სტივენ ჰოტსის დეზინფორმაციას ქართველი ანტივაქსერები ავრცელებენ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

109
VIEWS

23 მარტს ფეისბუკის მომხმარებელმა ხათუნა საგინაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამერიკელი ექიმი სტივ ჰოტსი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინების შესახებ საუბრობს. ჰოტსის მიხედვით, ე.წ კოვიდ-19-ის ვაქცინა სინამდვილეში ტრადიციული ვაქცინისაგან განსხვავებულად მოქმედებს და ექსპერიმენტულ გენურ თერაპიას წარმოადგენს.

;

გავრცელებული ვიდეო ვაქცინების შესახებ რამდენიმე დეზინფორმაციასა და დაუსაბუთებელ მტკიცებას შეიცავს.

დეზინფორმაცია N1:  კორონავირუსის ვაქცინა სინამდვილეში საშიში, ექსპერიმენტული გენური თერაპიაა
ფაქტი N1: კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისა და გენური თერაპიის მუშაობის მექანიზმები ერთმანეთისგან განსხვავებულია.

ვიდოში სტივ ჰოტსი ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სინამდვილეში გენური თერაპიაა და ფარმაცევტული კომპანიები მას ვაქცინად გვერდითი მოვლენების შემთხვევაში პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად ასაღებენ. სინამდვილეში, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი რნმ ვაქცინები გენურ თერაპიას არ განეკუთვნება, რადგანაც ისინი გენების რაიმე ფორმით შეცვლას ან ჩანაცვლებას არ იწვევენ. აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკა (NLM) გენთა თერაპიას აღწერს, როგორც ტექნიკას, რომელიც ექიმებს საშუალებას აძლევს მედიკამენტების ან ოპერაციების ნაცვლად მკურნალობა პაციენტის უჯრედებში გენის ჩასმით განახორციელონ.  გენური თერაპიის დროს შესაძლოა, დაავადების გამომწვევი მუტაციური გენი მისი ჯანმრთელი ასლით ჩანაცვლდეს, მოხდეს არააქტიური მუტირებული გენის ინაქტივაცია, ან ”ნოკაუტი”; განხორციელდეს ორგანიზმში ახალი გენის შეტანა, რომელიც დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს. გენური თერაპია  გენეტიკური და სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ მხოლოდ იმ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც მკურნალობის სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი  მესენჯერ რნმ ვაქცინები გენეტიკურ ცვლილებებს არ იწვევს, რამდენადაც ეს მოლეკულა ადამიანის დნმ-თან საერთოდ არ ურთიერთქმედებს. ადამიანის ++გენეტიკურ მასალას უჯრედის ბირთვში მოთავსებული დნმ წარმოადგენს. ცილის სინთეზის დროს უჯრედში არსებულ დნმ-ის ორჯაჭვიან მოლეკულას, სპეციალური ენზიმი შუაზე ჭრის, რის შემდეგაც წარმოიქმნება მესენჯერ (ინფორმაციული) რნმ.   მესენჯერ რნმ-ი ციტოპლაზმაში, რიბოსომების საშუალებით კოდს ცილად გარდაქმნის. ვირუსის სფაიქ ცილების სინთეზის ინსტრუქციის ორგანიზმში შეყვანით უჯრედში რიბოსომები  სფაიქ ცილის აწყობას იწყებენ. მიღებული ცილა ჩვენი უჯრედების ზედაპირს მიეკვრება და იმუნური სისტემის პროვოცირებას მოახდენს. რიბოსომები, რომლებიც რნმ-ს ცილად „თარგმნიან“, ციტოპლაზმაშია და არა უჯრედის ბირთვში, შესაბამისად რნმ-ის მოლეკულა ბირთვში მოთავსებულ გენეტიკურ მასალაზე გავლენას ვერ მოახდენს.

რნმ ვაქცინების მუშაობის მექანიზმზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” ძველ პუბლიკაციაში:
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები – მითები და რეალური მდგომარეობა?
Pfizer-სა და Moderna-ს გვერდითი ეფექტები იშვიათია, ხოლო რნმ ტექნოლოგია უსაფრთხოა

დეზინფორმაცია N2: კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის განმარტებას იმის შესახებ, თუ რა არის ვაქცინა, არ შეესაბამება
ფაქტი N2: კოვიდ-19-ის ვაქცინის მოქმედების მექანიზმი და ეფექტიანობა შეესაბამება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დეფინიციას

