2 ოქტომბერს რამდენიმე ფეისბუქ გვერდმა და მომხმარებელმა მიხეილ სააკაშვილის ფოტო და თანდართული ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელსაც ტვ პირველის ლოგო აქვს დართული. წარწერის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში ყოფნისას უკვე მეორედ მოისაქმა, რაც “შიმშილობის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.”
ფოტოზე ტვ პირველის ლოგო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა, რაც პოსტების ქვეშ სხვადასხვა მომხმარებლების მიერ ტვ პირველის მიმართ გაჟღერებული სიძულვილის ენის შემცველი კომენტარებითაც დასტურდება.
პოსტი შემდეგმა ფეისბუქ გვერდებმა გამოაქვეყნეს:ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო,ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და სექტა. ფოტო ფეისბუქ მომხმარებლებმა Lasha Gogoladze Lasha Gogoladze-მ და Lasha Baslandze-მაც გამოაქვეყნეს.
გავრცელებული ფოტო ყალბია. არც ტელეკომპანია “პირველის” ფეისბუქ გვერდზე და არც სხვა რომელიმე ღია წყაროში მსგავსი ინფორმაციის შემცველი პოსტი არ იძებნება. პოსტი ექსპრეზიდენტის შიმშილობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ საპატიმროში შიმშილობის გამოცხადებიდან (1 ოქტომბერი) 23 ოქტომბრის ჩათვლით ტვ პირველის ფეისბუქ გვერდზე 23 ისეთი ფოტო გამოქვეყნდა, სადაც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია გამოსახული. 23-დან 3 პოსტი მიხეილ სააკაშვილის იმ ფოტოს შეიცავს, რომელიც ფეისბუქ გვერდებისა და მომხმარებლების მიერ გავრცელდა, თუმცა მათზე დატანილი ინფორმაცია განსხვავებულია.
პირველი ასეთი პოსტი 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა და შიმშილობის გამო მიხეილ სააკაშვილის წონაში კლებას ეხებოდა.
მეორე და მესამე პოსტზე კი მესამე პრეზიდენტის მიერ საპატიმროდან გაკეთებული განცხადებებიდან ამოღებული ნაწყვეტებია დატანილი.
აღსანიშნავია, რომ ქართულ სოციალურ ქსელეში მედია საშუალებების გაყალბებული სქრინების გამოყენებით პოლიტიკური და სხვა შინაარსის ცრუ ინფორმაცია ხშირად ვრცელდება. ზოგჯერ ამ ტიპის სქრინებს სატირული ან კონკრეტული პირების დისკრედიტაციის მიზნით აქვეყნებენ, თუმცა შესაბამისი მითითების გარეშე მომხმარებელი ინფორმაციას მედია საშუალების მიერ გავრცელებულ რეალურ ფაქტად აღიქვამს.
მსგავსი შემთხვევების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- თაკო ჩარკვიანის სახელით და საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოთი ყალბი ციტატა ვრცელდება
- ვინ აკავშირებს 2Pac-ის სიკვდილს “მთავარი არხის” სახელით ბერასთან?
- პაატა იმნაძის და კლონირებული On.ge-ს სახელით პირბადეებზე ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
- ვინ გააყალბა სახალხო დამცველის კომენტარი “ვეფხისტყაოსნის” აკრძალვაზე?
- ითხოვს თუ არა გუგული მაღრაძე ანტივაქსერებისთვის სექსის აკრძალვას?
- გუბაზ სანიკიძის სახელით და “პალიტრა ვიდეოს” ლოგოთი ყალბი ციტატა ვრცელდება
- თქვა თუ არა გამყრელიძემ, რომ დაქორწინებულებმა სექსუალური აქტი პანდემიის დასრულებამდე უნდა გადადონ?
- პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბაია პატარაიას სიზმარში ჩადენილი გაუპატიურების დასჯას ითხოვს, სატირულია
- ინფორმაცია, თითქოს აუცრელიმოქალაქეებისთვის კომენდანტის საათი ძალაში რჩება, ყალბია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.