებენ. რეალურად, ფერადი კონსტრუქცია, რომელიც ვიდეოში ტრიუმფალურ თაღზეა შემოხვეული, არა ნამდვილი ინსტალაცია, არამედ CGI გამოსახულებაა და კომპიუტერულ პროგრამაშია აწყობილი.
ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ტრიუმფალურ თაღზე ცისარტყელაა შემოხვეული, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა. მისი ავტორი იან პადგამია, რომლის Instagram გვერდზე არაერთი მსგავსი ვიდეოა ატვირთული. მისი ნამუშევრები განსაკუთრებით ცნობილი გახდა 2023 წლის გაზაფხულიდან, მას შემდეგ, რაც რამდენიმე ვიდეო შექმნა ცნობილი ბრენდებისთვის. კონკრეტული ვიდეო არტისტმა 2023 წლის 1 ივნისს ,,სიამაყის თვესთან’’ დაკავშირებით გამოაქვეყნა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა Paint-ს, ფრანგულ მედიას, რომელიც მუშაობს ქვეყანაში LGBTQ+ პირთა ხილვადობისთვის. არტისტი აღწერაში წერს: “ყველას ბედნიერი #pride2023. სიყვარული სიყვარულია, თქვენ ლამაზები ხართ და მე ვარ ბედნიერი, რომ ვხოვრობ ისეთ სამყაროში, სადაც ვიბრძვით რათა ყველამ ისეთად იცხოვროს, როგორებიც ისინი არიან”. ვიდეოს დასაწყისში, ტრიუმფალური თაღის ქვედა კუთხეში ვხედავთ Paint-ის ლოგოს.
რეალურად, ცისარტყელა, რომელიც ტრიუმფალურ თაღზეა შემოხვეული, CGI გამოსახულებაა და კომპიუტერულ პროგრამაშია აწყობილი. ინფორმაცია არტისტმა დაუდასტურა Associated Press-ის ფაქტების გადამმოწმებლებს. მისი თქმით, ვიდეო ტაქსით მგზავრობის დროს გადაიღო, შემდეგ კი კომპიუტერული პროგრამებით, Adobe After Effects-ითა და Cinema 4D-ით ტრიუმფალურ თაღზე ცისარტყელას ინსტალაცია დაამატა.
მსგავსი ვიზუალური მანიპულაცია, კერძოდ კი CGI გამოსახულება მითების დეტექტორს წარსულშიც აქვს გადამოწმებული. ვრცლად წაიკითხეთ მასალაში:
ბარბი ბაფომეტი და გიგნტური ბარბი დუბაიში – რა ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება ბარბის შესახებ?
- წყაროს შესახებ
ფეისბუკ-ანგარიში Георгий Кушиташвили ყალბ ინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს. “მითების დეტექტორს” მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.
ბარბარე გიორგაძე
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.