უკრაინის სამხედრო ძალები თუ ბრიტანული ფილმი თანასწორობაზე – ვინ გააყალბა ვიდეო?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

4.4k
VIEWS

27 იანვრს ფეისბუქ მომხმარებელმა Mancho  Abramidze-მ ახლად დაარსებული პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერების ფეისბუქ ჯგუფში ვიდეო გააზიარა. ვიდეოში ახალგაზრდა გეი ჯარისკაცი შინ ბრუნდება და თავის შეყვარებულს ხვდება. ჩახუტების შემდეგ ჯარისკაცი შეყვარებულს ხელს სთხოვს. პოსტის ავტორის აღწერის მიხედვით, ვიდეო უკრაინის ჯარს ასახვს, რასაც ერთვის მისი კომენტარი “ამათით აპირებებ უკრაინელები ომის მოგებას.” ავტორი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ქრისტიანული ქვეყანა ამდენად “დაეცა და წაიბილწა” და რომ “აქაც [საქართველოში] ეს უნდათ.” ვიდეოს ქვედა მარცხენა კუთხეში უკრაინის სახმელეთო ჯარების ლოგოს ვხედავთ, ლოგო, ტელეფონის ნომერი და სამხედრო აღრიცხვის ბიუროსთან დაკავშირებისკენ მოწოდება ვიდეოს ბოლო კადრშიც ჩნდება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვიდეო უკრაინაში მოქალაქეების ჯარში გასაწვევად მოამზადეს. 

ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული და ყალბი აღწერით ვრცელდება. რეალურად, ვიდეო არა უკრაინაში 2022 წელს, არამედ 2012 წელს ბრიტანეთში ორგანიზაციის “კოალიცია თანასწორი ქორწინებისთვის” მიერაა გადაღებული. უკრაინის სახმელეთო ძალების ლოგო და უკრაინელი ჯარისკაცების კადრები ვიდეოში ჩამონტაჟებულია.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი 2012 წელს დიდ ბრიტანეთში ორგანიზაციამ “კოალიცია თანასწორი ქორწინებისთვის” გადაიღო. ორგანიზაცია LGBTQ+ თემის წარმომადგენლებისთვის ქორწინების უფლებას უწევდა ადვოკატირებას. 

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში გავრცელებული ვიდეო დამუშავებულია და ორიგინალი ვერსიისაგან ხანგრძლივობითაც განსხვავდება. 2012 წლის ბრიტანული ვიდეო 1:40 წუთი გრძელდება, დამუშავებული ვერსია კი 1:17 წუთი.

დამუშავებული დეტალი #1 – დროშა

ვიდეოს პირვანდელ ვერსიაში დიდი ბრიტანეთის დროშა კადრში ხშირად ხვდება, დამუშავებულ ვიდეოში კი ყველა ეს კადრი ამოჭრილია. 

დამუშავებული დეტალი #2 – ჩამატებული კადრები

იმისთვის, რომ მაყურებელი დარწმუნდეს, თითქოს ვიდეო უკრაინაშია გადაღებული, ვიდეოში უკრაინული ჯარის უნიფორმის კადრია დამატებული. დამუშავებულ ვერსიაში გვხვდება ბრძოლის ველის ამსახველი კადრებიც, რომლებიც ორიგინალში გამოყენებული არ არის. 

დამუშავებული დეტალი #3 – შეცვლილი მოწოდებები

ბრიტანეთში გადაღებულ ვიდეოში სამი ძირითადი მოწოდებაა გაჟღერებული: “ყველა კაცი შეიძლება იყოს გმირი,” “ყველა კაცი შეიძლება იყოს ქმარი” და “დაასრულე ქორწინების დისკრიმინაცია.”

დამუშავებულ ვერსიაში პირველი ორი მოწოდება უკრაინულადაა თარგმნილი: “ნებისმიერი შეიძლება იყოს მცველი,” “ნებისმიერი შეიძლება იყოს გმირი.” ხოლო მესამე წინადადება ამოღებულია. 

დამუშავებული დეტალი #4 – ლოგო

საქართველოში გავრცელებული ვიდეოზე ქვედა მარცხენა კუთხეში უკრაინის სახმელეთო ძალების  ლოგოს ვხედავთ, რომელიც ყველა კადრს გასდევს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგო ჩნდება ვიდეოს ბოლო კადრშიც, სადაც წარწერა მაყურებელს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ტელეფონის ნომერზე დაკავშირებისკენ მოუწოდებს. 

რეალურად, ორიგინალ ვიდეოში ქვედა მარცხენა კუთხეში ორგანიზაციის “კოალიცია თანასწორი ქორწინებისთვის” ლოგოა გამოსახული, რომელსაც ხელოვნურად დადებული უკრაინის სახმელეთო ჯარების ლოგო ფარავს. ხოლო ვიდეოს ბოლო კადრში მაყურებელს ხმის ამაღლებასა და გაზიარებას სთხოვენ. 

ამასთანავე, უკრაინის სახმელეთო ძალების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე სხვა ნომერია მითითებული: +380 800 500 410

დამუშავებული ვიდეოს წარმომავლობის შესახებ

გაყალბებული ვიდეო ინტერნეტში 2017 წლიდან ვრცელდება. ვიდეო იუთუბ არხმა Українське Общество Педерастів (“უკრაინელ პედერასტთა ერთობა”) 2017 წლის 20 დეკემბერს გამოაქვეყნა. 

სხვადასხვა დროს ვიდეოს უკრაინული ჯარის დისკრედიტაციისთვის იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ იუთუბ არხზე Українське Общество Педерастів სხვა ვიდეო არ იძებნება, რაც აჩენს ეჭვს, რომ ის სწორედ ამ ვიდეოს გასავრცელებლად შექმნეს. 

უკრაინული ჯარის დისკრედიტაციის მიზნით სექსუალური იდენტობის თემას კრემლის პროპაგანდა ადრეც იყენებდა. რუსეთის სამთავრობო გამოცემა “რია ნოვოსტი”  2021 წელს უკრაინის მხრიდან დონბასში  “გეი ბატალიონის” გაგზავნის შესახებ ყალბ ინფორმაციას, სათაურით “На передовую: Украина планирует отправить в Донбасс гей-батальон ВСУ” ავრცელებდა.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist