2 აგვისტოს მედიამ (1;2;3;4;5;6), ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1;2;3;4;5;6;7;8;9;10;11;12;13;14) და გვერდებმა (1;2;3;4;5;6;7) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პარიზის ოლიმპიადაზე იტალიელ სპორტსმენს ტრანსგენდერი მოკრივე ქალი დაუპირისპირდა და 46 წამში მოუგო. ავტორები ამტკიცებენ, რომ ალჟირელი იმანე ხელიფი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც კრივში ქალთა შორის იღებს მონაწილეობას.
ინფორმაცია ასევე გავრცელეს Threads-ის რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1;2), ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1;2) და მედიამ (1;2;3;4).
ინფორმაცია, თითქოს პარიზის ოლიმპიადაზე იტალიელ სპორტსმენს ტრანსგენდერი მოკრივე დაუპირისპირდა, შეცდომაში შემყვანია. რეალურად, იმანე ხელიფი ტრანსგენდერი ქალი არ არის, ის ბიოლოგიურად ქალია. გასულ წელს მან დისკვალიფიკაცია მიიღო, რადგან ორგანიზაცია, რომელიც შემდგომში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რიგებიდან გარიცხეს, ამტკიცებდა, რომ მას XY ქრომოსომები ჰქონდა.
-
ალჟირელი მოკრივე ტრანსგენდერი არ არის
ალჟირელი იმანე ხელიფი და იტალიელი ანჯელა კარინი პარიზში რინგზე ერთმანეთს 1 აგვისტოს დაუპირისპირდნენ. 46 წამის შემდეგ იტალიელმა სპორტსმენმა შეხვედრის შეტყვეტა მოითხოვა, რის გამოც ხელიფი გამარჯვებულად გამოცხადდა. კარინიმ მისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა, მუხლებზე დაეცა და ტირილი დაიწყო. მოგვიანებით სპორტსმენმა განმარტა, რომ შეხვედრა მიყენებული დარტყმებით გამოწვეული ტკივილის გამო შეწყვიტა. ანჯელა კარინის ფოტოები მედიასა და სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა, მტკიცებით, თითქოს ალჟირელი ხელიფი ტრანსგენდერი ქალია, რის გამოც ოპონენტთან უპირატესობა ჰქონდა და გამარჯვება არათანაბარ ბრძოლაში მოიპოვა.
თუმცა, რეალურად, იმანე ხელიფი ტრანსგენდერი ქალი არ არის, ის ბიოლოგიურად ქალია. ის ყოველთვის ქალთა შორის ასპარეზობდა და არ არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ თავს აიდენტიფიცირებს ტრანსგენდერად ან ინტერსექსად. ხაზგასასმელია, რომ 2024 წლის ოლიმპიადაზე არცერთი ტრანსგენდერი ქალი არ მონაწილეობს.
ინფორმაცია, რომ ხელიფი ბიოლოგიურად ქალია, მისი პასპორტით დასტურდება. გარდა ამისა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მთავარმა წარმომადგენელმა, მარკ ადამსმა უარყო მტკიცებები მისი ტრანსგენდერობის შესახებ, 30 ივლისს თქვა, რომ პარიზში ქალთა კატეგორიაში მოასპარეზე ყველა პირი შესაბამისობაში ოლიმპიადის წესებთან, მათ შორის, სამედიცინო წესებთან.
სპორტსმენისა და მასზე გავრცელებული მტკიცებების შესახებ ალჟირის ოლიმპიურმა კომიტეტმა განცხადება 31 ივლისს, იტალიელ მოკრივესთან დაპირისპირებამდე გამოაქვეყნა. განცხადებაში კომიტეტი გმობდა “უსაფუძვლო” თავდასხმებს იმანე ხელიფზე:
“მკაცრად ვგმობთ ჩვენი პატივცემული სპორტსმენის, იმანე ხელიფის წინააღმდეგ არაეთიკურ თავდასხმას და მის შეურაცხყოფას ზოგიერთი უცხოური მედიასაშუალების უსაფუძვლო პროპაგანდით.”
ხელიფის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) გამოეხმაურა. მათ სპორტსმენი ქალების შესახებ გავრცელებულ ცნობებს შეცდომაში შემყვანი უწოდეს და განმარტეს, რომ 2023 წელს ისინი იყვნენ IBA-ს (კრივის საერთაშორისო ასოციაციის) “მოულოდნელი და თვითნებური გადაწყვეტილების” მსხვერპლი. საუბარია IBA-ს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ხელიფმა და ტაივანელმა მოკრივემ დისკვალიფიკაცია მიიღეს.
“ამ ორი სპორტსმენის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია სრულად ეფუძნება თვითნებურ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულ იქნა ყოველგვარი პროცედურების გარეშე – განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს სპორტსმენები მრავალი წლის განმავლობაში ასპარეზობდნენ უმაღლესი დონის შეჯიბრებებში”.
-
რა ვიცით 2023 წელს ხელიფის დისკვალიფიკაციაზე?
2023 წელს ნიუ დელიში გამართულ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოკრივე ხელიფმა დისკვალიფიკაცია მიიღო. გადაწყვეტილების შესახებ კრივის საერთაშორისო ასოციაციამ (IBA) გამოაცხადა ოქროს მედლისთვის გასამართ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე. როგორც IBA-ს ხელმძღვანელი რუსულ სამთავრობო მედია TASS-თან ამტკიცებდა, მოკრივემ ვერ დააკმაყოფილა კრიტერიუმები, რადგან მას XY ქრომოსომები ჰქონდა (განსხვავებით ქალების უმრავლესობისგან, რომლებსაც XX ქრომოსომები აქვთ). ტაივანელმა მოკრივემ, ლინ იუ-ტინგმა დისკვალიფიკაცია იმავე მიზეზით მიიღო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა. ხელიფი IBA-ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და ალჟირულ მედიასთან თქვა, რომ მათ არ სურდათ ალჟირს ოქროს მედალი მოეგო, ხოლო დისკვალიფიკაციის მიზეზს კონსპირაცია უწოდა, რომელზეც არ გაჩუმდებოდნენ.
პარიზში ოლიმპიურ რინგზე მოკრივეთა ასპარეზობებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სპეციალური კომისია ხელმძღვანელობს. კრივის საერთაშორისო ასოციაციამ IBA 2024 წლის 24 ივლისს, 142-ე ყრილობაზე საკუთარი რიგებიდან გარიცხა. თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ორგანიზაციას უფლებამოსილება ჯერ კიდევ 2019 წელს შეუჩერა, მმართველობასთან, ფინანსებთან, მსაჯობასთან და დოპინგთან დაკავშირებული სადავო და საეჭვო შემთხვევების გამო.
IBA-მ გააკრიტიკა კრივის საერთაშორისო ასოციაცია ალჟირელი და ტაივანელი მოკრივეების დაშვების გამო, მათი ცნობით, სპორტსმენებს ტესტოსტერონზე გამოკვლევა არ ჩატარებიათ, თუმცა ჩაუტარდათ ტესტები, რომელთა სპეციფიკა კონფიდენციალური რჩება. შესაბამისად, ორგანიზაცია არ აკონკრეტებს, თუ რა გამოკვლევები ჩაუტარდათ სპორტსმენებს.
2024 წლის ოლიმპიადისთვის ხელიფის შესახებ შექმნილ პროფილზე მითითებული იყო, რომ ის გასულ წელს “ტესტოსტერონის მომატებული დონის” გამო იყო დისკვალიფიცირებული, თუმცა, მოგვიანებით ინფორმაცია წაიშალა. ტესტოსტერონზე შემოწმებასთან დაკავშირებით IOC-ის სპიკერი, მარკ ადამსი ამბობს, რომ ტესტოსტერონის ტესტი არ არის სრულყოფილი და პანაცეა, რომლის ჩატარებაც ყველაფერს მოაწესრიგებს. მისი განმარტებით, ბევრ ქალს, შესაძლოა, ჰქონდეს ტესტოსტერონის ის დონე, რომელსაც “მამაკაცის დონეს” უწოდებენ, თუმცა, ისინი არიან ქალები და ასპარეზობენ, როგორც ქალები.
კითხვის ნიშნები არსებობს IBA-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მის რუსეთთან კავშირებს შორის. IBA-ს პრეზიდენტი რუსი უმარ კრემლევია, მან მთავარ სპონსორად გაზპრომი აქცია, ხოლო IBA-ს ოპერაციების დიდი ნაწილი რუსეთში გადაიტანა. კრივის საერთაშორისო ასოციაციამ ათობით წევრი დაკარგა, რომლებმაც ახალი ორგანიზაცია შექმნეს, სახელწოდებით World Boxing და იმედოვებენ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მმართველ ორგანოდ აღიარებას 2028 წელს ლოს ანჯელესში გასამართი თამაშებისთვის მიიღებენ. გასულ წელს სადავო გახდა IBA-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც რუს მებრძოლებს 2023 წელს უფლება მისცა, რუსეთის დროშის ქვეშ ებრძოლათ. ხაზგასასმელია ისიც, რომ ხელიფის დისკვალიფიკაციაზე გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა რუსი მოკრივე, აზალია ამინევა დაამარცხა.
-
იმანე ხელიფის კარიერა
იმანე ხელიფის დებიუტი 2018 წელს, 19 წლის ასაკში შედგა. თუმცა, ის მოკრივე ქალებს შორის უკონკურენტო ლიდერად არ მიიჩნევა და წარსულში რიგნზე ქალი სპორტსმენების წინააღმდეგ არაერთხელ დამარცხებულა. მან 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მე-17 ადგილი დაიკავა, ხოლო 2019 წელს კრივში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-19 ადგილი. 2020 წლის ოლიმპიადაზე ის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ირლანდიელ კელი ჰარინგტონთან დამარცხდა. 2022 წელს ხელიფმა მოიპოვა მეორე ადგილი კრივში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ემი ბროდჰერსტთან დამარცხების შემდეგ. მან ასევე მოიპოვა ოქროს მედლები 2022 წლის აფრიკის ჩემპიონატზე, ხმელთაშუა ზღვის თამაშებზე და 2023 წლის არაბულ თამაშებზე.
ხელიფის შესახებ გავრცელებულ ცნობებს X-ზე გამოეხმაურა ირლანდიელი სპორტსმენი, ემი ბროდჰერსტი, რომელსაც აჟირელი მოკრივე 2022 წელს დამარცხებული ჰყავს:
“უარავი ადამიანი მწერს იმანე ხელიფზე. მე არ ვფიქრობ, რომ მან რაიმე გააკეთა “მოტყუების” მიზნით. ვფიქრობ, რომ ის ასეთი დაიბადა და ეს მის კონტროლს არ ექვემდებარება. ფაქტი, რომ ის ამ დრომდე 9 ქალმა დაამარცხა, ყველაფერს ამბობს”.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.