კრემლის მედია უკვე წლებია ამტკიცებს, თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ. 24 თებერვალს ამ თემაზე რუსულ პროპაგანისტულ მედიას – Известия წარსულში სამხედრო ღალატისთვის მსჯავრდებული ტრისტან წითელაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში პენტაგონიდან გამოგზავნილი სამხედროები მუშაობენ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან. იგი აღნიშნავს, რომ ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობა გამჭვირვალე არ არის და საჭიროა, რომ რუსულ-ქართული მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნას, რომელიც სიტუაციას შეისწავლის. წითელაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ ლაბორატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა კიბოთი ავადდება.
წითელაშვილის ინტერვიუ სხვა რუსულ მედიასა (ren.tv, news.ru) და ფეისბუკის ქართულ ანგარიშებზეც (1, 2) გავრცელდა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ქართველ კადრს არ უშვებენ.
ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ლაბორატორიის საქმიანობა გამჭვირვალეა – ცენტრში ექსპერტებისა და ჟურნალისტების ვიზიტი არაერთხელ განხორციელებულა. ლუგარის ლაბორატორიის განმარტებით, ყველა თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეა. ასევე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ლაბორატორია ბიოლოგიურ იარაღს ქმნის, რეალურად კვლევითი ცენტრი საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირებაზე მუშაობს.
-
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პასუხი წითელაშვილის ბრალდებებს
“მითების დეტექტორი” ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული ბრალდებების გადასამოწმებლად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) დაუკავშირდა, რომლის ნაწილსაც ლუგარის კვლევითი ცენტრი წარმოადგენს. ჩვენ მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ, NCDC-ში განაცხადეს, რომ:
- ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში საშტატო თანამშრომელთა რიცხოვნობა შეადგენს 71 სპეციალისტს. გარდა საშტატო თანამშრომლებისა, ცენტრში სხვადასხვა კვლევითი პროექტების ფარგლებში ხელშეკრულებით აყვანილია დამატებით 23 ლაბორატორიის სპეციალისტი. ცენტრის ყველა თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეა.
- ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობა არის სრულიად გამჭვირვალე ყველა დაინტერესებული მხარისათვის, შესაბამისად ჟურნალისტებისათვისაც. რისი მაგალითიც უხვად მოიპოვება საინფორმაციო სივრცეში. გამონაკლისს წარმოადგენდა პანდემიის პერიოდი. მხოლოდ ბოლო ორი კვირის მანძილზე [2023 წლის მარტი] ლუგარის კვლევით ცენტრს სტუმრობდნენ ჯონ ჰოპკინსის, ლუნდის, ბურნეტის, ბარსელონას უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ლუგარის ს/ჯ ჯანდაცვის კვლევით ცენტრში მუდმივად მუშაობენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, პერიოდულად სტუმრობენ საჯარო სკოლების მოსწავლეებიც. - სიმსივნური დაავადებების რისკ ფაქტორები საყოველთაოდ ცნობილია და ლაბორატორიის საქმიანობას არ შეიძლება რაიმე გავლენა ქონდეს მასზე.
-
2018 წელს “ლუგარის ლაბორატორიაში” გაეროს კონვენციის ეგიდით საერთაშორისო ვიზიტი შედგა
აღსანიშნავია, რომ ლუგარის ლაბორატორიაში არაერთხელ განხორციელებულა ექსპერტების, ჟურნალისტებისა და თანამდებობის პირთა ვიზიტები. მაგალითად, 2018 წლის ნოემბერში სწორედ ცენტრის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ გაეროს კონვენციის ეგიდით საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ვიზიტის ფარგლებში ლუგარის ცენტრს უსაფრთხოებისა და ბიო-ექსპერტები 20-მდე ქვეყნიდან ეწვივნენ. ვიზიტის შემდეგ, საერთაშორისო ექსპერტებმა დასკვნა მოამზადეს, როემლიც გაერო-ს ჟენევის ოფისში ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრაზე წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან მოწვევის მიუხედავად, რუსეთმა ვიზიტში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.
“ლაბორატორია თავის საქმიანობებში მნიშვნელოვან გამჭვირვალობას ავლენს. ვიზიტით მყოფმა ჯგუფმა ვერაფერი გამოავლინა, რაც შეუსაბამო იქნებოდა პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან მიზნებთან […] ყველა დათვალიერებული აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდა იმ პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან კვლევით და დიაგნოსტიკურ მიზნებს, რაც ცენტრს აქვს გაცხადებული.” – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ლუგარის ლაბორატორიაში არაერთხელ განხორციელებულა რუსი ჟურნალისტების ვიზიტები. 2022 წლის ივლისში რუსეთის პირველი არხის პროპაგანდისტი ჟურნალისტი – რიმა ბერულავაც ამტკიცებდა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ჟურნალისტებს არ უშვებდნენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ცენტრში თავადაც იყო ნამყოფი, რასაც ფოტო მასალა ადასტურებს. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში.
ლუგარის კვლევითი ცენტრის მიზანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა, ბიოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილებაა. მისი მთავარი პროფილი მოიცავს ინფექციური დაავადებების და ეპიდემიების აღმოჩენას, დიაგნოსტირებასა და პროფილაქტიკას. ლაბორატორია ინფექციური დაავადებების დიაგნოსტირებას და პრევენციას ახდენს.
პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ლუგარის ლაბორატორია აშენდა, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ბიოლოგიური საფრთხეების შემცირებას ისახავს მიზნად, კვლევებზე ორიენტირებისა და ადგილობრივი ლაბორატორიების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის გზით. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 2002 წელს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, ლაბორატორია 2011 წელს გაიხსნა, 2013 წელს კი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა. 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებასა და ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა იღებს.
ლუგარის ლაბორატორიის გარშემო მედიაში გავრცელებული დეზინფორმაცია არახალია. გარკვეული ქართულოვანი მედია საშუალებები, რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, ცდილობენ აზრის დამკვირდებას, თითქოს ლუგარის ლაბორატორია საფრთხის შემცველია და მიზნად საქართველოს მოსახლეობაზე ბიოლოგიური ცდების ჩატარებას ისახავს. მაგალითად, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც წითელაშვილი ინტერვიუში საუბრობს, ღორის გრიპს შეეხება. 2019 წლის იანვარში, აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ ღორის გრიპის გავრცელება ლუგარის ლაბორატორიიდან მოხდა. სინამდვილეში, H1N1-ის ვირუსი ლუგარის ლაბორატორიის გახსნამდე 2 წლით ადრე გაჩნდა.
ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ კრემლის პროპაგანდის შესახებ “მითების დეტექტორმა” არაერთი მასალა მოამზადა. ვრცლად, იხილეთ:
- “ობიექტივი” ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კრემლის დეზინფორმაციებს ახმოვანებს
- რატომ ესხმის კრემლი თავს პერიოდულად ლუგარის ლაბორატორიას?
- რა ახალ კონსპირაციებს ავრცელებს ოკუპირებული ცხინვალის KGB ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ?
- რუსული კონსპირაციები ლუგარის ლაბორატორიაზე: აზიური ფაროსანა, ზიკას ვირუსი და ღორის აფრიკული ჭირი
ტრისტან წითელაშვილი “იზვესტიასთან” კრემლის დეზინფორმაციას იმეორებს, თითქოს აშშ რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ლაბორატორიებს აფინანსებს, სადაც ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან. იგი ამბობს, რომ საქართველოსა და უკრაინაში მდებარე ყველა ლაბორატორია სამხედროა და პენტაგონი აკონტროლებს. მისი თქმით, საფრთხის არსებობის პერიოდში ინვენტარი და მასალები სხვა ქვეყანაში გადააქვთ. წითელაშვილი ამტკიცებს, რომ ერთი კონტეინერი ლისიჩანსკის ლაბორატორიიდან საქართველოში ჩამოიტანეს. აღსანიშნავია, რომ მას ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
“მითების დეტექტორმა” უკრაინულ ბიოლაბორტორიებში ბიოლოგიური იარაღის შექმნასთან დაკავშირებული არაერთი დეზინფორმაცია გამოავლინა. ვრცლად, იხილეთ:
- კრემლის “20 000 დოკუმენტი”, რომელიც აშშ – ის მიერ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას (არ) ამტკიცებს
- კრემლის 4 დეზინფორმაცია უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ
- რა დეზინფორმაციას ავრცელებს ზახაროვა გერმანიის ბიოუსაფრთხოების პროგრამის შესახებ და რა კვლევები ტარდება უკრაინაში რეალურად?
- რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მორიგი დეზინფორმაცია უკრაინაში “სახიფათო ექსპერიმენტების” შესახებ
- 3 დეზინფორმაცია DTRA-ს პროგრამასა და უკრაინაში ინფექციების გავრცელებაზე
- არსებობს თუ არა უკრაინაში პენტაგონისგან მართული ბიოლოგიური ლაბორატორიები?
- ДОКУМЕНТЫ ОПУБЛИКОВАННЫЕ МИНИСТЕРСТВОМ ОБОРОНЫ РФ НЕ ПОДТВЕРЖДАЮТ НАЛИЧИЕ ОПАСНЫХ ЭКСПЕРИМЕНТОВ НАД КОМАРАМИ В УКРАИНСКИХ ЛАБОРАТОРИЯХ
წყაროების შესახებ
ტრისტან წითელაშვილი დეზინფორმაციის გავრცელების წყარო, როგორც ქართულ (“ალტ-ინფო”, “სეზონი”), ისე რუსულ არხებზე ( რუსეთის პირველი არხი), აქამდეც ყოფილა. ის მიწვეული სტუმრის სტატუსით ხშირად ჩნდება რუსულ არხებზე, მონაწილეობას იღებს “დოკუმენტურ ფილმებში” სამხედრო ექსპერტის სტატუსით და საუბრობს ისეთ თემებზე, როგორებიცაა უკრაინა-რუსეთის ომი, “მაიდნის” მოვლენები, ბიოლაბორატორიები და სხვა. ტრისტან წითელაშვილი ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის ჯაშუშობა ედებოდა ბრალად. 2013 წელს “ქართულმა ოცნებამ” ის პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა.
ფეისბუკ-ანგარიშს ლა ზი და მის სხვა ანგარიშებს (ფანტინა ფანტინა და ფანტ ინა), ასევე Levan Tavdishvili-ს დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია.
მოამზადა ნუცა ძანძავამ
“ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა 2022” კონკურსის გამარჯვებული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.