უარყოფს თუ არა ინდოეთი Covid-19-ის “ინდური შტამის” არსებობას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

44
VIEWS

28 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა შორე შანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ინდოეთი “ინდური შტამის” არსებობას უარყოფს. ამ განცხადების დასადასტურებლად შანიძეს პოსტის კომენტარებში ორი ბმული აქვს მოყვანილი.

 

1

შორე შანიძის მტკიცება, თითქოს ინდოეთი “ინდური შტამის” არსებობას უარყოფდეს სიმართლეს არ შეესაბამება. მის მიერ მოყვანილ ბმულებში საუბარია იმაზე, რომ ინდოეთი ქვეყანაში გავრცელებული ახალი შტამისათვის სახელად “ინდურის” წოდებას აპროტესტებს, თუმცა თავად შტამის არსებობას არ უარყოფს.

შორე შანიძეს პოსტის კომენტარებში მტკიცებულების სახით ორი ბმული მოჰყავს, თუმცა პოსტში მოცემულ მტკიცებას არცერთი მათგანი არ შეესაბამება. ერთ-ერთი ბმულზე მოცემულია ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას კორონავირუსის B.1.617 ვარიანტი “ინდურ ვარიანტად” არ აქვს წოდებული, მაგრამ ამ თემის გაშუქებისას ეს ტერმინი რამდენიმე მედიამ გამოიყენა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიტყვა “ინდური” მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშში გამოყენებული არ არის, თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ამ განცხადებაში B.1.617 ვარიანტის არსებობას არ უარყოფს.

შორე შანიძის მიერ კომენტარებში მოყვანილი მეორე ბმული კი ბრიტანული გამოცემის, The Guardian-ის სტატიას წარმოადგენს, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ინდოეთი ითხოვს წაიშალოს მასალები, სადაც ტერმინი “ინდური ვარიანტია” გამოყენებული. სტატიაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის ვარიანტი B.1.617.1 (რომელსაც თავდაპირველად B.1.617 ეწოდებოდა) პირველად გასულ წელს ინდოეთში დააფიქსირეს და მას შემდეგ, რაც 30-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა მის აღსანიშნავად ფართოდ გამოიყენება ტერმინი “ინდური ვარიანტი”. სტატიის მიხედვით, ინდოეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ სოციალური მედიის კომპანიებს მოსთხოვა წაშალონ ინფორმაცია, რომელიც “ინდურ ვარიანტს” შეეხება. წერილის მიხედვით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია B.1.617.1 ვარიანტს კონკრეტულ ქვეყანას არ უკავშირებს და შესაბამისად მისთვის “ინდურის” წოდება შეცდომაში შემყვანია. სტატიაში, ისევე როგორც წერილში არსადაა ნათქვამი, რომ ინდოეთი B.1.617.1 ვარიანტის არსებობას უარყოფს.

გარდა ამისა, ინდოეთის მთავრობამ Twitter-ს და Facebook-ს მოსთხოვა საკუთარი პლატფორმებიდან წაეშალათ ინფორმაცია, რომელშიც მათ ვირუსთან გამკლავების კუთხით არსებული ჩავარდნების გამო აკრიტიკებდნენ.

30 მაისის მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსით სულ 27 894 800 ადამიანი დაინფიცირდა. ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში ვირუსით სულ 325 998 ადამიანია გარდაცვლილი. გარდაცვალებათა შემთხვევების ნახევარზე მეტი მაისსი თვის ბოლო ნაწილზე მოდის, როდესაც ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ახალი ტალღა დაიწყო. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქვეყნის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებენ, ვაქცინაციის პროცესში ჩავარდნებია. მაგალითად, 22 მაისიდან, ვაქცინების ნაკლებობის გამო დედაქალაქ დელიში კორონავირუსზე 45 წლამდე პირების აცრა შეაჩერეს.

დამატებითი ინფორმაცია ინდოეთში კორონავირუსის ახალი ტალღის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალაში:

აღსანიშნავია, რომ ქვეყნების სახელებით სხვა შტამებსაც მოიხსენიებენ, მაგალითად ბრიტანული შტამი (B.1.1.7), ბრაზილიური შტამი (P.1) და სამხრეთ აფრიკული (B.1.351) შტამი, რაც დაკავშირებულია იმასთან, თუ რომელ ქვეყანაში დაფიქსირდა პირველად Covid-19-ის ესა თუ ის ვარიანტი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ანგარიშებში ამ სახელებს არ იყენებს, თუმცა ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში მითითებულია, სად დაფიქსირდა პირველად ეს შტამები. პირველად ვარიანტ B.1.617-ის დაფიქსირების ადგილად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშებში ინდოეთია მითითებული. როგორც The Guardian-ის სტატიაშია აღნიშნული, თავად ინდოეთის მთავრობა ხშირად იყენებს ტერმინს “ბრიტანული შტამი”.

ინდოეთის მსგავსი პრეტენზია ვირუსის სახელთან დაკავშირებით პანდემიის დასაწყისში ჩინეთსაც ჰქონდა, როდესაც ქვეყანა აპროტესტებდა ვირუსისათვის “ჩინური ვირუსის” და “უხანის ვირუსის” წოდებას. თუმცა ხაზგასასმელია, რომ როგორც ინდოეთის, ასევე ჩინეთის მხრიდან უარყოფა მხოლოდ ვირუსის სახელწოდებასთან ამ ქვეყნების ასოცირებას უკავშირდება და ისინი ვირუსის და მისი შტამების არსებობას არ უარყოფენ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ინდოეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist