26 ივლისს ფეისბუქ-პროფილებმა ჯო კახელი და Merab Ratishvili უკრაინაში გაყიდული მიწების შესახებ პოსტები გამოაქვეყნეს. აღწერების მიხედვით, სამმა ამერიკულმა კომპანიამ უკრაინაში 17 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა იყიდა. პოსტების ავტორები ამ ინფორმაციის წყაროდ ავსტრალიურ გამოცემა National Review-ს ასახელებენ. ჯო კახელის აღწერის მიხედვით, თუ ეს ამერიკული კომპანიები ამ მიწებს “ხელში ჩაიგდებენ” და ამაში რუსეთი ხელს არ შეუშლის, “მსოფლიოს გარანტირებული ექნება შიმშილობა.” იდენტური ინფორმაცია რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1,2) და კრემლისტურმა გამოცემებმა News-Front-მა და Tsargrad.TV-მ გაავრცელეს.
Australian National Review-ს 27 მაისის მასალაში აღნიშნულია, რომ უკრაინის მიწები ამერიკულმა კომპანიებმა – Cargill, Dupont და Monsanto-მ იყიდეს.
დეზინფორმაციაა, თითქოს ამერიკულმა კომპანიებმა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწის 17 მილიონი ჰექტარი შეისყიდეს. რეალურად, უკრაინის კანონმდებლობით უცხოელებსა და უცხოურ კომპანიებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა აკრძალულია და შესაბამისად, მიწების მფლობელ მსხვილ კომპანიებში დასახელებული 3 ამერიკული კომპანია საერთოდ არ იძებნება.
ინფორმაცია, თითქოს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწა ამერიკულმა კომპანიებმა იყიდეს არაერთმა რუსულმა გამოცემამაც გაავრცელა, მათი ნაწილი წერდა, რომ მიწები ამერიკულ კომპანიებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიჰყიდა. დეზინფორმაციული მტკიცებები უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა StopFake-მა გადაამოწმა.
StopFake-ის მიხედვით, ამერიკული კომპანიები უკრაინაში 17 მილიონ ჰექტარ მიწას ვერ იყიდდნენ, რადგან უკრაინის კანონმდებლობით, უცხოელებზე ან იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა ბენეფიციარები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა აკრძალულია.
კანონში “უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიმოქცევის პირობებთან” დაკავშირებით აღნიშნულია, რომ სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა მხოლოდ შემდეგ სუბიექტებს შეუძლიათ:
- უკრაინის მოქალაქეებს;
- უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც ასევე უკრაინის მოქალაქეები არიან;
- ტერიტორიულ თემებს;
- სახელმწიფოს.
კანონში ხაზგასმულია, რომ უცხოელებს, მოქალაქეობის არმქონე პირებსა და იურიდიულ პირებს საწესდებო კაპიტალში წილების, აქციების შეძენა, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე იურიდიული პირების წევრობა ეკრძალებათ.
უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი შიდა კომპანიების საკუთრებაა, თუმცა 17 მილიონი ჰექტარს ისინიც არ ფლობენ. უკრაინის სოფლის მეურნეობის ბაზრის მსხვილი მოთამაშეების მფლობელობაში მყოფი მიწების ფართობი 0.5 მილიონ ჰექტარს არ აღემატება. რაც შეეხება იმ 3 კომპანიას (Cargill, Dupont და Monsanto), რომლებმაც თითქოს მიწები შეისყიდეს, უკრაინის მიწების მესაკუთრეების სიაში არ იძებნებიან.
2022 წელს უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზარმა მუშაობა 1 ივლისს დაიწყო. StopFake გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს უკრაინაში 0.26 მილიონი ჰექტარი მიწა გაიყიდა, რაც გეოკადასტრში შესული სასოფლო-სამეურნეო მიწის მთლიანი ფართობის (32.6 მილიონი ჰექტარი) დაახლოებით 0.8%-ია. ეს მონაცემი დეზინფორმაციულ სტატიაში დასახელებულ რიცხვზე (17 მილიონი ჰექტარი) გაცილებით ნაკლებია.
Australian National Review-ს შესახებ
ვებ-გვერდ Australian National Review-ზე, რომელმაც უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვაზე დეზინფორმაცია გაავრცელა, მასალის ავტორად ლორა აბოლი, წყაროდ კი ფრანგული გამოცემა ritimo.org-ია დასახელებული. ritimo.org-ზე 2021 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ სტატიაში მიწების გაყიდვაზე საუბარი არ არის. სტატია უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრების საკითხს შეეხება, მასში დასახელებულია კომპანიები, რომლებიც მიწების მფლობელობით ლიდერობენ, თუმცა Australian National Review-ში დასახელებული 3 ამერიკული კომპანია ამ სტატიაში ნახსენები არ არის.
Australian National Review კონსპირაციული გამოცემაა და მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ხშირად მტკიცებულებებითა და წყაროებით გამყარებული არ არის. mediabiasfactcheck-ის თანახმად, გამოცემა პანდემიის პერიოდში ანტივაქსერულ პროპაგანდას ეწეოდა, ასევე ქემტრეილის კონსპირაციის მხარდამჭერ მასალებსაც აქვეყნებდა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.