22 მაისს ლევან ვასაძის პოლიტიკურ მოძრაობასთან “ერთობა, რაობა, იმედი – ერი” დაკავშირებული ტელეარხის “ალტ-ინფოს” ეთერში გავიდა ინტერვიუ პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორთან დიმიტრი ლორთქიფანიძესთან. ლორთქიფანიძე ნინოწმინდის ბავშვთა სახლში შესვლაზე სახალხო დამცველის მოთხოვნაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ კონკორდატი ეკლესიას ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის არშეშვების უფლებას აძლევს.
დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: “ერთის მხრივ, სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ინსტიტუცია, მისი უფლებამოსილება რეგულირდება ორგანული კანონმდებლობით და მას კონკრეტული საჩივრის საფუძველზე აქვს შესვლის უფლება და რევიზიის და შემოწმების უფლება სახელმწიფო საჯარო დაწესებულებებში მოქცეული არასრულწლოვნებისა. შესაბამისად, საჯარო დაწესებულებებში მოქცეული ბავშვთა უფლებების ანალიზი მონიტორინგის განხორციელების უფლება სახალხო დამცველის აპარატს გააჩნია. მაგრამ, მეორეს მხრივ, კოლიზია მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მიღწეულია კონსტიტუციური შეთანხმება 2002 წლის ოქტომბრის მდგომარეობით… დამოუკიდებლობა ამ შემთხვევაში ეკლესიისა სახელმწიფოსგან ნიშნავს იმას, რომ ეკლესიას აქვს სრული უფლება, განარიდოს იმ ტიპის ინსტიტუციონალური ჩარევა იმ ტიპის კონსტიტუციონალური ორგანოსგან, როგორიც არის სახალხო დამცველი, რომელიც, მათ რიცხვში, გამომდინარე იქიდან, რომ ელგებეტე უფლებების დაცვის კუთხით ამ უზნეობის პროპაგანდას აკანონებს ფაქტიურად და აპოლოგეტია და ხელს უწყობს, მხარდამჭერია და მეხოტბეა სახალხო დამცველის ინსტიტუტი, ეკლესია უარს ეუბნება მას ბავშვებთან დაშვებაზე“.
ლორთქიფანიძის განცხადება იმის თაობაზე, თითქოს კონკორდატი ეკლესიას მის დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა სახლებში სახალხო დამცველის არშეშვების დისკრეციას ანიჭებს, მანიპულაციურია და სიმართლეს არ შეესაბამება. კონკორდატში ამ მტკიცების შესაბამისი მუხლი არ არის. გარდა ამისა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსითაა რეგისტრირებული, სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი და ბავშვის უფლებათა კოდექსი ამ ტიპის დაწესებულებებში სახალხო დამცველის მიერ მონიტორიგნის განხორციელების უფლებას ითვალისწინებს.
„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციურ შეთანხმებაში, რომელიც პარლამენტმა 2002 წლის 22 ოქტომბერს დაამტკიცა, სოციალური დაცვის პროგრამებს მეოთხე მუხლის მესამე პუნტი შეეხება. აღნიშნული ნორმის თანახმად, სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან, მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები განახორციელონ. ამ კუთხით, კონკორდატში არსადაა ნათქვამი, რომ ეკლესიას აქვს უფლება, კონსტიტუციონალური ორგანოსაგან ჩარევა აირიდოს, როგორც ამას ლორთქიფანიძე ამტკიცებს.
ბავშვის უფლებათა კოდექსის 83-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვის უფლებების და თავისუფლებების დაცვის მონიტორინგს და შეფასებას ახორციელებენ:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი შესაბამისი უწყებათაშორისი თანამშრომლობის კომისიები
- მუნიციპალიტეტები
- საქართველოს სახალხო დამცველი
- ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მეოთხე ქვეპუნქტის მიხედვით, სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით ან სხვა პირის მიმართვის საფუძველზე აკონტროლებს როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების და მუნიციპალიტეტების, ასევე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ამ კოდექსის შესრულებას.
კონკორდატის მიხედვით, ეკლესია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს, რომელიც საქმიანობას საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმართავს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქ. ნინოწმინდის წმიდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი რეგისტრირებულია როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რაც მას კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს ანიჭებს და შესაბამისად ბავშვთა უფლებათა კოდექსის 97-ე მუხლით განსაზღვრულ დაწესებულებებში ექცევა.
ბავშვის უფლებათა კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით კი, საქართველოს სახალხო დამცველი ახორციელებს საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ბავშვის, განსაკუთრებით − სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის, უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
“საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახალხო დამცველი ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ამოწმებენ როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას. მეორე პუნქტის მიხედვით ამ დაწესებულებებში, მათ შორის ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა ქცევის რეგულარული შემოწმების, აგრეთვე წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან მათი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველი ან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ხვდება დაწესებულებაში მყოფ პირებს და მათ, ვისაც აღნიშნულ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ და ეს შეხვედრები კონფიდენციალურია.
19(1) მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულების მიზნით საქართველოს სახალხო დამცველთან იქმნება სპეციალური პრევენციული ჯგუფი, რომელიც რეგულარულად ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით.
ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლის მოთხოვნის შესახებ დეზინფორმაცია ადრეც გავრცელებულა. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენლები გურამ ფალავანდიშვილი და ალექსანდრე ფალავანდიშვილი ამტკიცებდნენ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლის მიზანი არასრულწლოვნების გარყვნაა. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ რეალურად, ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოიკვეთა.
ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:
რატომ ითხოვს სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლას?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.