2022 წლის 18 იანვარს კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ქარდავამ ალტ-ინფოს გადაცემა “ალტერნატიულ ხედვაში” სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული სამსახურები სახელმწიფოს არ ემორჩილებიან და ისინი გარე აქტორების ინსტრუმენტები არიან, რაც სამართლებრივ სახელმწიფოსთან წინააღმდეგობაში მოდის და იურიდიულად მიუღებელია.
გიორგი ქარდავა: „მართლმსაჯულების კუთხით მთლად დალაგებული სახელმწიფო არ გვაქვს. დეკლარირებულად გვეუბნებიან, რომ ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო ვართ და ლიბერალური დემოკრატიის საფუძვლებზე უნდა ავაშენოთ ეს ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ არსებობს რეალობა, სადაც მთელი რიგი არც თუ ისე საკვანძო ინსტიტუტები არსებობს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც არ ემორჩილებიან სახელმწიფოს და გარე აქტორებს, აი ქალბატონი დეგნანის გავლენის ინსტრუმენტები არიან. ასეთი არის სახალხო დამცველის ინსტიტუტი, ნინო ლომჯარიას ოფისი და ასეთი იყო ქალბატონი ლონდა თოლორაიას დაწესებულება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც კარდინალურად განსხვავებულ პოლიტიკას, დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა და არ ემორჩილებოდა მთავრობას. პირდაპირი საბოტაჟის სახე ჰქონდა ამ ყველაფერს, რაც იურიდიულად მიუღებელია. (snappywap.com) ”
გიორგი ქარდავას განცხადება რეალობას არ შეესაბამება. სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურები დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოებია და მათი საქმიანობა სახელმწიფო ორგანოების კონტროლი და მათი დარღვევების გამოვლენაა. აღნიშნულ სამსახურებს ამ მანდატს სწორედ საქართველოს კანონმდებლობა ანიჭებს და ეს პროცესი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს უფრო ამყარებს. ამასთანავე სახალხო დამცველის მანდატი კონსტიტუციითა განსაზღვრული
-
სახალხო დამცველის აპარატის შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველის როლი და საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით რეგულირდება. ის კონსტიტუციური ინსტიტუტია და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისკენ არის მიმართული. სახალხო დამცველი ხელისუფლების არცერთი შტოს ნაწილი არ არის და ის სრულად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში.
სახალხო დამცველი შესახებ ჩანაწერს კონსტიტუციის 35-ე მუხლში ვხვდებით, სადაც აღნიშნულია, რომ ის არის ადამიანის უფლებათა დაცვის ზედამხედველი და მის საქმიანობაში ხელის შეშლა არ შეიძლება:
საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი: “1. საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობს საქართველოს სახალხო დამცველი… 2. სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.”
სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საჯარო დაწესებულებებს თანამდებობის პირებს და სხვა. შესაბამისად, თუ ის აღმოაჩენს რაიმე კონკრეტულ დარღვევას სახელმწიფო სამსახურში, მისი მოვალეობაა დარღვევის შესწავლა, ანგარიშში წარმოდგენა და რეაგირების მოთხოვნა, რაც სახელმწიფოს არდამორჩილებას კი არა, არამედ კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებას გულისხმობს.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს, რომელიც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ეხება
სახალხო დამცველი საქმიანობა საქართველოს ორგანული კანონით რეგულირდება. ამ შემთხვევაშიც აღნიშნულია, რომ ეს ორგანო დამოუკიდებელია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის აპარატი კანონით არის ვალდებული, რომ იხელმძღვანელოს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, არამედ საქართველოს ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, შესაბამისად მისი აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისკენ არის მიმართული.
საქართველოს ორგანული კანონი სახალხო დამცველის შესახებ, მუხლი 4: “საქართველოს სახალხო დამცველი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.”
-
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2018 წელს შეიქმნა და მან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ჩაანაცვლა, შეინარჩუნა მისი ფუნქციები და ასევე კონკრეტული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება შეითავსა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებ-გვერდისა და სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონის მიხედვით, სამსახურის მოვალეობაში სხვა საკითხებთან ერთად შედის:
- საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება);
- მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა განცხადებების განხილვა;
- ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
- კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანაშაულთა მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2022 წლის მარტიდან უქმდება, თუმცა ამ პერიოდამდე მის საქმიანობას განსაზღვრავს სახელმწიფო კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ.
კანონის მიხედვით, როგორც სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც დამოუკიდებელი ორგანოა. მის პრინციპებს წარმოადგენს ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, კანონიერება, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, პროფესიონალიზმი და სხვა.
ამის გათვალისწინებით, თუ სახელმწიფოს ხარვეზები აქვს, მაგალითად, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ინსპექტორის სამსახურს ვალდებულება აქვს, თავის მანდატის ფარგლებში გამოავლინოს ეს ხარვეზები და სახელმწიფოს მათი აღმოფხვრისკენ მოუწოდოს. ისევე როგორც სახალხო დამცველის საქმიანობის შემთხვევაშიც, აქაც ეს განამტკიცებს სამსართლებრივი სახელმწიფოს იდეას და კანონის უზენაესობის დაცვას.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.