13 ივლისს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ცნობები გავრცელდა. 14 ივლისს პარტია “ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ტრამპზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და ის მარკ ვაიოლეტსია, მოძრაობა “ანტიფას” წევრი, რომელმაც მკვლელობის მცდელობამდე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გამოაცხადა, რომ “სამართლიანობა მოდის”. ქართველიშვილი ამ თავდასხმას ჯორჯ სოროსის შვილს, ალექს სოროსს უკავშირებს. ის წერს, რომ 21 იანვარს ჯორჯ სოროსმა ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა: ერთზე ტყვიით გახვრეტილი მინა ჩანს, ხოლო მეორეზე დოლარის კუპიურები, რომელთა ჯამიც 47-ს ადგენს, 47-კი აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტის ნომერია – გამარჯვების შემთხვევაში კი ტრამპი სწორედ რიგით 47-ე პრეზიდენტი იქნება. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ “ღია საზოგადოების ფონდი” “ანტიფას” აფინანსებს.
ქართველიშვილის პოსტი ასევე გაავრცელეს “ხალხის ძალის” ფეისბუქ-გვერდმა, POSTV-მ, მარშალპრესმა, NEWS.GE-მ, X-news.ge-მ, “რეპორტიორმა”. ინფორმაცია, რომ ტრამპს “ანტიფას” წევრმა მარკ ვაიოლეტსმა ესროლა, კრემლისტურმა მედიამ Царьград-მაც გაავრცელა.
ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე 14 ივლისს სოციალურ ქსელში სხვა სახის ინფორმაციაც გავრცელდა. ფეისბუქ-გვერდმა Politics გამოაქვეყნა ფოტო, აღწერით, რომ ტრამპზე თავდამსხმელი კომპანია ბლექროკის ტრენინგებს გადიოდა.
დონალდ ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია და კონსპირაციული თეორია ვრცელდება: 1. ტრამპზე თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ ქრუქსი იყო და არა მარკ ვაიოლეტსი, არსებული ინფორმაციით ქრუქსი ანტიფასთან დაკავშირებული არ არის; 2. ალექს სოროსის პოსტში არსებული ფოტო გამოცემა Atlantic-ზე გამოქვეყნებული სტატიის ილუსტრაციაა, სტატია კრიმინალის დონეს და ინფლაციას ეხება და ფოტოს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირება არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. 3. თომას მეთიუ ქრუქსი კომპანია Blackrock-ის სარეკლამო რგოლში ფიგურირებს და სხვა მხრივ კომპანიასთან დაკავშირებული არ არის.
-
ვინ არის დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი?
13 ივლისს პენსილვანიაში დონალდ ტრამპს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს 20 წლის თომას მეთიუ ქრუქსმა ესროლა და არა მარკ ვაიოლეტსმა. მსროლელის ვინაობის გარკვევამდე სოციალურ ქსელებში ინგლისურენოვანმა მომხმარებლებმა გავრცელეს ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი მოძრაობა ანტიფას წევრი მარკ ვაიოლეტსი იყო, რომელმაც თავდასხმამდე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს რომ “სამართლიანობა მოდის”. პოსტებს თანდართული ჰქონდა ფოტოც. რეალურად, პირი, რომელიც ფოტოებზე იყო აღბეჭდილი, იტალიელი ჟურნალისტი და სპორტული ბლოგერი მარკო ვიოლია, რომელსაც ტრამპის თავდასხმასთან კავშირი არ ჰქონია. ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების ამერიკულმა სამსახურმა PolitiFact-მა გადაამოწმა. ყალბი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მარკო ვიოლიმ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და მომხდართან რაიმე კავშირი უარყო. ვიოლი ასევე წერს, რომ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებზე ჩივილს გეგმავდა. როგორც PolitiFact-ი აღნიშნავს, სოციალურ მედიაში ვიოლის მიერ გამოქვეყნებული პოსტები ძირითადად სულ ფეხბურთს ეხება და ამერიკის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებული არ არის.
რაც შეეხება ტრამპზე თავდამსხმელ თომას მეთიუ ქრუქს, არსებული ინფორმაციით ის ანტიფასთან დაკავშირებული არ არის. ქრუქსი მოხუცებულთა თავშესაფრის სამზარეულოში მუშაობდა. მას ალეგენის რეგიონის კოლეჯი ჰქონდა დამთავრებული და ადგილობრივი მსროლელთა კლუბის, Clairton Sportsmen’s Club-ის წევრი იყო. ამერიკული მედიის თანახმად, ქრუქსი რესპუბლიკელ ამომრჩევლად იყო რეგისტრირებული, თუმცა, მანამდე 2021 წელს ლიბერალურ კამპანიას АctBlue 15 დოლარი შესწირა. თომას მეთიუ ქრუქსი ტრამპზე თავდასხმის შემდეგ საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა მოკლა.
