წარმოქმნის თუ არა ვაქცინა ელექტრულ ველს და რამდენად სანდოა ჰარისის უნივერსიტეტი?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

36
VIEWS

22 სექტემბერს ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორმა ხათუნა საგინაშვილმა ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ჩილელმა მოლეკულურმა ბიოფიზიკოსმა გილიერმო იტურიაგამ “ასტრაზენეკას” ვაქცინაში ელექტრონული ნაწილაკები აღმოაჩინა და მისი თქმით, ვაქცინის ფლაკონის შენჯღრევისასაც კი მის გარშემო ელექტრული ველი წარმოიქმნება. საგინაშვილს კომენტარებში ვებ-გვერდ orwell.city-ს ბმული აქვს მითითებული, რომელზეც გილიერმო იტურიაგას ესპანურენოვანი ინტერვიუს ინგლისურად ნათარგმნი ვერსიაა გამოქვეყნებული. ის ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ვაქცინის ფლაკონის გარშემო ელექტრული ველი იქმნება და ამასთან, ვაქცინა გრაფენსაც შეიცავს.

"

საგინაშვილის პოსტში აღნიშნული ინფორმაცია, თითქოს ვაქცინა ელექტრონულ ნაწილაკებს შეიცავს და ელექტრულ ველს ქმნის, მტკიცებულებების გარეშეა, რადგან მის მიერ მოყვანილი ჩილელი მეცნიერის, გილიერმო იტურიაგას სახლის პირობებში ჩატარებული კვლევა არაერთ ხარვეზს შეიცავს და სამეცნიერო სანდოობა არ გააჩნია. გარდა ამისა, სამეცნიერო ნაშრომების ბაზებში იტურიაგას სახელით კვლევები არ იძებნება, იტურიაგას სამეცნიერო ხარისხი ჰარისის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ამ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებული არაზუსტი ინფორმაცია და ფოტომანიპულაციები კი მის რეალურობასა და სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

  • რა ხარვეზებია იტურიაგას მიერ ჩატარებულ კვლევაში?

გილიერმო იტურიაგას კვლევა სახლის პირობებშია ჩატარებული და არა ლაბორატორიაში, საეჭვოა ასტრაზენეკას ფლაკონის წარმომავლობაც, რომელიც იტურიაგამ შეისწავლა, რადგან ის ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ვაქცინის ფლაკონი ანონიმურად გამოუგზავნეს. გარდა ამისა, კვლევა არცერთ სანდო სამეცნიერო პლატფორმაზე გამოქვეყნებული არ არის, შესაბამისად არც კვალიფიციური მეცნიერების შემოწმება აქვს გავლილი. ე.წ კვლევა არაერთ ხარვეზს შეიცავს, შესაბამისად მის მიერ წარმოდგენილი შედეგებიც საეჭვოა და ვაქცინებთან დაკავშირებით დღემდე არსებული მეცნიერული მტკიცებულებები სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს.

გილიერმო იტურიაგას მიერ სახლის პირობებში ჩატარებული კვლევის ანგარიში დოკუმენტების გასაზიარებელ პლატფორმა DocDroid-ზეა ატვირთული და თავფურცელზე იტურიაგასა და მისი ორგანიზაციის Laser Beam Technology-ს სახელია მითითებული. ანგარიშის ტექსტური ნაწილი მხოლოდ რამდენიმე გვერდს შეადგენს, რომლებზეც ზოგადი ინფორმაციაა მოცემული და გამოყენებული ხელსაწყოებია ჩამოთვლილი. უმეტესი ნაწილი კი ფოტოებია, რომლებზეც ასტრაზენეკას ვაქცინის ელექტრომაგნიტურობის სხვადასხვა ხელსაწყოთი გაზომვის შედეგები ჩანს. ამრიგად, ე.წ ანგარიშში მიღებული შედეგები განხილული და ახსნილი არ არის, არც შესაბამისი დაკვნებია გამოტანილი და დასაბუთებული. ინფორმაცია არც იმასთან დაკავშირებით გვაქვს, რამდენად გამართულია გამოყენებული ხელსაწყოები."

  • ასტრაზენეკას ფლაკონის გარშემო დაფიქსირებული ელექტრული ველის დონე სხვადასხვა ტექნიკის სიახლოვეს არსებული დონისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება

როგორც ანგარიშში ჩანს, იტურიაგამ ასტრაზენეკას ფლაკონში და მის გარშემო ელექტრომაგნიტური ველის გასაზომად სხვადასხვა ხელსაწყო გამოიყენა და ეს სახლის პირობებში გააკეთა, რაც დამატებით ეჭვებს აჩენს, რადგან არ ვიცით, იყო თუ არა იმ სივრცეში ისეთი ნივთები, რომლებსაც ელექტრომაგნიტურობის გაზრდა შეუძლიათ, მაგალითად სხვადასხვა ტექნიკა. ანგარიშში არ ჩანს, რამდენად დაცული იყო ეს პირობა და ზოგადად, რა გააკეთა და როგორ უზრუნველყო იტურიაგამ, რომ კვლევის მიმდინარეობისას გარემო ფაქტორებს შედეგებზე გავლენა არ მოეხდინა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ელექტრომაგნიტური ველის საზომი ხელსაწყოს წინ ვაქცინის ფლაკონის შენჯღრევისას ელექტრული ველის მაქსიმალურმა დონემ 50-53 ვ/მ-ს (ვოლტი/მეტრი) მიაღწია, საშუალოდ კი 20-31 ვ/მ-ს ფარგლებში მერყეობდა.

ჯანმოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა ტექნიკა ელექტრული ველის სხვადასხვა სიძლიერეს ავლენს, მაგალითად 30 სანტიმეტრის მანძილზე უთოსა და მაცივრის ელექტრომაგნიტურობის დონე 120 ვ/მ-ია, ტელევიზორის 100 ვ/მ, ტოსტერისა და თმის ფენის 80 ვ/მ, მტვერსასრუტის კი 50 ვ/მ. იტურიაგას ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის ფლაკონის გარშემო ელექტრული ველის მაქსიმალური დონე 50-53 ვ/მ იყო, რაც თავისუფლად შესაძლებელია დაფიქსირებულიყო ახლომახლო რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკის არსებობის გამო.

"

  • ვაქცინის შემადგენლობაში არ არის ისეთი ნივთიერება, რომელიც ელექტრონულ ნაწილაკებს ან ელექტრულ ველს შექმნიდა

არცერთი ავტორიზებული ვაქცინა, მათ შორის არც ასტრაზენეკა არ შეიცავს ლითონებს, რადიაციულ ტექნოლოგიას ან რაიმე სხვა ისეთ ნივთიერებას, რომელიც ელექტრომაგნიტურობას გაზრდიდა.

დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინა ელექტრომაგნიტურობას ზრდის, აქამდე ვაქცინირებულთა მკლავთან ელექტრომაგნიტური ველის საზომი ხელსაწყოს გამოყენებით დაფიქსირებულ შედეგებზე დაყრდნობით ვრცელდებოდა, ამასთან დაკავშირებით Health Desk ხსნის, რომ ყველა ადამიანი და ნივთი გამოყოფს გარკვეული დონით (უმეტესწილად დაბალ) ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, ელექტრომაგნიტური ველის საზომი ხელსაწყოს მიერ დაფიქსირებული მაღალი დონის მიზეზი კი არა ვაქცინა, არამედ რადიოთერაპია, იმპლანტები ან ახლოს მდებარე სხვადასხვა ხელსაწყოა.

ავტორიზებული ვაქცინების, მათ შორის არც ასტრაზენეკას შემადგენლობაში გრაფენის ოქსიდი არ შედის. გრაფენის ოქსიდთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
რა კავშირი აქვს გრაფენის ოქსიდს ვაქცინასთან, მელანია ტრამპის კაბასთან და ტატუ-არტისტთან?

ვინ არის იტურიაგა და რამდენად სანდოა ჰარისის უნივერსიტეტი?

როგორც გილიერმო იტურიაგას კვლევის ანგარიშშია მითითებული, იტურიაგა მკვლევარი, ელექტრო ინჟინერია (Electrical Engineer) და მას მოლეკულური ბიოფიზიკის ხარისხი ჰარისის უნივერსიტეტში (აშშ) აქვს მიღებული.

სამეცნიერო ნაშრომების ბაზებში, ResearchGate და PubMed, ასევე Google Scholar გილიერმო იტურიაგას სახელით ნაშრომები არ იძებნება.

რაც შეეხება ჰარისის უნივერსიტეტს, რომლის ხარისხიც იტურიაგას აქვს, მის ვებ-გვერდზე რამდენიმე საეჭვო დეტალი, მათ შორის არაზუსტი ინფორმაცია და ფოტომანიპულაციები იკვეთება, რაც უნივერსიტეტის რეალურობასა და სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

როგორც ჰარისის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზეა მითითებული, ის 1962 წელს მედიცინის დოქტორის, ედგარ უილიამ ჰენრი ჰაინის მიერ დაარსდა, თუმცა ამ სახელის ძიებისას, რელევანტური წყაროების სიმცირე შეინიშნება, ვიკიპედიაში კი უილიამ ჰენრი ჰაინსის სახელით ვიკიპედიის გვერდი იძებნება, თუმცა ამერიკელი პოლიტიკოსი ჰაინსი 1956 წელს დაიბადა, შესაბამისად ჰარისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი ის ვერ იქნება.

ვებ-გვერდზე უნივერსიტეტის მისამართად მაიამია (1951 NW 7th Ave., Miami,Florida 33136) მითითებული, Google maps-ით ძიებისას აღმოჩნდა, რომ ამ მისამართზე მაიამის უნივერსიტეტის ინოვაციების მიმართულების კამპუსი მდებარეობს, ეს Google street view-შიც კარგად ჩანს. ამავე მისამართზე მდებარეობს იბერიაბანკი და Syneos Health.

"

"

ვებ-გვერდის მიხედვით, ჰარისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ლეს ტუმია, მის შესახებ განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ის ბუღალტერიის დოქტორია, მისი CV-ის ნახვის მცდელობისას, გვერდი უბრალოდ რეფრეშდება და СV-ს არ ხსნის. მის პროფილზე რამდენიმე ნაშრომია მითითებული, რომლებსაც ზოგადი დასახელება აქვთ და Google scholar-ით მსგავსი ნაშრომები ლეს ტუმის ავტორობით არ იძებნება, ვებ-გვერდზე მითითებული ზუსტი სახელწოდებით მხოლოდ ერთი ნაშრომი (Auditor Tenure and Quality of Financial Reporting) იძებნება, თუმცა მისი სამი ავტორიდან ლეს ტუმი არცერთი არ არის. Google scholar-ში არც თვითონ ლეს ტუმის სახელის ძიება გვაძლევს რელევანტურ შედეგებს.

"

გარდა ამისა, ლეს ტუმის პროფილში დასახელებული სამი ნაშრომი ჰარისის უნივერსიტეტის ვებ-გვერდის მსგავსი დიზაინის მქონე სხვა არაერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ვებ-გვერდზე იდენტურადაა განთავსებული. ვებ-გვერდების მიხედვით, ეს სასწავლო დაწესებულებები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთშიკოლუმბიაშიჩინეთშინიდერლანდებშიტაილანდში ფუნქციონირებს.

"

"

ვებ-გვერდზე ლეს ტუმის სახელით ორი სხვადასხვა ფოტოა გამოყენებული, ერთ-ერთი ფოტო სხვა ვებ-გვერდებზე სხვადასხვა პროფესიისა და სახელის პიროვნებად იძებნება.

"

"

"
რეალურად ფოტოზე გამოსახული ადამიანი ავსტრიელი ბიზნესმენი მაიკლ პეტერკაა, მისი კომპანიის ვებ-გვერდზე იგივე ფოტოა გამოქვეყნებული, რაც ჰარისის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე მისი პრეზიდენტის, ლეს ტუმის ფოტოდაა წარმოჩენილი.

"

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ მასზე უნივერსიტეტის სტუდენტი ჯესი მილერია გამოსახული, აღნიშნული ფოტო Adobe Stock-ის ვებ-გვერდზე იძებნება და მისი ყიდვა ყველა მსურველს შეუძლია.

"


პოსტის არქივი:
Khatuna Saginashvili


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist