2021 წლის 25 ნოემბერს, Facebook ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ იწვის ერთ-ერთი შენობა. პოსტის აღწერის მიხედვით, სოლომონის კუნძულებზე მოსახლეობამ დაწესებულ ლოკდაუნზე პროტესტის ნიშნად სამთავრობო შენობებს ცეცხლი წაუკიდა.
2 დეკემბრის მდგომარეობით, პოსტს 700ზე მეტი მოწონება და 1000ზე მეტი გაზიარება აქვს.
მტკიცება, თითქოს სოლომონის კუნძულებზე მოსახლეობამ დაწესებული ლოკდაუნის გამო მთავრობის შენობას ცეცხლი წაუკიდა, ნაწილობრივ მცდარია. გავრცელებული ვიდეო მართლაც ასახავს სოლომონის კუნძულებზე 24 ნოემბერს დაწყებული მასშტაბური პროტესტის შედეგს, თუმცა პროტესტი ქვეყნის შიდა სოციო-ეკონომიკურმა მდგომარეობამ და მთავრობის მიერ განხორციელებულმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კოვიდ-19თან დაკავშრებული მასობრივი ლოკდაუნი სოლომონის კუნძულებზე არ დაწესებულა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19-მა პროტესტის გამწვავებაში ირიბი როლი ითამაშა, მისი მთავარ მიზეზად წარმოჩენა მანიპულაციურია.
თავდაპირველად, სოლომონის კუნძულებზე საპროტესტო გამოსვლები მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა მალევე ძალადობრივ დაპისიპირებაში გადაიზარდა. პროტესტის გამომწვევ ძირთად მიზეზებად ახალგაზრდებში უმუშევრობის მაღალი დონე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებით უკმაყოფილება, კუნძულთაშორისი მტრობა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ცვლილება სახელდება. პოლიტიკურ ცვლილებებში აღსანიშნავია მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ჩინეთის რესპუბლიკის (ტაივანი) ნაცვლად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (ოფიციალური პეკინი) ეღიარებინა.
პროტესტის მონაწილეების ძირითად მოთხოვნას პრემიერ მინისტრ სოგავარეს გადადგომა წარმოადგენდა. დემონსტრანტებმა მთავრობის შენობას ცეცხლი მაშინ წაუკიდეს, როდესაც ქალაქ ჰონიარას ჩაინათაუნში რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. მთავრობამ სიტუაციის დასასტაბილურებლად კომენდანტის საათი დააწესა და ავსტრალიიდან და ფიჯიდან მშვიდობისმყოფელები მოიწვია.
- ტაივანის აღიარების საკითხი
სამოქალაქო ომის შემდეგ, 1949 წელს პეკინში კომუნისტური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (PRC) დაარსდა. თუმცა, ნაციონალისტურმა დემოკრატიულმა მოძრაობამ, კუომინტანგმა შეინარჩუნა კონტროლი ტაივანის კუნძულზე, სადაც ჩინეთის რესპუბლიკა (ROC) დააარსა. PRC არ ცნობს ROC-ის სუვერენიტეტს და ახორციელებს დიპლომატიურ ზეწოლას სხვა ქვეყნებზე, რათა არ აღიარონ ROC-ის დამოუკიდებლობა. PRC-ის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო გავლენის ამაღლებასთან ერთად, PRC-ის პოზიცია გაძლიერდა. 2019 წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 70 წლის იუბილის ფონზე, სოლომონის კუნძულებმა გადაწყვიტა ტაივანისადმი ერთგულებზე უარი ეთქვა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის დაეჭირა მხარი. ამ გადაწყვეტილებამ რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსი დაარღვია და მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.
- კუნძულთაშორისი დაპირისპირება
სოლომონის კუნძულები მრავალი ინდივიდუალური კუნძულისგან შედგება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის კუნძული გუადალკანალი, სადაც მდებარეობს დედაქალაქი ჰონიარა, და კუნძული მალაიტა. ორ კუნძულს დაპირისპირების მდიდარი ისტორია აქვს. განსაკუთრებით ძალადობრივი იყო დაპირისპირება 1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც სახელმწიფო შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე გამოცხადდა ოთხთვიანი საგანგებო მდგომარეობა. მალაიტას კუნძული აშშ-სა და ტაივანისგან ფინანსდება, რათა შეაკავოს ჩინეთის გავლენის გაფართოება წყნარი ოკეანის რეგიონში. მეორეს მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს გუადალკანალის კუნძულზე, სადაც სამთავრობო შენობები მდებარეობს. ორი ზესახელმწიფოს ურთიერთქმედებამ კუნძულელებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გაამძაფრა.
- გამოცხადდა თუ არა ლოკდაუნი სოლომონის კუნძულებზე?
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ Covid-19-თან დაკავშრებული რამდენიმე სანქცია ნამდვილად შემოიღო, მას სრული ლოკდაუნი არ დაუწესებია. მაგალითისთვის, ქვეყანამ დააწესა მოგზაურობაზე აკრძალვა, შეაჩერა ყველა საერთაშორისო სამგზავრო ფრენა 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის ნოემბრამდე. აღსანიშნავია, რომ მოცემულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე, რომელიც დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული.
სოლომონის კუნძულებსა და ავსტრალიას შორის უსაფრთხოების ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, მთავრობამ ავსტრალიის პოლიცია და სამხედრო ძალები მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენაში დასახმარებლად მოიწვია. პრემიერ-მინისტრი სოგავარე არ გადამდგარა. ამჟამად სიტუაცია სტაბილურია, ზოგიერთი ბიზნესი ხელახლა იხსნება და ცხოვრება ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდება.
- ეკონომიკური სირთულეები
არ არსებობს სანდო მონაცემები Covid-19-თან დაკავშირებული სამუშაო ადგილების დაკარგვის მასშტაბის შესახებ სოლომონის კუნძლებზე, რადგან ბევრი ადამიანი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული. სოლომონის კუნძულებს არ აქვს უმუშევრობის ოფიციალური სტატისტიკა. მათი ცენტრალური ბანკის შეფასებით, კოვიდ-19 ის პერიოდში ფორმალური სამუშაო ადგილების 8.68%-ია დაკარგული. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2019 წელს ტურიზმმა მთლიანი შიდა პროდუქტის 12,8% შეადგინა, რაც წელიწადნახევარზე მეტია შეჩერებულია. ამრიგად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტურიზმის შეჩერების გამო ბევრ ადამიანს შემოსავალი ნამდვილად შეუმცირდა. მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-მა ირიბად შეუწყო ხელი ეკონომიკურ პრობლემებს, 24 ნოემბრის ძალადობის მხოლოდ Covid-19-ის პოლიტიკაზე დაყვანა შეცდომაში შემყვანია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.