ცოცხალი ორგანიზმები ვაქცინაში და ტრანსჰუმანური ბავშვი – რა დეზინფორმაციებს შეიცავს ზელენკოს ანგარიში?

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

53
VIEWS

4 ოქტომბერს ფეისბუქ-პროფილმა Lu Ka გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ პროფესორი ზელენკოს “ვაქცინაციით გარდაცვალების ანგარიშის” ერთ-ერთი ფრაგმენტი ექიმ ქერი მადეის აღმოაჩენას ეთმობა, რომლის მიხედვითაც მადეი ვაქცინებს, მოდერნასა და ჯონსონ & ჯონსონს მიკროსკოპის ქვეშ დააკვირდა და მასში რვაფეხას მსგავსი, ცოცხალი ორგანიზმი აღმოაჩინა.  ქერი მადეი ამ თემაზე სტიუ პიტერსის შოუში საუბრობს, რამდენიმე ფეისბუქ-პროფილმა ამ გადაცემის ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა.

"
Lu Ka-მ პოსტები ზელენკოს ანგარიშის კიდევ ორი ფრაგმენტის შესახებ გამოაქვეყნა. ერთ-ერთ პოსტში აღნიშნულია, რომ მექსიკაში ვაქცინირებული მშობლების ახალდაბადებული ბავშვები ტრანსჰუმანურები არიან და მათ შავი ფერის თვალები აქვთ და ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად ვითარდებიან.

"
მეორე პოსტში კი წერია, რომ დოქტორი ჯეინ რუბის თქმით, ადამიანებს ვაქცინის განსხვავებულ დოზებს უკეთებენ, რითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ ვაქცინის მიღების შემდეგ ზოგი თავს კარგად გრძნობს, ზოგიერთს კი მძიმე გვერდითი მოვლენები უვლინდება და იგივე მოხდება ბუსტერების შემთხვევაშიც.

"

1 ოქტომბერს ზელენკოს “ვაქცინაციით გარდაცვალების ანგარიშთან” დაკავშირებით პოსტი ფეისბუქ-პროფილმა ლაშა მენთეშაშვილმაც გამოაქვეყნა, ის წერს, რომ ვაქცინების გამო მსოფლიოში მილიონობით ადამიანია გარდაცვლილი.

ზელენკოს ანგარიში დეზინფორმაციულ მტკიცებებზეა აგებული: 1. განცხადება, რომ ვაქცინებში ცოცხალი ორგანიზმებია, მტკიცებულების გარეშეა; 2. ფოტოს, რომელიც თითქოს “ტრანსჰუმანურ ბავშვს” ასახავს, ვაქცინაციასთან კავშირი არ აქვს; 3. ფაიზერის ვაქცინის განსხვავებული დოზები მხოლოდ კლინიკური კვლევისას გამოიყენებოდა, და არა საყოველთაო ვაქცინაციისას; 4. ზელენკოს ანგარიში VAERS-ის სისტემაში შეყვანილ მონაცემებს ეყრდნობა, რაც ვაქცინაციას და გარდაცვალებას შორის კავშირს არ ადასტურებს.

“ვაქცინაციით გარდაცვალების ანგარიშის” სახელით გავრცელებული 52-გვერდიანი დოკუმენტი ვებ-გვერდ stopworldcontrol.com-ზე 25 სექტემბერს დევიდ ჯონ სორენსენისა და ვლადიმირ ზელენკოს ავტორობით გამოქვეყნდა. უმეტესწილად ანგარიში წყაროებად ანტივაქსერი ექიმების ინტერვიუებსა და სხვა არალევენანტურ მასალებს იყენებს, დოკუმენტი არაერთ დეზინფორმაციულ, დაუდასტურებელ და კონსპირაციულ მტკიცებას შეიცავს და მიზნად ანტივაქსერული განწყობების გაღვივებას ისახავს.

"

1. ქერი მადეის განცხადება, თითქოს ვაქცინებში ცოცხალი ორგანიზმებია, მტკიცებულების გარეშეა; ვაქცინების შემადგენლობა საჯაროა და მასში ცოცხალი ორგანიზმები არ შედის

ზელენკოს ანგარიშის ერთ-ერთი ქვეთავის მიხედვით, ექიმმა ქერი მადეიმ მოდერნასა და ჯონსონი & ჯონსონის ვაქცინების ფლაკონები მიკროსკოპის ქვეშ შეამოწმა და მათში ცოცხალი ორგანიზმი აღმოაჩინა, რომელსაც საცეცები აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილდება. ანგარიშში ამ ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ სტიუ პიტერსის შოუში გასული ქერი მადეის ინტერვიუა მითითებული. ინტერვიუში ქერი მადეი აღნიშნავს, რომ ჯორჯიას შტატში ადგილობრივმა ლაბორატორიამ მას ვაქცინის მიკროსკოპის ქვეშ შემოწმება შესთავაზა, შემოწმების შემდეგ კი მან ვაქცინებში საცეცებიანი ცოცხალი ორგანიზმი დაინახა, ასევე გრაფენის ოქსიდი და ჰიდროგელებიც აღმოაჩინა.

"

ქერი მადეის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მტკიცებულებების გარეშეა, რადგან მას არ აქვს არანაირი დოკუმენტური წყარო, მაგალითად კვლევის ანგარიში, რომელშიც სრულფასოვნად იქნებოდა აღწერილი მადეის მიერ ვაქცინის ფლაკონის შესწავლის პროცესი და შედეგები. ამასთან, ვაქცინების შესახებ აქამდე არსებული მეცნიერული მტკიცებულებები საპირისპიროს ამტკიცებს. მნიშვნელოვანია, რომ ქერი მადეის ვაქცინებთან დაკავშირებით აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია დეზინფორმაცია, შესაბამისად ის სანდო წყაროდ ვერ ჩაითვლება.

ქერი მადეი არ აკონკრეტებს ლაბორატორიას, რომელშიც მან ვაქცინების ფლაკონები მიკროსკოპის ქვეშ შეამოწმა, შესაბამისად უშუალოდ ლაბორატორიასთან ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია. გარდა ამისა, ჩვენთვის უცნობია, რამდენად რეალურია ინფორმაცია, რომ ქერი მადეის ლაბორატორიაში ნამდვილად გადასცეს ვაქცინის ფლაკონი, ასევე რამდენად დაიცვა მან ჰიგიენა და ხომ არ იყო მის მიერ შემოწმებული სითხე დაბინძურებული. ანგარიშისთვის დართული ფოტო, რომელზეც რვაფეხას მსგავსი არსებაა გამოსახული, უამრავ რამეს შეიძლება ასახავდეს და მხოლოდ ფოტო ვერ იქნება იმის დამადასტურებელი, რომ ის ნამდვილად ვაქცინის მიკროსკოპის ქვეშ შემოწმებისასაა გადაღებული.

ყველა ვაქცინის, მათ შორის მოდერნასა და ჯონსონ & ჯონსონის შემადგენლობა საჯაროა, არცერთი მათგანი არ შეიცავს რაიმე ტიპის ცოცხალ ორგანიზმებს, გრაფენის ოქსიდს ან ჰიდროგელებს.

ქერი მადეი ჰიდროგელთან დაკავშირებით დეზინფორმაციას აქამდეც ავრცელებდა, იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
რა ვიცით მიკრონემსების და ID 2020 Alliance-ის შესახებ? 

2. ფოტო, რომელზეც, ანგარიშის მიხედვით, ტრანსჰუმანური ბავშვია გამოსახული ტიკ-ტოკის ვიდეოდანაა, ბავშვის დედამ სხვა ვიდეოში აღნიშნა, რომ ის ორსულობის პერიოდში ვაქცინირებული არ ყოფილა; ვიდეო ერთგვარი ტიკ-ტოკ ტრენდის ნაწილია, რომელიც პანდემიის პერიოდში დაბადებულ ბავშვებს ეხება. მას ვაქცინებთან კავშირი არ აქვს;

ზელენკოს ანგარიშის ერთ-ერთი ქვეთავია “ტრანსჰუმანური ბავშვი”, რომელშიც აღნიშნულია, რომ მექსიკაში ვაქცინირებული მშობლების ახალდაბადებულ ბავშვებს მთლიანად შავი ფერის თვალები აქვთ, ასევე ისინი უფრო სწრაფად ვითარდებიან, მაგალითად სწრაფად სწავლობენ ფეხზე დგომასა და სიარულს. ამ ქვეთავში ბავშვის ფოტოცაა ჩასმული, რომელსაც შავი თვალები აქვს.

"

ბავშვის ფოტო ტიკ-ტოკის მომხმარებლის, სახელად larasaadeddine1-ის მიერ 1 ივლისს გამოქვეყნებული ვიდეოს ფრაგმენტია. ის ვიდეოში ნაჩვენები ბავშვის დედაა და წერს, რომ მისი შვილი მხოლოდ 2 დღის იყო, თუმცა უკვე სწორად ჯდომა შეეძლო.

"
პირველ ოქტომბერს მან გამოაქვეყნა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც ბავშვის ვიდეოს ვაქცინაციასთან და გენეტიკურ მუტაციებთან დაკავშირების მცდელობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბავშვი სავსებით ჯანმრთელია, მან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არა ორსულობის პერიოდში, არამედ მშობიარობიდან 7 თვის შემდეგ გაიკეთა.

"
ბავშვის ვიდეოს ტიკ-ტოკის სხვა მომხმარებლის, სახელად loveandpositiveenergy-ის ხმა (ე.წ Sound) აქვს გადადებული, რომელშიც ის საუბრობს, რომ პანდემიის დროს დაბადებული ბავშვები განსხვავებულები არიან, ამ ხმის ფონზე ათასობით ვიდეოა გამოქვეყნებული, რომლებშიც ტიკ-ტოკის მომხმარებლები პანდემიის პერიოდში დაბადებული ბავშვების “განსაკუთრებულ უნარებსა” და სიძლიერეს წარმოაჩენენ, როგორებიცაა დაბადებიდან რამდენიმე დღეში თავის სწორად დაჭერა, 2 კვირის ასაკში ცოცვა და ა.შ. ანტივაქსერულმა ჯგუფებმა სწორედ ეს ვიდეოები გააერთიანეს და გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ვიდეოებში ნაჩვენები ბავშვები ვაქცინირებული მშობლების შვილები, შესაბამისად ტრანსჰუმანურები არიან და სწორედ ამიტომ აქვთ მათი ასაკისთვის განსაკუთრებული უნარები.

"

პოპულარული ე.წ sound-ის ავტორს სხვა არაერთი ვიდეო აქვს ჩაწერილი, რომელშიც საკუთარ შვილის მაგალითზე დაყრდობით ამბობს, რომ პანდემიის დროს დაბადებული ბავშვები უფრო ჭკვიანები არიან, ასევე უფრო მალე სწავლობენ ფეხზე დგომას. აღსანიშნავია, რომ ტიკ-ტოკის მომხმარებელი ვიდეოებში ვაქცინაციას არ ახსენებს და მის აზრს, რომ პანდემიის დროს დაბადებული ბავშვები განსხვავებულები არიან, ვაქცინას არ უკავშირებს.

ვაქცინაციის და ახალშობილებში გამოვლენილი დარღვევების კავშირის შესახებ დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში წარსულშიც გავრცელებულა. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

3. ფაიზერის ვაქცინის განსხვავებული დოზები მხოლოდ კლინიკური კვლევის პირველ ფაზაში გამოიყენება, მეორე-მესამე ფაზაში და საზოგადო ვაქცინაციის დროს სტანდატრული 0.3 მილილიტრიანი დოზა გამოიყენება. ამასთან ბუსტერი შემადგენლობითა და დოზირებით პირველი ორი დოზის იდენტურია;

ანგარიშში მოყვანილია დოქტორი ჯეინ რუბის მტკიცება, რომ ადამიანებს ვაქცინის განსხვავებულ დოზებს უკეთებენ, რითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ ვაქცინის მიღების შემდეგ ზოგი ადამიანი თავს კარგად გრძნობს, ზოგიერთს კი მძიმე გვერდითი მოვლენები უვლინდება. რუბის თქმით, ეს ინფორმაცია ფაიზერის კლინიკური კვლევების პროტოკოლშია მოცემული.

რუბი ასევე ამბობს, რომ თუ ხალხი ვაქცინის ბუსტერ დოზას გაიკეთებს, მათაც, ინფორმირებული თანხმობის გარეშე, სხვადასხვა დოზას გაუკეთებენ. მისივე თქმით, ბუსტერის ზოგიერთი ფლაკონი 100 ან 250 მიკროგრამ მ-რნმ-საც შეიცავს.

ჯეინ რუბის მტკიცება, თითქოს მოქალაქეებს ფაიზერის ვაქცინის სხვადასხვა დოზებს უკეთებენ, დეზინფორმაციაა. მის მიერ დასახელებულ ფაიზერის კლინიკური კვლევების პროტოკოლში წერია, რომ ვაქცინის სხვადასხვა დოზას მოხალისეებს მხოლოდ კლინიკური კვლევის პირველ ფაზაში უკეთებენ, მეორე და მესამე ფაზაში კი მხოლოდ 0.3 მილილიტრიან დოზას იყენებენ.

"

The Conversation კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების კლინიკური კვლევების პროცესის განმარტებით სტატიაში აღნიშნავს, რომ ცხოველებზე გამოცდის ეტაპსა და ადამიანებზე გამოცდის პირველ ფაზაში, მათ ვაქცინის სხვადასხვა დოზას აძლევენ, რათა გვერდითი მოვლენები და იმუნური პასუხი შეამოწმონ. კლინიკური კვლევების პირველ ფაზაში 10-100 ჯანმრთელი მოხალისე მონაწილეობს.

იმავე ინფორმაციას გვაძლევს ფაიზერის ვაქცინის კლინიკური ცდების პროტოკოლიც, რომელშიც აღნიშნულია, რომ განსხვავებული დოზები მხოლოდ პირველი ფაზის დროს გამოიყენება, მეორე და მესამე ფაზის დროს, მონაწილეებს სტანდარტული 0.3 მილილიტრიანი დოზით ცრიან. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ფაიზერით ვაქცინაციის პროცესში იგივე, 0.3 მილილიტრიანი დოზა გამოიყენება.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ აქვთ ადამიანებს ვაქცინის მიღების შემდეგ სხვადასხვა სიძლიერის გვერდითი მოვლენები, ეს მარტივად აიხსნება იმით, რომ ყველას იმუნური სისტემა განსხვავდება მრავალი ფაქტორით, მათ შორისაა გენეტიკა, ასაკი, ბიოლოგიური სქესი, არსებული დაავადებები და ა.შ. სწორედ ამიტომ ვაქცინაციის შემდეგ ყველა ორგანიზმის იმუნური პასუხი ინდივიდუალურია.

დეზინფორმაციაა ისიც, რომ ბუსტერის სხვადასხვა ფლაკონი სხვადასხვა რაოდენობით მ-რნმ-ს შეიცავს. რეალურად, ფაიზერის ბუსტერული დოზა პირველი ორი დოზის იდენტური შემადგენლობისაა და შეიცავს არა 100 ან 250 მიკროგრამ ნუკლეოზიდ-მოდიფიცირებული მესენჯერულ რნმ-ს, არამედ მხოლოდ 30 მიკროგრამს. რაც შეეხება ადამიანებისთვის მათთვის უცნობი ბუსტერული დოზების გაკეთებას, ეს ინფორმაცია მცდარია, რადგან FDA-ს მიხედვით, ბუსტერი პირველი ორი აცრისას გამოყენებული იდენტური, 0.3 მილილიტრიანი დოზით კეთდება.

"

ჯეინ რუბის ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია. ის საკუთარ თავს სამედიცინო ექსპერტად მოიხსენიებს, თუმცა Forbes-ის მიერ გამოქყევნებული სტატიის მიხედვით, მას დოქტორის ხარისხი ფსიქოლოგიაში აქვს მიღებული და არა მედიცინაში.

ჯეინ რუბის მიერ ადრე გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
ცრიდა თუ არა კომპანია ფაიზერი პაციენტების 50%-ს პლაცებოთი?

4. ანგარიშში გარდაცვალებებისთვის ვაქცინაციის დასაკავშირებლად VAERS-ის სისტემას იყენებენ, რაც მანიპულაციაა, რადგან VAERS-ის სისტემის მონაცემები გარდაცვალების შემთხვევებსა და ვაქცინაციას შორის კავშირს არ ადასტურებს.

ზელენკოს “ვაქცინით გარდაცვალების ანგარიში” გარდაცვალების შემთხვევებზე საუბრისას ისეთ წყაროებს ეყრდნობა, რომლებიც ვერ ამტკიცებენ, რომ ვაქცინებით ადამიანები ნამდვილად გარდაიცვალნენ. მათ შორისაა VAERS-ის მონაცემები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ როგორც CDC იუწყება, ამერიკაში ვაქცინების მიღების შედეგად 15, 386 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მტკიცება დეზინფორმაციაა, რადგან CDC-ის ვებ-გვერდზე 3 ოქტომბერს განახლებულ VAERS-ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ VAERS-ის ბაზაში ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვალების სულ 8390 (0.0021%) შემთხვევაა ასახული, თუმცა გარდაცვალების შემთხვევებსა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ დასტურდება.

VAERS-ის ოფიციალური მონაცემთა ბაზა ვაქცინის გვერდითი მოვლენების აღრიცხვის სისტემაა, რომელშიც ვაქცინირებულ პაციენტებსა და სხვა ნებისმიერ მსურველს ვაქცინის შემდგომი გამოცდილების ასახვა შეუძლია.  ვებ-გვერდზე ასევე ნათქვამია: “შეტყობინება გვერდითი მოვლენის შესახებ არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ გართულება უპირობოდ ვაქცინამ გამოიწვია.” VAERS-ის მონაცემები არ არის გაანალიზებული და შეიძლება შეიცავდეს არასრულ, არაზუსტ ინფორმაციას ან წარმოადგენდეს დამთხვევას.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:
რა არის და რამდენად სანდო წყაროა VAERS-ი?

ანგარიშში ასევე ნახსენებია ანონიმური წყარო, რომელიც ჯეინ დოის სახელით პოზიციონირებს. ამ წყაროს თქმით, VAERS-ის ბაზაში მონაცემები ბოლომდე ასახული არ არის და ვაქცინის მიღების შემდეგ გარდაცვალების მინიმუმ 5-ჯერ ნაკლები შემთხვევაა შეყვანილი, ვიდრე რეალურად არის. აღნიშნული მტკიცება დეზინფორმაციაა, რადგან ჯეინ დოის გამოთვლები ბუნდოვანია, რადგან მას არ გაუმჟღავნებია, თუ ზუსტად რა გზა გაიარა გარდაცვალების შემთხვევების დათვლის დროს და VAERS-ში კონკრეტულად რომელი პარამეტრებით მოძებნა და გაფილტრა გარდაცვალების შემთხვევები. გარდა ამისა, მას ახსნილი არ აქვს, თუ რატომ მივიდა დასკვნამდე, რომ VAERS-ის ბაზაში ასახული გარდაცვალების შემთხვევები რეალურ შემთხვევებზე 5-ჯერ ნაკლებია.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:
დეზინფორმაცია, თითქოს ვაქცინის მიღებიდან 3 დღეში 45 000 ადამიანი გარდაიცვალა

ანგარიშში ერთ-ერთ მტკიცებულებად ერთ-ერთი ტელევიზიის ფეისბუქ-პოსტის კომენტარებია წარმოდგენილი. კომენტარების ავტორები აცხადებენ, რომ მათი ოჯახის წევრი ან ნაცნობი COVID-19 ვაქცინებისგან გარდაიცვალა ან სერიოზული უარყოფითი გვერდითი განიცადა. ეს კომენტარები კონტექსტსა და არსებით მტკიცებულებებს არ შეიცავს და შესაბამისად, რელევანტური წყარო ვერ იქნება.

"

ვლადიმირ, იგივე ზევ ზელენკოს კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. ვრცლად ზელენკოს და მისი მეცნიერულად დაუდასტურებელი მკურნალობის მეთოდის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:

ზემოთ განხილული დეზინფორმაციების გარდა, ზელენკოს ანგარიშში ნახსენებ სხვა დეზინფორმაციებისა და კონსპირაციებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

  • ვაქცინები მომწამლავ ნივთიერება “გრაფენის ოქსიდს” არ შეიცავენ:

რა კავშირი აქვს გრაფენის ოქსიდს ვაქცინასთან, მელანია ტრამპის კაბასთან და ტატუ-არტისტთან?

  • ვაქცინები ადამიანის დნმ-ს არ ცვლის:

რნმ-ზე თუ დნმ-ზე დამყარებული ვაქცინა?

  • რნმ ვაქცინები მავნებელი არ არის, არც მათ მიერ წარმოქმნილი სპაიკ ცილაა ტოქსიკური:

ვინ არის რნმ ტექნოლოგიის გამომგონებელი და განაცხადა თუ არა მან, რომ ვაქცინები მავნებელია?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist