ვაქცინის გვერდითი ეფექტი თუ ეპილეფსიური გულყრა? – ანტივაქსერი კოვიდ ვაქცინებზე დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

29
VIEWS

2021 წლის 13 ნოემბერს ანტივაქსერი აქტივისტის ზვიად გოგიაშვილის ფეისბუქ ანგარიშმა “გაბრიელ მიქელაძე” გააზიარა ვიდეო, რომელშიც ბავშვს კრუნჩხვა აქვს და აკანკალებს, რაც პოსტის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ გამოიწვია. გოგიაშვილის თქმით, აღნიშნული ვიდეო ადასტურებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია და მშობლებმა შვილები არ უნდა აცრან.

15 ნოემბრის მდგომარეობით “გაბრიელ მიქელაძის” ანგარიშზე გამოქვეყნებულ ვიდეოს 248 გაზიარება აქვს.

"
კრუნჩხვის მქონე ბავშვის ვიდეოს სხვადასხვა სოციალური ქსელის ანტივაქსერი მომხმარებლები 2021 წლის მაისიდან მანიპულაციურად ავრცელებენ და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდით მოვლენებს მიაწერენ. როგორც ბავშვის ოჯახმა სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, ვიდეოში ბავშვს ეპილეფსიური გულყრა აქვს, ეპილეფსიის დიაგნოზი კი მათ შვილს 2009 წელს დაუსვეს. 

ბავშვის კანკალის ვიდეო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კონტექსტში პირველად 2021 წლის მაისში TikTok-ის პლატფორმაზე გამოჩნდა, თუმცა შემდეგ ვიდეო წაიშალა. პოსტის ორიგინალის ამსახველი სქრინშთები სხვადასხვა დროს Facebook-ზე, Twitter-ზე, რუსულ ВКонтакте-სა და სხვა პლატფორმებზე ვრცელდებოდა.

ვიდეოს კორონავირუსის ვაქცინებთან კავშირი Reuters-ისა და Associated Press-ის ფაქტების გადამოწმების სექციებმაც გადაამოწმეს. საერთაშორისო გამოცემების მიხედვით, კადრებში ასახული ბავშვის მამამ განაცხადა, რომ მისი შვილის მდგომარეობას კორონავირუსის ვაქცინასთან კავშირი არ აქვს. რეალურად, მის შვილს ეპილეფსიის დიაგნოზი 2009 წელს დაუსვეს და კრუნჩხვაც სწორედ ეპილეფსიური შეტევითაა განპირობებული. ბავშვის მამამ გავრცელებული ვიდეოს შესახებ განმარტება Instagram პოსტის სახითაც გაავრცელა, თუმცა ამჟამად პოსტი ღიად ხელმისაწვდომი აღარ არის.

აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლები ხანგრძლივი, ნერვული კანკალის ვიდეოებს კორონავირუსის ვაქცინის გვერდით მოვლენებს მანიპულაციურად ადრეც უკავშირებდნენ, თუმცა კორონავირუსის ვაქცინებსა და მსგავს გვერდით მოვლენას შორის კავშირი აქამდე არცერთ შემთხვევაში არ დადასტურებულა. ამასთანავე, კორონავირუსის ვაქცინა ეპილეფსიის მქონე პაციენტებისთვის უსაფრთხოა და არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ვაქცინა ამ ჯგუფში სპეციფიკურ გვერდით მოვლენებს ან კრუნჩხვების გახშირებას იწვევს. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

კორონავირუსის ვაქცინა ბავშვებისთვის უსაფრთხოა

ამჟამად, კორონავირუსის ვაქცინებიდან 16 წლამდე მოზარდებში Pfizer-ის რნმ ვაქცინა გამოიყენება. ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ Pfizer-ის ვაქცინას ჯერ – 12-15 წლის ასაკობრივი ჯგუფებისთვის, ხოლო შემდეგ 5-11 წლამდე ბავშვებისთვის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა. კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება 5 წლის ასაკიდან ამერიკის გარდა ევროკავშირში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს.

ბავშვებში ვაქცინის დღემდე იდენტიფიცირებული გვერდითი მოვლენებიდან ყველაზე სერიოზული გულის კუნთის ანთების (მიოკარდიტი და პერიკადიტი) შემთხვევებია, რომლებიც ძირითადად მოზარდ ბიჭებში დაფიქსირდა. თუმცა, როგორც FDA განმარტავს, 16 წლამდე ბავშვებში ვაქცინაციის შემდეგ მიოკარდიტისა და პერიკარდიტის განვითარების რისკი კორონავირუსით ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკზე ბევრად ნაკლებია და ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცინის სარგებელი რისკებს გადაწონის. FDA-ის 26 ოქტომბრის მონაცემებით, ვაქცინაციის შემდეგ მიოკარდიტისა და პერიკარდიტის გამოვლენის ყველაზე მაღალი რისკი 16-17 წლის ბიჭებში დაფიქსირდა, ამ ჯგუფში რისკი 0.007%-ია, რაც თავის მხრივ, დაბალ რისკად მიიჩნევა. რაც შეეხება ბავშვებში ვაქცინაციის შემდეგ გამოვლენილ სხვა გვერდით მოვლენებს, ისინი 16 წელს ზემოთ პოპულაციაში გამოვლენილი გვერდითი მოვლენების მსგავსია (დაღლილობა, ცხელება, თავის ტკივილი, ინექციის ადგილის ტკივილი) და ძირითადად მსუბუქი და საშუალო სირთულისაა.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, ვრცლად იხილეთ სტატიები:

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის შეფასებით, Pfizer/BionTech-ის ვაქცინა 12 წელს ზემოთ ადამიანებში გამოყენებისთვის უსაფრთხოდ მიიჩნია, თუმცა ჯანმო ბავშვების ვაქცინაციაზე უნივერსალურ რეკომედაციას არ გასცემს. როგორც ორგანიზაცია განმარტავს, თანმხლები დაავადების მქონე ბავშვებს კორონავირუსის ვაქცინა სხვა რისკჯგუფების მსგავსად უნდა შესთავაზონ.

წყაროს შესახებ

ფეისბუქ ანგარიში გაბრიელ მიქელაძე ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ. ანგარიშს, სავარაუდოდ, ზვიად გოგიაშვილი მართავს, რადგან სწორედ ის ახორციელებს ანგარიშიდან ლაივ ჩართვებს. ზვიად გოგიაშვილი ანტივაქსერული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist