ცნო თუ არა ჰააგის სასამართლომ “ანშეი ემეტის” სარჩელი დასაშვებად და რა მცდარ მონაცემებს ეყრდნობა სარჩელი

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

85
VIEWS

16 აპრილს ფეისბუქ-გვერდმა მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი / Mariam Kublashvili Law Office პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ანშეი ემეტის“ საზოგადოებამ სისხლის სამართლის საერთაშირისო სასამართლოში (ჰააგაში) ისრაელის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მათი მტკიცებით, ისრაელის მთავრობამ მოსახლეობას საყოველთაო ვაქცინაციაში მონაწილეობა აიძულა, რომლის გრძელვადიანი საზიანო ეფექტებიც ჯერ კიდევ უცნობია მეცნიერებისთვის.

;

საჩივრის სრულ ტექსტში ავტორები ისრაელის მთავრობას ნიურნბერგის კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ, ასევე აღნიშნავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ პოლიციის, ჯარის, განათლებისა და სამედიცინო პერსონალის 41%-ში ვაქცინაციის შემდეგ მძიმე გვერდითი ეფექტები გამოვლინდა.

ანტივაქსერულმა მოძრაობა “ანშეი ემეტმა” ისრაელის მთავრობის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში საჩივარი ნამდვილად გაგზავნა, თუმცა სასამართლოს საჩივარი ჯერჯერობით არ განუხილავს. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას, თითქოს ვაქცინირებულთა 41%-ს მძიმე გვერდითი ეფექტები გამოუვლინდა, ამგვარი განცხადება ღია წყაროებით არ იძებნება. 41%-იანი მაჩვენებელი პირველი დოზით ვაქცინირებულებში ზოგადად შეუძლოდ მყოფთა პროცენტულობას ემთხვევა, თუმცა ეს მწვავე გვერდით ეფექტად არ მიიჩნევა. ოფიციალური ინფორმაციით კი, მძიმე გვერდითი ეფექტები ვაქცინირებულთა 0.3%-ზე ნაკლებს გამოუვლინდა.

ჯერ-ჯერობით ჰააგის სასამართლოს საჩივარი არ განუხილავს

2021 წლის მარტში მოძრაობამ, სახელწოდებით “ანშეი ემეტ” (Anshei Emet – სიმართლის ხალხი), რომელიც ვაქცინაციის წინააღმდეგია, ისრაელის მთავრობის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში საჩივარი ნამდვილად გაგზავნა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლომ საჩივარი დასაშვებად ცნო ან მასზე გამოძიება დაიწყო. თავდაპირველად, სასამართლოს პროკურატურამ საჩივარი და წარდგენილი მასალები უნდა განიხილოს და ამის შემდეგ გადაწყვიტოს, არსებობს თუ არა გონივრული საფუძველი გამოძიების დასაწყებად.

როიტერისთვის ჰააგის სასამართლოს პროკურატურის მიერ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ისინი ყოველდღიურად  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავ საჩივარს იღებენ, თუმცა მათ მიერ საჩივრის წერილის მიღების დადასტურება საჩივრის განხილვის დაშვებაზე თანხმობად არ უნდა იქნეს აღქმული.

ისრაელის მთავრობის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ჯერ-ჯერობით არც ჰააგის სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებულ იმ საქმეებში იძებნება, რომლებზეც წინასწარი მოკვლევა ან უშუალოდ გამოძიებაა დაწყებული.

ისრაელში გვერდითი ეფექტები ვაქცინირებულთა 0.3%-ზე ნაკლებს გამოუვლინდა

ანშეი ემეტის საჩივარში აღნიშნულია, რომ ვაქცინიაციის შემდეგ გარდაცვლილთა და დაშავებულთა სრული ანგარიშები და მონაცემები არ არსებობს, რაც კონსპირაციული მტკიცებაა, რადგან ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკური ცდებისა და ვაქცინირებულებში გამოვლენილი გვერდითი ეფექტების ანგარშებს ეტაპობრივად აქვეყნდებდა.

გარდა ამისა, საჩივარში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ  პოლიციის, ჯარის, განათლებისა და სამედიცინო პერსონალის 41%-ში ვაქცინაციის შემდეგ მძიმე გვერდითი ეფექტები გამოვლინდა. ამგვარი განცხადება ღია წყაროებით არ იძებნება. ის ოფიციალურ სტატისტიკასთანაც წინააღმდეგობაში მოდის. აღნიშნული მაჩვენებული, 41%, პირველი დოზით ვაქცინირებულებში ზოგადად შეუძლოდ მყოფთა პროცენტულობას ემთხვევა, თუმცა ეს მწვავე გვერდით ეფექტად არ მიიჩნევა და ვაქცინის მიღების შემდეგ ნორმალურია.

