25-26 აგვისტოს რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებზე (1,2), ასევე ფეისბუქ ჯგუფებში (1,2) გერმანულ ჟურნალ Handelsblatt-ის გარეკანის ფოტო გავრცელდა. ფოტოზე ვხედავთ ტრაფარეტს წარწერით “კურსკი” და სათაურს “უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიას იპყრობენ”. ტრაფარეტის უკან მიწის გროვებში ჩარჭობილი ჯვრები და ჯვრებზე ჩამოცმული უკრაინული სამხედრო ჩაფხუტები ჩანს.
ფეისბუქზე გავრცელებული Handelsblatt-ის გარეკანი გაყალბებულია. ჟურნალის არც 25-27 აგვისტოს და არც წინა ან შემდგომ რიცხვებში გამოსულ ნომრებზე მსგავსი გარეკანი არ გვხვდება.
ფეისბუქზე გერმანულენოვანი გამოცემა Handelsblatt-ის სახელით გავრცელებული გარეკანი ყალბია. გავრცელებულ ფოტოზე გამოცემის თარიღად “შაბათ-კვირა, 23/24/25 აგვისტოა” დასახელებული. რეალურად, ამ თარიღში გამოცემულ ნომრის გარეკანზე იარაღის მწარმოებელი უმსხვილესი გერმანული კომპანიის, Rheinmetal-ის დირექტორი, არმინ პაპერგერია გამოსახული. ამასთან, გავრცელებულ ფოტოზე გამოცემის ნომერი არასწორადაა მითითებული, ამ რიცხვებში ჟურნალის არა 164-ე, არამედ 163-ე ნომერი გამოვიდა.
ფეისბუქზე გავრცელებული გარეკანი არც ჟურნალის წინა და შემდგომ ნომრებზე გვხვდება.
გაყალბებული გარეკანი უკრაინის კურსკის რეგიონზე შეტევის წარუმატებლად წარმოჩენას ისახავს მიზნად, სათაურის დაბლა გვხვდება შეკითხვა: “რა არის კურსკის რეგიონის დროებითი ოკუპაციის ფასი?”. უკრაინელი სამხედროების საფლავებით მოფენილი მდელო სწორედ ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგზე მიანიშნებს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც Handelsblatt-ის გარეკანი უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით გააყალბეს. 2023 წლის ივნისში “მითების დეტექტორმა” აღმოაჩინა ყალბი გარეკანი, რომელიც ამავე თვეში დაწყებული უკრაინის კონტრშეტევის უშედეგოდ წარმოჩენას ემსახურებოდა. თემაზე ვრცლად იხილეთ მასალაში:
წყაროების შესახებ:
რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები Volodymyr Zheleznij და Юрий Михно ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის დეზინფორმაციას, ასევე ანტივაქსერული შინაარსის ყალბ ცნობებს ხშირად ავრცელებენ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.