25 ივლისს ანონიმურ ფეისბუქ პროფილზე “საინფორმაციო-ანალიტიური გაერთიანება” და რუსულენოვან ფეისბუკ-ანგარიშებზე ( 1, 2, 3, 4) გავრცელდა ჩხუბის ამსახველი ვიდეო, რომელზეც წერენ, რომ ოდესაში ნასვამი მამაკაცი ქალებს თავს დაესხა. პოსტების ავტორების მტკიცებით, თავდამსხმელი უკრაინელი სამხედროა, ზოგიერთ პოსტში კი წერია, რომ ის უკრაინული უსაფრთხოების კომპანიის “სამსონის” თანამშრომელი აღმოჩნდა.
მტკიცება, თითქოს უკრაინელმა სამხედრომ ორ ქალზე ფიზიკურად იძალადა, დეზინფორმაციაა. ოდესის პოლიციის განცხადების მიხედვით, თავდამსხმელი უკრაინის მოქალაქე არ არის. ის არც კომპანია “სამსონის” თანამშრომელია.
ოდესის პოლიცია: თავდამსხმელი უკრაინის მოქალაქე არ არის
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება ოდესის პოლიციამ 25 ივლისს გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ თავდამსხმელი მეზობელი ქვეყნის მოქალაქეა. შემთხევევა 17 ივლისს, საღამოს, უსპენსკას ქუჩაზე მოხდა. კონფლიქტის შესახებ პოლიციას თვითმხილველმა შეატყობინა.
პოლიციის განცხადებაში წერია, რომ ბრალებული ოდესაში ცხოვრობს, საზოგადოებრივ ტრანსპორტით მგზავრობისას კონდუქტორთან უთანხმოება მოუვიდა და მას შეურაცხყოფა მიაყენა. კონფლიქტი 30 წლის ოდესელმა ქალმა შეამჩნია, რომელიც მანქანით მგზავრობდა. ქალმა მანქანა გააჩერა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლის დასახმარებლად წავიდა. თავდამსხმელმა მასზე გადაიტანა ყურადღება და ქალს სცემა. ადგილზე პოლიცია მივიდა და თავდამსხმელი განყოფილებაში გადაიყვანეს. შემოწმების შედეგად დაგინდა, რომ ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ინციდენტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კვალიფიცირდება როგორც სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 850 გრივნამდე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორას საათამდე ვადით, ან გამოსასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ვადით.
ბრალდებულთან დაკავშირებით ასევე ვრცელდებოდა მტკიცება, რომ ის კომპანია “სამსონსის” თანამშრომელია. კომპანიამ აღნიშნული ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე უარყო.
წყაროს შესახებ:
ფეისბუკ-ანგარიშებს Аркадий Шумский და Андрей Шевцов დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებიათ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.