2 თებერვალს Times of Israel-ის მიერ გამოაქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი ეფექტები ვაქცინირებულთა მხოლოდ 0.3%-ზე ნაკლებს გამოუვლინდა.

გვერდითი ეფექტების უმეტესობა მსუბუქი იყო, მაგალითად ვაქცინირებულთა 50% პირველი დოზის შემდეგ მხარში ტკივილს გრძნობდა, 41% კი თავს შეუძლოდ გრძნობდა. აღნიშნული ციფრები 2 768 200 ისრაელის მოქალაქის პირველი დოზით ვაქცინაციისა და 1 377 827 მოქალაქის მეორე დოზით ვაქცინაციის მონაცემებს ასახავს.

აღსანიშნავია, რომ ალერგიული რეაქციების, მათ შორის ანაფილაქსიის, პირველი დოზით ვაქცინირებულებში მხოლოდ 165, ხოლო მეორე დოზით ვაქცინირებულებში კი 47 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც The Jerusalem Post წერს, ფაიზერის კლინიკური გამოცდის დროს, 2 ადამიანი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა, გარდაიცვალა, თუმცა ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მიიჩნია, რომ შემთხვევებს ვაქცინასთან კავშირი არ აქვთ.

ამავე თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
დეზინფორმაციაა, თითქოს ისრაელში ვაქცინირებულთა სიკვდილიანობამ აუცრელთა სიკვდილიანობას გადააჭარბა

რაც შეეხება ნიურნბერგის კოდექსს, სარჩელში ნათქვამია, რომ კორონავირუსის M-RNA  ვაქცინა ინოვაციურია და ისრაელის მთავრობა ნიურნბერგის კოდექსს არღვევდა, როდესაც მათ, ვისაც კორონავირუსზე აცრას უტარებდა, არ ატყობინებდა, რომ ისინი სამედიცინო ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ. ამის საფუძვლად სარჩელში ნახსენებია ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუსა და Pfizer-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც თითქოს მითითებულია, რომ ისრაელი მილიონობით დოზა ვაქცინას მიიღებს იმის სანაცვლოდ, რომ მისი მოსახლეობა ფარმაცევტული კომპანიის ექსპერიმენტის მონაწილე გახდება.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროსა და Pfizer-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში ექსპერიმენტზე საუბარი არ არის. ის შეეხება თანამშრომლობას ვაქცინის დისტრიბუციის და ადმინისტრირების შესახებ ინფორმაციის გაზიარებაზე. ამ კუთხით ისრაელის ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გამოხატა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ შეიძლება კომპანიასთან ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებისას აცრილთა პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მოხდეს. მათი ეს განცხადება გახდა დაზინფორმაციის გავრცელების საფუძველი, თითქოს ჰელსინკის კომიტეტი აცხადებდა, რომ Pfizer ადამიანებზე უკანონო ექსპერიმენტებს ატარებს. მსგავსი დეზინფორმაცია ჰელსინკის კომიტეტში უარყვეს და განაცხადეს, რომ ისრაელში მიმდინარე ვაქცინაცია ვაქცინის გამოცდას არ წამოადგენს.

სხვადასხვა ქვეყნის ანტივაქსერული მოძრაობები ნიურნბერგის კოდექსის დარღვევის საკითხზე ხშირად აპელირებენ. რეალურად, ნიურნბერგის კოდექსი ადამიანებზე სამედიცინო ექსპერიმენტების ჩატარებას კრძალავს და ვაქცინაცია ნიურნბერგის კოდექსს არ ეწინააღმდეგება.

ამავე თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
AstraZeneca-ს ვაქცინა ნიურნბერგის კოდექსს არ არღვევს

სარჩელში საუბარია იმაზეც, რომ ისრაელის მთავრობა მოქალაქეებს არ აცნობდა ინფორმაციას კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ალტერნატივების შესახებ. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო დამტკიცებული პრეპარატი ან მისი განკურნების რაიმე სხვა მეთოდი ამ დრომდე არ არსებობს. ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე ისრაელმა შემოიღო კარანტინის მკაცრი ზომები, რომელთა მოხსნაც ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობასთან ერთად ეტაპობრივად ხდება. მას შემდეგ, რაც ქვეყნის 16 წელს ზემოთ მოსახლეობის თითქმის 81% უკვე აიცრა Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზით და კორონავირუსით დაავადების და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მკვეთრად შემცირდა, ისრაელში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist