6 ოქტომბერს “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ფეისბუკ გვერდმა “ლიდერი 41” გამოაქვეყნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოიანი სქრინი, რომელზეც პარტიის “კანონი და სამართალი” დამფუძნებლის, თაკო ჩარკვიანის ფოტო და ციტატაა გამოსახული. სქრინის მიხედვით, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს მიხეილ სააკაშვილის შიში აზანზარებს და რუსეთის პრეზიდენტს ძილიც კი დაეკარგა. იდენტური სქრინი 7 ოქტომბერს “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერის, ირაკლი ჯანყარაშვილის ფეისბუკ გვერდზეც გავრცელდა.
“ლიდერი 41”-ის მიერ გამოქვეყნებული სქრინი ყალბია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდსა და ფეისბუკ გვერდზე, ასევე სხვა ღია წყაროებში თაკო ჩარკვიანის იდენტური ან მსგავსი განცხადება არ იძებნება. “მითების დეტექტორთან” სატელეფონო საუბარში თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ციტატა ყალბია და მას არ ეკუთვნის.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებამდე თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად საერთო სახალხო მოძრაობა დააფუძნა. 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ჩარკვიანი ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერ აქიაში ჩაერთო და 4 ოქტომბერს სიტყვითაც გამოვიდა. “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა მედიასთან კომენტარში აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ არ უნდა განსაჯოს, და რომ მას და მიხეილ სააკაშვილს, საერთო მტერი – პუტინის რუსეთი ჰყავთ. თუმცა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ვებ-გვერდსა და ფეისბუკ გვერდზე, ასევე სხვა მედიასა და სხვა ღია წყაროებში თაკო ჩარკვიანის განცხადება სააკაშვილის შიშით პუტინის ძილის დაკარგვის შესახებ არ იძებნება.
ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” თაკო ჩარკვიანს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება არც ერთ მედიასთან არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ ფეისბუკ გვერდზე “ლიდერი 41” 2021 წლის ოქტომბერში არაერთი შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გავრცელდა. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
რა თქვა სააკაშვილმა საბჭოთა პერიოდში აფხაზეთის მართვასა და სოხუმზე სიმღერებზე?
რა თქვა რეალურად ჟირინოვსკიმ სააკაშვილის დაკავებაზე?
უკრაინელი თუ რუსი ჟურნალისტი – ვინ თხოვს ზელენსკის სააკაშვილის გათავისუფლებას?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.