2022 წლის 14 და 16 აპრილს ფეისბუკზე 5G ინტერნეტის საფრთხეების შესახებ ორი ვიდეო გავრცელდა. პირველ ვიდეოში, რომელიც ფეისბუქ მომხმარებელმა რევაზ მალაციძემ ფეისბუკ ჯგუფ “შევაჩეროთ 5G საქართველოში” გააზიარა, ასახულია წრიული ფორმის “ღრუბელი”, რომელიც დასახლებულ პუნქტში შენობის თავზე გადაადგილდება. ვიდეოს თან ახლავს პოსტის ავტორის აღწერა: “უცნაური წრე 5G ანტენის თავზე. წარმოიდგინეთ რას უზამს ეს მაღალი ინტენსივობის სიხშირეები ჩვენს სხეულებს, რომლებიც 70% წყალია. წყალი= ელექტროენერგიის გამტარი”.
რაც შეეხება მეორე ვიდეოს, ის გამოაქვეყნა ფეისბუქ პროფილმა სახელწოდებით “ჯერალდ ნიუმანი”, რომელიც პოსტში აღნიშნავს, რომ ექიმები 5G ტექნოლოგიის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ. პოსტის თანახმად, მეხუთე თაობის ინტერნეტი, ერთი მხრივ, აბინძურებს გარემოს გამოსხივებით, მეორე მხრივ, კი სიგნალს ქმნის ახალი ვაქცინებისთვის, რათა მათ ერთობლივად, დაპროგრამებული მიკრობოტების სახით იმოძრაონ ადამიანის სხეულში და გავლენა მოახდინონ ორგანიზმზე.
მტკიცებები იმის შესახებ, რომ 5G ტექნოლოგია საფრთხისშემცველია და ვიდეოში ნაჩვენები “წრიული ღრუბელი” 5G კავშირმა წარმოქმნა, დეზინფორმაციაა. რეალურად “წრიული ღრუბელი” ნახშირის წვის შედეგად გაჩნდა, ხოლო 5G ინტერნეტსა და ვაქცინებს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. 5G ტექნოლოგია შესწავლილია და ის ადამიანის ჯანმრთელობას არ აზიანებს.
რევაზ მალაციძის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო პირველად 2021 წლის ივნისში გავრცელდა და ავტორის მტკიცებით ეს მოვლენა ყაზახეთში, დედაქალაქ ნურ-სულთანში, 5G კოშკურის თავზე ხდებოდა. რეალურად ვიდეო გადაღებულია აკმოლას რეგიონში, ქალაქ კოშში. ქალაქის მერიის განცხადებით, ეს წრიული ობიექტი არანაირ კავშირში არაა გრაფენის ოქსიდთან და მეხუთე თაობის ინტერნეტთან, ის 5G კოშკურის თავზე არ გაჩენილა და რეალურად კერძო სახლიდან, ნახშირის წვის შედეგად ამომავალი კვამლია. ინფორმაცია გასულ წელს უკვე გადაამოწმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Stopfake-ის ყაზახურმა სამსახურმა.
მსგავსი ტიპის კვამლის ფოტოები ინტერნეტში არაერთხელ გავრცელებულა, მსოფლიოს სხადასხვა ქვეყნიდან. მათი უმეტესობა კი მანამდე იყო შემჩნეული, სანამ 5G ინტერნეტი ანტენები დამონტაჟდებოდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი წრიული კვამლის შექმნა ხელოვნურადაც შესაძლებელია, რასაც 2008 წელს გადაღებული ვიდეოც მოწმობს.
მეორე ვიდეო ტორონტოში ჩატარებულ კონფერენციაზე მომხსენებელთა მიერ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებებზე სიტყვით გამოსვლებს მოიცავს. მასში სხვადასხვა დარგის 4 ექსპერტი მოუწოდებს მთავრობებს, რომ დროებით გადადონ 5G ტექნოლოგიების გამოყენება, რათა ჩატარდეს დამატებითი კვლევები და სრულიად იქნას შესწავლილი მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. აღსანიშნავია, რომ სიმპოზიუმი 5G ანტენების ფართომასშტაბიან გამოყენებამდე ჩატარდა. 5G ინტერნეტზე სხვადასხვა პროვაიდერი სხვადასხვა სიხშირეს იყენებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ 3-300 გიგაჰერცის დიაპაზონში არ არის საკმარისი ენერგია იმისათვის, რომ ადამიანის სხეულის ქსოვილებთან, კანთან კონტაქტისას მათში დაირღვეს ქიმიური ბმები ან მოხდეს ელექტრონების ცვლილება. ამასთანავე 5G ანტენებს არამაიონიზირებელი გამოსხვივება აქვს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს არ წარმოადგენს.
5G-ის შესახებ ვრცლად იხილეთ:
- არის თუ არა 5G საფრთხე და უკავშირდება თუ არა ეს ტექნოლოგია COVID-19-ს?
- ადამიანთან ახლო კონტაქტი თუ 5G ქსელი – საიდან ვრცელდება კორონა?
- საიდან იღებს სათავეს კონსპირაცია 5G-ისა და ფრინველების შესახებ?
კოვიდ პანდემიის დაწყებიდან ვაქცინების შესახებ არაერთი დეზინფორმაცია და კონსპირაციული თეორია გავრცელდა. მათი უმეტესობა ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ვაქცინა ადამიანის დნმ-ზე და ორგანიზმზე ახდენს გავლენას. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია თითქოს ვაქცინა შეიცავს მიკროჩიპებს, რომლის მეშვეობითაც ჩვენი ადგილმდებარეობის მუდმივი კონტროლი ხდება. ამ თემაზე გავრცელებული დეზინფორმაციული და კონსპირაციული მტკიცებები როგორც მითების დეტექტორმა, ისე ცნობილმა საერთაშორისო გამომცემლებმა გადაამოწმეს. უსაფუძვლოა მტკიცებაც, რომ 5G ინტერნეტი უკავშირდება ვაქცინაში არსებულ მიკრობოტებს და ისინი ასეთი სახით ახდენენ გავლენას ჩვენს ორგანიზმზე. არანაირი სახის მტკიცებულება ამის შესახებ არ არსებობს. Pfizer/BioNTech და Moderna-ს ვაქცინები შეიცავენ ლიპიდურ ნანონაწილაკებს, რომლებიც 1960 წლიდან აქტიურად გამოიყენება ვაქცინების შესაქმნელად და ეს ხელს უწყობს ვაქცინის მესენჯერული რნმ-ს დაცვას და ტრანსპორტირებას.
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.