30 ივნისს ფეისბუკ ანგარიშმა Read Joke საბერძნეთის საჰაერო ძალების გამანადგურებლის Mirage 2000-ის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. გავრცელებული პოსტისა და თანდართული ფოტოების თანახმად, საბერძნეთის მოიერიშე თვითმფრინავზე წმინდანების, მიქაელ მთავარანგელოზისა და წმინდა გიორგის გამოსახულებები არის დართული.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები პროგრამულადაა დამუშავებული. რეალურად, მოიერიშე თვითმფრინავის, Mirage 2000-5F-ის ფოტო 2008 წლის 28 ივნისს საფრანგეთში არის გადაღებული და ფრანგული საჰაერო ძალების საკუთრებას წარმოადგენს, თუმცა ორიგინალ ფოტოზე წმინდანების გამოსახულება არ გვხვდება.
მოიერიშე თვითმფრინავის ფოტოები წმინდა გიორგისა და მიქაელ მთავარანგელოზის გამოსახულებებით სხვადასხვა ბერძნულ ბლოგსა თუ საიტზე 2015 წლის თებერვლიდან იძებნება.
ინტერნეტში გავრცელებული “მირაჟის” ფოტოები 2021 წლის ნოემბერში ბერძენმა ფაქტების ანალიტიკოსებმა შეისწავლეს. რეალურად, მოიერიშე თვითმფრინავის ფოტო 2008 წელს საფრანგეთის ქალაქ დიჟონში, სტივ ფლინტის მიერ არის გადაღებული და მასზე არა ბერძნული, არამედ საფრანგეთის საჰაერო ძალების კუთვნილი Mirage 2000-5F არის გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ ფოტოს ორიგინალური ვერსია ორჯერ არის დამუშავებული. მასზე ჯერ წეროს გამოსახულებაა წაშლილი, შემდეგ კი ფოტოს დართული აქვს ილუსტრატორ ლიონდას ქრისტოსის მიერ შექმნილი წმინდა გიორგის იკონოგრაფია.

დამუშავებულ ფოტოზე დაკვირვების შემთხვევაში, კვლავ არის შესაძლებელი ფრანგული “მირაჟის” კუდზე დატანილი თავდაპირველი გამოსახულებისა და რუხი ლაქების შემჩნევა. დამუშავებულ ფოტოზე ასევე ჩანს ფრთის მონახაზი და ცისფერი ალი, რომელიც მოგვიანებით წაიშალა.
ასევე პროგრამულად არის დამუშავებული მეორე ფოტო, რომელზედაც მიქაელ მთავარანგელოზის გამოსახულებაა დატანილი.
გარდა ამისა, გამოსახულების გუგლის საძიებო სისტემის საშუალებით გადამოწმებით ვიგებთ, რომ გამოყენებული ცისფერი ფონი დამოუკიდებელი ფოტოა.

გამოდის, რომ რეალური ფოტოს ფონი წაშლილია და იგი ჩანაცვლებულია ღრუბლიანი ცის ფოტოთი,
რომელიც ინტერნეტში თავისუფლადაა ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათ-კვირას, საბერძნეთის საჰაერო ძალებში (HAF) მფარველი წმინდანის, მთავარანგელოზ მიქაელის დღეს აღნიშნავენ და საზოგადოებას საჰაერო ძალების ბაზას წარუდგენენ. ღონისძიებაზე ადამიანებს საჰაერო ტექნიკის ახლოდან ნახვისა და პილოტებთან საუბრის შესაძლებლობა აქვთ. 2015 წლის 5 ნოემბერს საბერძნეთის საჰაერო ძალებმა ღონისძიებაზე სხვადასხვა მოიერიშე სამხედრო თვითმფრინავ წარადგინეს. მათ შორის იყო 332 Sqn Mirage 2000 EGM 239, რომლზეც საბერძნეთის შეიარაღებული ძალების მფარველი, მთავარანგელოზი მიქაელი იყო გამოსახული, თუმცა გამოსახულება საქართველოში გავრცელებული დამუშავებული ფოტოსგან მნიშვნელოვნნად განსხვავდება.

წყაროს შესახებ
ფეისბუკ ანგარიშს Read Joke კორონავირუსის შესახებ არაერთი მცდარი და მანიპულაციური პოსტი აქვს გამოქვეყნებული. ანგარიშის სხვადასხვა პოსტების მიხედვით, ის ნეონაცისტური ორგანიზაცია “საქართველოს ეროვნული ერთობის” ლიდერის გიორგი ჭელიძისა და პრორუსული ტელევიზიის ალტ-ინფოს მხარდამჭერია.
ანგარიშს ყალბი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:
- აზოვის ბატალიონის მიერ ჯვარზე დონბასელი მეომრის გაკვრის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
- რა წერია ლენდ-ლიზის აქტში და არის თუ არა კავშირში უკრაინიდან ხორბლის იმპორტთან?
- რა ხდება უკრაინა-პოლონეთის საზღვართან?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.