-
ალექს სოროსის პოსტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან კავშირი უსაფუძვლო კონსპირაციული თეორიაა
ალექს სოროსმა 2024 წლის იანვარში X-ზე გააზიარა გამოცემა Аtlantic-ზე გამოქვეყნებული სტატია The Great Normalization. პოსტის კომენტარებში ჩანს, რომ მომხმარებლები სოროსს ტრამპზე მუქარაში ადანაშაულებენ. თუმცა რეალურად პოსტი ძალადობისკენ მოწოდებებს ან მუქარას არ შეიცავს და დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან მისი დაკავშირება კონსპირაციული თეორიაა.
ტყვიით გახვრეტილი მინის და ბანკნოტების კოლაჟი Atlantic-ის სტატიის ილუსტრაციაა და არა სოროსის მიერ ცალკე გამოქვეყნებული კოლაჟი. სტატია აშშ-ში კრიმინალის დონის და ინფლაციის ტრენდებს ეხება. ილუსტრაციაც ამ ორ თემასთან არის დაკავშირებული. სტატიაში აღნიშნულია, რომ კრიმინალის დონესთან და ინფლაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის წარმოდგენებმა შესაძლოა ტრამპს არჩევნებში ხელი შეუწყოს, რადგან გარკვეული გამოკითხვით, უმეტესობა მიიჩნევს, რომ ამ პრობლემებს ტრამპი უკეთ გაუმკლავდება. დონალდ ტრამპი სტატიაში მხოლოდ ამ კონტექსტშია ნახსენები და სხვა მხრივ არც სტატია და არც სოროსის პოსტი მუქარას არ შეიცავს.
აღსანიშნავია, ისიც რომ სოროსის ორგანიზაცია “ღია საზოგადოების ფონდი” მემარცხენე მოძრაობა ანტიფასთან დაკავშირებული არ არის. მტკიცება, რომ ფონდი ანტიფას აფინანსებს წარსულშიც გავრცელებულა, თუმცა ფაქტების გადამოწმების სამსახურების PolitiFact-ის და Snopes-ის, ასევე გამცემების New York Times-ის, Forbes-ის თანახმად არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ჯორჯ სოროსი ან მისი ორგანიზაცია ამ მოძრაობასთან არის დაკავშირებული.
-
თომას მეთიუ ქრუქსი ბლექროკის სარეკლამო რგოლში ფიგურირებს და სხვა მხრივ კომპანიასთან დაკავშირებული არ არის
თომას მეთიუ ქრუქსი საინვესტიციო კომპანია ბლექროკის – Blackrock Inc.-ის 2022 წლის სარეკლამო რგოლში ფიგურირებს. ფეისბუქზე გამოქვეყნებული კადრი, სწორედ ამ სარეკლამო რგოლიდან არის და არაფერი აქვს საერთო რაიმე ტრენინგთან ან სხვა ღონისძიებასთან.
ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, კომპანიამ რეკლამასთან დაკავშირებით კომენტარი გაავრცელა. 2022 წელს კომპანიამ ბეთელ პარკის სკოლაში გადაიღო რეკლამა, რომელიც მასწავლებლების მიერ მათი საპენსიო ფონდის განკარგვას ეხებოდა. ამ რეკლამის კადრებში ჩანს თომას მეთიუ ქრუქსი, რომელიც იმ პერიოდში ბეთელ პარკის სკოლაში სწავლობდა. CBS MoneyWatch-თან კომენტარში კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსწავლეებს, რომლებიც ამ რეკლამაში ჩანან, ანაზღაურება არ აუღიათ. ქრუქსი Blackrock Inc.-ის მიერ დაქირავებული არ ყოფილა. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ სროლის მსხვერპლთა პატივისცემის მიზნით, რეკლამას აღარ გაავრცელებს. კომპანიამ ტრამპზე თავდასხმა დაგმო.
დონალდ ტრამპის თავდასხმასთან დაკავშირებით ასევე გავრცელდა დეზინფორმაცია საიდუმლო სამსახურის სნაიპერის სახელით. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
არქივის ბმულები: დავით ქართველიშვილი, ხალხის ძალა, POSTV, მარშალპრესი, NEWS.GE, X-news.ge, რეპორტიორი.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.