ვიდეოს  დასაწყისში ჰოტსი იხსენებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განმარტებას, რომლის მიხედვითაც, ვაქცინა ადამიანის იმუნურ სისტემას დაავადების მიმართ იმუნიტეტის წარმოქმნით ასტიმულირებს. ის ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინა ტრადიციული ვაქცინებისაგან განსხვავდება, რადგან ის ვექტორულ რნმ-ს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კორონავირუსის ცილის ნაწილის სინთეზირებას იწყებს. ჰოტსი ამბობს, რომ უცნობია, როდის წყდება ცილის გამომუშავება, ან წყდება თუ არა ის საერთოდ და შესაბამისად ორგანიზმის იმუნიტეტი გადაიტვირთება, რაც ადამიანებში “ანტისხეულებზე დამოკიდებილ გაძლიერებას (ADE) გამოიწვევს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები იმუნურ სისტემას ასწავლიან, თუ  როგორ ამოიცნონ და ებრძოლონ კოვიდ-19-ის გამომწვევ ვირუსს. აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ ავტორიზებულმა ვაქცინებმა “პფაიზერმა” და “მოდერნამ“ 95 და 94.1%-იანი ეფექტიანობა აჩვენეს, ხოლო “ასტრაზენეკამ” 74%.   შესაბამისად, ჰოტსის მტკიცება, რომლის მიხედვითაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები იმუნიტეტს არ გამოიმუშავებს და ამის გამო ვაქცინის დეფინიციას არ შეესაბამება,  მცდარია.

რაც შეეხება რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინის მიერ “ანტისხეულებზე დემოკიდებული გაძლიერების” გამოწვევას და იმუნური სისტემის გადატვირთვას, ეს მტკიცება დაუსაბუთებელია და ვაქცინებზე არსებული ემპირიული მონაცემებით არ დასტურდება.

ვრცლად ამ თემაზე:
ქართველი ანტივაქსერები ბელგიელი ვირუსოლოგის ჰიპოთეტურ სცენარს რეალობად წარმოაჩენენ

დეზინფორმაცია N3: 14 თებერვლისთვის ვაქცინაციის შედეგად 934 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ცნობილი ბეისბოლისტი ჰენკ აარონი.
ფაქტი N 3:  ბეისბოლისტი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, ხოლო  ამერიკაში პაციენტების გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ დაადასტურა.

ბეისბოლისტი ჰენკ აარონი 2021 წლის 22 იანვარს 86 წლის  ასაკში გარდაიცვალა. სამედიცინო გამოკვლევებისა და აუტოფსიის თანახმად, იგი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და მის სიკვდილთან Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას კავშირი არ ჰქონია. USA Today-ის მიხედვით, აარონის სიკვდილის მიზეზი ინსულტი გახდა, ხოლო “პოლიტფაქთან” საუბრისას ფილადელფიის ბავშვთა ჰოსპიტლის, ვაქცინის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ  შეუძლებელია “მოდერნას”  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ ადამიანის ორგანიზმში ინსულტი გამოიწვიოს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2021 წლის 8 მარტის ჩათვლით COVID-19 ვაქცინების 92 მილიონზე მეტი დოზა გაკეთდა. ამ დროის განმავლობაში VAERS-მა ვაქცინირებული ადამიანების სიკვდილის 1637 შეტყობინება (0,0018%) მიიღო. CDC-ისა და FDA-ის ექიმების მიერ გარდაცვალების თითოეულ შემთხვევას განიხილვისა და შემდგომი შეფასების შემდეგ პაციენტების გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ დაადასტურდა.

ამის შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” ძველ პუბლიკაციაში:
რა არის VAERS-ის სისტემა და რა ვიცით ამერიკაში ვაქცინაციის პროცესზე?

ვიდეოში გაჟღერებული სხვა მცდარი ინფრმაცია

ამერიკელმა ექიმმა ვაქცინებისა და კორონავირუსის შესახებ ის მცდარი ინფორმაციაც გააჟღერეს, რაზეც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:

დეზინფორმაცია N4: კოვიდ-19-ის ვაქცინებს კლინიკური შემოწმების პროცესი არ გაუვლია და ის ადამიანები ვინც იცრებიან, საცდელი ცხოველები არიან.
ფაქტი N4:კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს  შემოწმების ყველა საჭირო ეტაპი აქვთ გავლილი.

ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის მოდერნას კოვიდ-19-ის ვაქცინამ 3 ფაზიანი შემოწმების ეტაპი გაიარა და მისი ეფექტიანობა, უსაფრთხოება და იმუნური რეაქცია 30 000 ადამიანზე გამოიცადა. “მოდერნას” ვაქცინამ აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 94.1%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, 2020 წლის 18 დეკემბერს მას  ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA), ხოლო 6 იანვარს ევროპის მედიკამენტების სააგენტომ  (EMA) ავტორიზაცია მიანიჭა.

შემოწმების სამივე ეტაპი გავლილი აქვს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინასაც, რომელმაც გადაუდებელი საჭიროების ავტორიზაცია მიიღო. ვრცლად იხილეთ:
ინფორმაცია, თითქოს FDA-ის Pfizer-ის ვაქცინა არ დაუმტკიცებია, მცდარია

დეზინფორმაცია N5: კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი რნმ ვაქცინებში გამოყენებული ტექნოლოგია ადამიანებზე არ გამოცდილა და აქამდე მხოლოდ ცხოველებზე იცდებოდა.
ფაქტი N5: რნმ ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინების კვლევები მიმდინარეობდა როგორც ცხოველებზე, ისე ადამიანებზე

რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინების შექმნა 1990-იანი წლებიდან დაიწყო, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი რნმ ვაქცინების შექმნის ტექნოლოგია კი ამ მრავალწლიან გამოცდილებას ეფუძნება. Moderna და Pfizer-ის გერმანული პარტნიორი BioNTech უკვე ათ წელზე მეტია, რაც რნმ ტექნოლოგიით კიბოსა და სხვადასხვა ინფექციური დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადებას ცდილობენ, ხოლო მათი კვლევები მიმდინარეობს როგორც ცხოველებზე, ასევე ადამიანებზე.

ვრცლად იხილეთ:
ანტივაქსერი ექიმები ვაქცინებსა და კორონავირუსზე დეზინფორმაციას ავრცელებენ

დეზინფორმაცია N6: კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებში 70-იან წლებში  აბორტირებული ემბრიონის უჯრედებს შეიცავენ.
ფაქტი N6: კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები აბორტირებული ემბრიონის უჯრედებს არ შეიცავს.

კოვიდ 19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინები აბორტირებული ემბრიონის უჯრედებს არ შეიცავს. აბორტირებული ემბრიონის ფილტვის უჯრედები ვაქცინების პრე-კლინიკურ კვლევებში იმის დასადგენად გამოიყენება, თუ რა გავლენა აქვს ვაქცინას ადამიანის უჯრედებზე. ადამიანის აბორტირებული ემბრიონის უჯრედების გამოყოფა 1970-იან წლებში მოხდა, თუმცა აბორტი ნებაყოფლობითი იყო და კვლევის მიზნით არ მომხდარა. ამის შემდეგ ლაბორატორიულ პირობებში უჯრედები გაამრავლეს და მიმდინარე კვლევებიც გამრავლებულ უჯრედებს ეფუძნება, შესაბამისად კვლევები ახალ აბორტირებულ ემბრიონს არ საჭიროებს. ის მხოლოდ წარმოების პროცესში გამოიყენება, შემდეგ კი ვაქცინები ყველანაირი ზედმეტი მინარევისგან იწმინდება.

ვრცლად იხილეთ:
რა ვიცით ვაქცინების შემადგენლობის შესახებ?
არც ვაქცინები და არც Nestle-ს, Craft-ის, PepsiCo-ს საკვები პროდუქტები აბორტირებული ემბრიონის უჯრედებს არ შეიცავენ

ვინ არის სტივენ ჰოტსი?
სტივენ ჰოტსი ამერიკელი ექიმია, რომელმაც 1989 წელს თავისი სამკურნალო ცენტრი Health & Wellness Center International One დააფუძნა. ცენრტის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ მკურნალობის მეთოდები ჰორმონალურ თერაპიასა და იმუნიტეტის ამაღლებას ეფუძნება. 2020 წლის დეკემბერში ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ სტივენ ჰოტსისთის გაგზავნილი გამაფრთხილებელი წერილით ვიგებთ, რომ ექიმი ვებ-გვერდზე   (www.hotzevitamins.com) ყიდის მედიკამენტებს (Dr. Hotze’s Immune Pak , Dr. Hotze’s Immune Pak for Adults , Dr. Hotze’s Kids Immune Pak, Dr. Hotze’s Teen Immune Pak), რომლებიც მიზნად COVID-19-ის განკურნებას, პრევენციას და დიაგნოსტირებას ისახავს.  წერილის  მიხედვით, ეს მედიკამენტები აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული არ არის და ამავე დროს არასწორადაა მარკირებული, შესაბამისად, ამ პრეპარატებით ვაჭრობა აკრძალულია.

FDA ჰოტსს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს COVID-19-ის შემსუბუქების, პროფილაქტიკის, მკურნალობის, დიაგნოსტირების ან განკურნების მიზნით დაუდასტურებელი და უნებართვო პროდუქტების გაყიდვა.

პოსტის გავრცელება
30 მარტის მონაცემებით, Khatuna Saginashvil-ის პოსტს 835 გაზიარება აქვს. ვიდეო შემდეგ ჯგუფებში გავრცელდა: კოლხი, Moldovenii contra M. Sandu, Maia Sandu nu e președinta mea! / Майя Санду мне не президент!, Из России, с любовью…..Din Rusia cu dragoste…, Молдова должна быть с Россией!

;

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist