ვაქცინის ინგრედიენტი თუ ტოქსიკური მჟავა? – ვაქცინების შემადგენლობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

79
VIEWS

2021 წლის 28 მაისს ფეისბუქ ანგარიშმა Rau Al კორონავირუსის ვაქცინების შემადგენლობის შესახებ რუსულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში კორონავირუსის ვაქცინის Moderna-ს შემადგენლობაა ნაჩვენები და მითითებულია, რომ ვაქცინაში ერთ-ერთი ინგრედიენტად ლიპიდური ნივთიერება SM-102 შედის. ამის შემდეგ, ვიდეოს ავტორი Google-ის საძიებო სისტემაში უთითებს SM-102-ს და ხსნის რუსული ვიკიპედიის შესაბამის სტატიას. სტატიის სექციაში “საფრთხეების იდენტიფიკაცია” ნათქვამია, რომ კორონავირუსის ვაქცინებში შემავალი ნივთიერება SM-102 ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და უარყოფითად ზემოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აზიანებს რეპროდუქციულ უნარს და მუცლადმყოფ ნაყოფს, იწვევს სიმსივნურ დაავადებებს და ა.შ. ვიდეოსთვის დართული აღწერის თანახმად ვაქცინების “შხამს” წარმოადგენს.

2021 წლის 1 ივნისის მდგომარეობით Rau Al-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო 233-მა ფეისბუქ მომხმარებელმა გააზიარა.

1

გავრცელებული ვიდეოში მოყვანილი მტკიცება, რომ Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივითიერება შედის, მცდარია. მართალია, SM-102-ის მცირე რაოდენობა Moderna-ს კორონავირუსის ვაქცინის შემადგენლობაში შედის, თუმცა ნივთიერება უსაფრთხოა და მას ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა არ აქვს. რეალურად, ვიდეოში ჩამოთვლილი ჯანმრთელობის რისკები არა საკუთრივ SM-102-ს, არამედ აღნიშნული ნივთიერებისა და მომწამვლელი ქლოროფორმის ნარევს ახასიათებს, რომელიც სამედიცინო მიზნებით არ გამოიყენება. ამჟამად, რუსული ვიკიპედიის სტატიიდან SM-102-ის საზიანო თვისებების შესახებ დეზინფორმაციის შემცველი სექცია ამოღებულია.

Rau Al-ის მიერ გავრცელებული ვიდეო პირველად Tiktok-ის რუსულენოვანმა მომხმარებელმა alina_tallinn2.0-მ 26 მაისს გამოაქვეყნა. პარალელურად SM-102-ისა და Moderna-ს ვაქცინის შესახებ ანალოგიური დეზინფორმაციას ფეისბუქისა და ინსტაგრამის ინგლისურენოვანი მომხმარებლებიც ავრცელებდნენ.

ინგლისურენოვანი ანგარიშების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ვიკიპედიის სტატიის ნაცვლად ქიმიური ნივთიერებების მწარმოებლის Cayman Chemical-ის ვებ-გვერდზე SM-102-ის შესახებ არსებული საინფორმაციო სექციაა ნაჩვენები, რომელზეც “პროდუქტის უსაფრთხოების მონაცემების” დოკუმენტია განთავსებული. დოკუმენტის პირველივე გვერდზე პროდუქტის დასახელებად მითითებულია არა საკუთრივ SM-102, არამედ “SM-102 ქლოროფორმში” და შემდგომ აღწერილი ბიოლოგიური საფრთხეები სწორედ SM-102-სა და ქლოროფორმის ნაერთს ახასიათებს. ამასთანავე, დოკუმენტში განმარტებულია, რომ SM-102-ისა და ქლოროფორმის ნარევის პრაქტიკული დანიშნულება მხოლოდ კვლევითი მიზნებით შემოიფარგლება და ადამიანების ან ცხოველების დიაგნოსტირების/თერაპიისთვის მისი გამოყენება არ შეიძლება.

2

ამასთანავე, Cayman Chemical-ის დოკუმენტის მესამე გვერდზე პროდუქტის შემადგენლობასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერის მიხედვით, ნარევში შემავალი კომპონენტებიდან ტოქსიკური და სახიფათო კომპონენტი არა SM-102, არამედ ქლოროფორმია, რომელიც ნარევის 90%-ს შეადგენს.

3

SM-102-ის შესახებ ვიკიპედიის რუსულ სტატიაში alina_tallinn2.0-ს ვიდეოში ნაჩვენები სექცია ნივთიერების ჯანმრთელობისთვის სახიფათო თვისებების შესახებ Cayman Chemical-ის ზემოთ აღწერილი დოკუმენტის მე-2 გვერდის იდენტურია, თუმცა როგორც ვიდეოში ჩანს, ვიკიპედიის სტატიაში დაკონკრეტებული არ არის, რომ ჩამოთვლილი საფრთხეები არა SM-102-ს, არამედ მის ქლოროფორმთან ნაერთს უკავშირდება. ამჟამად, ვიკიპედიის რუსულ სტატიაში აღნიშნული შეცდომა გასწორებულია და SM-102-ისთვის შეცდომით მიწერილი “საშიშროებების” შესახებ ცალკე სექცია აღარ გვხვდება. სტატიაში განმარტებულია, რომ SM-102-ისა და ქლოროფორმის სახიფათო ნარევი ვაქცინების წარმოებაში არ გამოიყენება.

4

ვიკიპედიის რუსული სტატიის “დისკუსიის” ველის მიხედვით, სტატიაში დეზინფორმაციული შინაარსის არსებობის შესახებ ვებ-გვერდის ადმინისტრაციას მომხმარებლებმა 2021 წლის 27 მაისს შეატყობინეს. 28 მაისს გვერდის რედაქტორმა Ernest Bondarenko-მ ყალბი ინფორმაციის შესახებ მცირე განმარტება “დისკუსიის” ველშივე ჩაამატა. მოგვიანებით სტატიის ცვლილებას შეცდომის შემცველი სექციის ანონიმური ავტორიც “Rjynfrnwtynh” გამოეხმაურა და განაცხადა, რომ SM-102-ის “სახიფათო” ეფექტების შესახებ ინფორმაცია Cayman Chemical-ის ვებ-გვერდიდან გადმოთარგმნა, თუმცა არ დაკვირვებია, რომ პირველწყარო არა SM-102-ს, არამედ მის ქლოროფორმთან ნარევს ეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ ვიკიპედიის ინტერნეტ-ენციკლოპედია ღია რესურსია, რომელშიც ნებისმიერ თემაზე სტატიის შექმნა და უკვე არსებული სტატიის რედაქტირება ყველა მსურველს შეუძლია, რის გამოც ვიკიპედიის სტატიები ავტორიტეტულ და აბსოლუტურად სარწმუნო წყაროს არ წარმოადგენს.

რა არის SM-102 და რატომ იყენებენ მას ვაქცინებში? 

SM-102 ლიპიდური (ე.ი. წყალში უხსნელი) მოლეკულაა, რომელიც  Moderna-ს ვაქცინის არააქტიური ინგრედიენტია. ვაქცინაში მისი ფუნქცია კორონავირუსის გვირგვინის ცილის რნმ მოლეკულის უჯრედებამდე გადატანა და ინექციისას რნმ-ს არამდგრადი მოლეკულის დაცვაა. Moderna თავისი ვაქცინისთვის განკუთვნილ SM-102-ს თვითონვე აწარმოებს. რაც შეეხება ტოქსიკურ ნივთიერება ქლოროფორმს, იგი ვაქცინების შემადგენლობაში არ შედის, ხოლო თავად SM-102 უვნებელი ნივთიერებაა.

Moderna-ს რნმ ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება კლინიკური კვლევის მესამე ფაზაში 30 351 მოხალისეზე გამოიცადა. მესამე ფაზის მონაცემების მიხედვით ვაქცინის ორი დოზის ეფექტიანობა 94.5%-ს შეადგენს და ის სერიოზულ გვერდით მოვლენებსა და უკურეაქციებს არ იწვევს. Moderna-ს ვაქცინას FDA-მ გადაუდებელი საჭიროების ავტორიზაცია 2020 წლის 17 დეკემბერს მიანიჭა, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იგივე გადაწყვეტილება 2021 წლის 30 აპრილს მიიღო.

რნმ ვაქცინების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist