15 ივლისს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, ასევე ფეისბუქის სხვა ქართულ და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4) გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც, თითქოს, საიდუმლო სამსახურის სნაიპერის სიტყვები წერია. ციტატის მიხედვით, ჯონათან უილისი საიდუმლო სამსახურის სნაიპერია და ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე თავდასხმისას სახურავზე იმყოფებოდა. ის თავდამსხმელს რამდენიმე წუთი უყურებდა, თუმცა საიდუმლო სამსახურის უფროსმა სროლის ბრძანება არ გასცა. ჯონათან უილისი ამტკიცებს, რომ სანამ თავდამსხმელმა ტრამპს არ ესროლა, მას არ მისცეს პირველად სროლის უფლება. ის ფოტოსაც აქვეყნებს და ამბობს, რომ მასზე ასახული ერთ-ერთი სნაიპერი თავადაა.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამერიკის საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა ვინაობა გაამხილა და თქვა, რომ დროულად არ მიეცა ბრძანება ტრამპზე თავდამსხმელი გაენეიტრალებინა, სიმართლეს არ შეესაბამება. პოსტი ამერიკულ ფორუმ 4chan-ზე გამოქვეყნდა. საიდუმლო სამსახურში უარყოფენ, რომ ჯონათან უილისის სახელით თანამშრომელი ჰყავთ.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, რომელზეც საიდუმლო სამსახურის სნაიპერის აღიარებაა, ფორუმ 4chan-ზე 14 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტს ასახავს. პოსტის ავტორი ანონიმური ანგარიშის ზედმეტსახელია ,,z9qiQ4hq” და ამავე სახელით ოთხი პოსტი აქვს გამოქვეყნებული. პირველ პოსტში ის საკუთარ სახელს ამჟღავნებს და ამბობს, რომ საიდუმლო სამსახურის სნაიპერია და დონალდ ტრამპზე თავდასხმის მომენტში სახურავზე იმყოფებოდა. მომდევნო პოსტში კი წერს, რომ როგორც კი ტრამპს ესროლეს, ის აღარ დაელოდა ბრძანებას, თავდამსხმელს თავადაც ესროლა და მოკლა. თავდამსხმელის მოკვლის შემდეგ კი ის დააკავეს, ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) დაკითხა და ბრძანების არდამორჩილებისათვის სამსახურიდან გაათავისუფლეს. მომდევნო ორ პოსტში აღნიშნული ანგარიში მნიშვნელოვან ინფორმაციას აღარ აზიარებს, ტვირთავს საკუთარი ძაღლის ფოტოს და ასევე, დისკუსიაში ჩართულების ნაწილს ეუბნება, რომ მათ არაფერი იციან.

ღია წყაროებში ინფორმაცია არ იძებნება საიდუმლო სამსახურთან ან FBI-სთან კავშირში მყოფი ჯონათან უილისის შესახებ, მათ შორის, არც სანდო მედიები წერენ მასზე. ამერიკული ფაქტების გადამოწმების პლატფორმა PolitiFact-ი აღნიშნულ საკითხზე ამერიკის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლის კომენტარს აქვეყნებს. გავრცელებულ ინფორმაციას ის ,,კატეგორიულად მცდარს” უწოდებს და ამბობს, რომ ჯონათან უილისის სახელით ამერიკის საიდუმლო სამსახურში არავინ მუშაობს. Associated Press დამატებით ავრცელებს საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლის კომენტარს, რომელშიც ის ამბობს, რომ სნაიპერები გაწვრთნილი არიან, მათ საფრთხის შემჩნევისას უნდა იმოქმედონ და ეჭვმიტანილის გასანეიტრალებლად გასროლამდე ინსტრუქციებს არ უნდა დაელოდონ. მისი თქმით, თავდასხმის მომენტში კომუნიკაციას ვერ განიხილავს, თუმცა ადასტურებს, რომ გავრცელებულ პოსტში მოყვანილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
13 ივლისს პენსილვანიაში, ბატლერში წინასაარჩევნო შეხვედრისას ამერიკის ყოფილ პრეზიდენტსა და ამჟამადაც პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს ესროლეს. სროლის შედეგად ტრამპმა ყური დაიზიანა. შემთხვევისას შეკრებაზე მყოფი ერთი ადამიანი დაუღუპა და ორი დაშავდა. პოლიციამ ასევე გაანეიტრალა თავდამსხმელი, 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი. თავდასხმის შემდეგ ამერიკის საიდუმლო სამსახურმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ეს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო, სნაიპერთა ჯგუფმა კი დაცვის ღონისძიებები გაატარა და თავდამსხმელი გაანეიტრალა. თავდასხმის შემდგომ ტრამპმა პოსტი გამოაქვეყნა და ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
წყაროს შესახებ:
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ფეისბუქზე რეგულარულად ავრცელებს ანტისემიტური, ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციას. მის მიერ განთავსებული ყალბი ამბები “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია.
არქივის ბმულები: ირაკლი ზაქარეიშვილი, 4chan
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.