8 დეკემბერს კრემლის სამთავრობო მედიის “სპუტნიკ აფხაზეთის” ვებ-გვერდზე РИА Новости-ს ავტორის, ვლადიმირ კორნილოვის სტატია,სათაურით “6 ადამიანი, რომელმაც მოკლა საბჭოთა კავშირი: რატომ ჩაიდინეს მათ ეს” გამოქვეყნდა. სტატიაში კორნილოვი წერს, რომ 30 წლის წინ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა მოხდა – “დაშალეს ჩვენი ერთიანი ძალა – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი”. კორნილოვის მტკიცებით, ბელოვეჟში შეთანხმებას რუსეთი, უკრაინის და ბელარუსის სახელით ხელი იმ ადამიანებმა მოაწერეს, ვისაც არავითარი ავტორიტეტი არ ჰქონდა და საბჭოთა კავშირის დაშლის გადაწყვეტილება უკანონო და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიღებული იყო, რაც 1991 წლის 17 მარტის რეფერენდუმზე ცალსახად გამოიხატა.
ვლადიმირ კორნილოვი, РИА Новости-ს ავტორი: “შეგახსენებთ, მაშინ ამომრჩეველთა დაახლოებით 78%-მა ჩვენი ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნებას დაუჭირა მხარი…დაშლის არქიტექტორები მაშინაც და ახლაც კი, 30 წლის შემდეგ, საკუთარ ქმედებას აფუძნებენ უკრაინის რეფერენდუმზე, რომელიც 1991 წლის პირველ დეკემბერს შედგა. მათი აზრით, საყოველთაო გამოკითხვაში, რომელშიც უკრაინელების თითქმის 90%-მა ხმა მისცა დამოუკიდებლობას (ბიულეტენის ტექსტში განსხვავებული ფორმულირება იყო), იურიდიულად “გაანულა” სიტუაცია, რომელიც მარტის რეფერენდუმით დადგა და კავშირში შემავალი ქვეყნების სხვა ლიდერებისგან საგანგებო ქმედებებს მოითხოვდა”.
კორნილოვი აცხადებს, რომ უკრაინაში ჩატარებულ ამ რეფერენდუმს დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან საერთო არაფერი ჰქონდა და პროცედურების და კანონების დარღვევით ჩატარდა, ვინაიდან “საბჭოთა კავშირიდან სეცესიის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებული პროცედურების” შესახებ კანონის მიხედვით მსგავსი შინაარსის რეფერენდუმი მისი ორგანიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვეზე ადრე არ უნდა ჩატარებულიყო, უკრაინაში კი მხოლოდ 3 თვე გავიდა. კორნილოვი ასევე ირწმუნება, რომ მარტის რეფერენდუმისგან განსხვავებით, როდესაც გაზეთებში თანაბრად შუქდებოდა როგორც დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეთა, ასევე მომხრეთა პოზიციები, უკრაინაში დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეთა კამპანია სრულად აიკრძალა და ყირიმისა და დონეცკის გარდა უარყოფითი პასუხის დაფიქსირება არავის შეეძლო. კორნილოვის თქმით, მაშინ ეს დასავლეთში არავის აწუხებდა, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის ყირიმის რეფერენდუმს ამავე მიზეზებით არალეგალური უწოდეს.
ვლადიმირ კორნილოვი, РИА Новости-ს ავტორი: “1991 წლის 25 დეკემბერს, 19:35-ზე დიადი ძალის დროშა კრემლზე სამუდამოდ დაეშვა. მილიონობით რუსმა თავზარდაცემულმა აღმოაჩინა, რომ საკუთარი დაბადების ადგილის დატოვების გარეშე, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, უეცრად სამშობლოს – რუსეთის გარეთაა. ერთი ომის წაგების გარეშეც, ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ტერიტორიები და მოსახლეობა დაკარგა.”
კორნილოვი ფაქტებით მანიპულირებს და მცდარ ინფორმაციას ავრცელებს. რეალურად, უკრაინაში 1991 წლის დეკემბერში ჩატარებული რეფერენდუმი უკანონო არ ყოფილა, ვინაიდან ამ დროისათვის პარლამენტს დამოუკიდებლობა უკვე გამოცხადებული ჰქონდა და საკავშირო კანონებზე მაღლა უკრაინული კანონები იდგა. გარდა ამისა, ამ რეფერენდუმში როგორც ყირიმსა და დონეცკში, ასევე უკრაინაში მცხოვრებ ეთნიკურ რუსებშიც დამოუკიდებლობის მხარდაჭერა 50%-ს აღემატებოდა. რაც შეეხება მარტის რეფერენდუმს, ის საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების მოქალაქეების ნების გამოხატულებად ვერ ჩაითვლება, რადგან 15-დან 6-მა ქვეყანამ მას ბოიკოტი გამოუცხადა, უკრაინაში კი კითხვები განსხვავებული ფორმულირებით იყო ჩამოყლიბებული და საბჭოთა კავშირის არსებული სახით შენარჩუნებას არ მოიაზრებდა. სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ საბჭოთა კავშირი “ერთი ომის წაგების გარეშე” დაიშალა.
- იყო თუ არა უკრაინის 1991 წლის დეკემბრის რეფერენდუმი უკანონო?
უკრაინის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, რომელიც 1991 წლის პირველ დეკემბერს ჩატარდა ამავე წლის 24 აგვისტოს უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაინიშნა. მასში ამომრჩეველთა 84.18%-მა მიიღო მონაწილეობა და მათმა 92.3%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. მტკიცება, რომ ბიულეტენში კითხვა განსხვავებულად იყო ფორმულირებული და უარყოფითი პასუხის გაცემა შეუძლებელი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. ბიულეტენის ტექსტში მოცემული იყო კითხვა: “უჭერთ თუ არა მხარს უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს?” და ორი შესაძლო პასუხი: “დიახ, მხარს ვუჭერ” და “არა, არ ვუჭერ მხარს”.
წყარო: Wikipedia
აღსანიშნავია, რომ კორნილოვის მიერ ნახსენებ რეგიონებსი, ყირიმსა და დონეცკში უკრაინის დამოუკიდებლობას მხარი რეფერენდუმში მონაწილეთა 54.19 და 83.90%-მა დაუჭირა. საგულისხმოა ასევე ისიც, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები რეფერენდუმში მონაწილე ეთნიკური რუსების 55%-მა სეცესიას დაუჭირა მხარი.
რაც შეეხება კორნილოვის მტკიცებას, რომ რეფერენდუმი უკანონო იყო, რადგან საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მიხედვით მისი გამოცხადებიდან ჩატარებამდე სულ მცირე 6 თვე უნდა გასულიყო, ეს მტკიცება მანიპულაციურია, რადგან მართალია საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში მართლაც იყო მსგავსი ჩანაწერი, თუმცა აღსანიშნავია, რომ 1990 წლის 16 ივლისს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ახლადარჩეულმა პარლამენტმა 355 ხმით 4-ის წინააღმდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რის შედეგადაც ქვეყანაში უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კანონი საბჭოთა კავშირის კანონებზე მაღლა დადგა.
მტკიცება, რომ მარტის რეფერენდუმამდე როგორც მომხრეთა, ასევე მოწინააღმდეგეთა პოზიციები თანაბრად შუქდებოდა, ხოლო განსხვავებული სიტუაცია იყო დეკემბრის რეფერენდუმის დროს, მანიპულაციურია. 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმის წინ საბჭოთა ხელისუფლებამ მედიაზე მისი კონტროლი გამოიყენა იმისათვის, რომ ამომრჩეველზე გავლენა მოეხდინათ და მაღალი ჩართულობა და სასურველი შედეგი მიეღოთ. ცენტრალური საბჭოთა მედია ხშირად აშუქებდა გორბაჩოვის გამოსვლებს, რომლებშიც ის რესპუბლიკების საბჭოთა კავშირში დარჩენის არგუმენტებს ასახელებდა. გორბაჩოვის მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას დამანგრეველი შედეგები მოჰყვაბოდა 75 მილიონი ადამიანისათვის, რომელიც საბჭოთა კავშირში, საკუთარი რესპუბლიკების საზღვრებს გარეთ ცხოვრობდნენ. მიუხედავად საბჭოთა ცენტრალური ხელისუფლების მტკიცებისა, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონოდა თანაბარი საშუალება საკუთარი აზრი გამოეხატა, ცენტრალურ მედიაში რეფერენდუმის ოპონენტების აზრი ძალზედ იშვიათად ხვდებოდა, ჟურნალისტები კი გაძლიერებულ ცენზურაზე და ზეწოლაზე მიუთითებდნენ.
უშუალოდ უკრაინაში, როგორც რეფერენდუმის მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები ინტენსიურ კამპანიას აწარმოებდნენ. ამ შემთხვევაშიც, ოპოზიციას რესპუბლიკურ ტელევიზიაზე წვდომა თითქმის არ ჰქონია და საკუთარ პოზიციას უმეტესწილად გაზეთების და ბროშურების მეშვეობით აწვდიდა მოსახლეობას.
რაც შეეხება დეკემბერში უკრაინაში გამართულ დამოუკიდებლობის რეფერენდუმს, მას თან გასდევდა ცენტრალური საბჭოთა მედიიდან გორბაჩოვის და საბჭოთა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მოწოდებები, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა არა მხოლოდ თავად უკრაინას, არამედ მის მეზობლებს და საერთაშორისო სტაბილურობასაც შეუქმნიდა საფრთხეს.
- რას დაუჭირა მოსახლეობამ მხარი რეალურად 1991 წლის მარტის რეფერენდუმში?
რაც შეეხება 1991 წლის 17 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმს, რომელზე დაყრდნობითაც კორნილოვი ირწმუნება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა, აღსანიშნავია, რომ ის არ ასახელებს მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებიც ამ მტკიცებას ეჭვქვეშ აყენებენ.
მაგალითად, კორნილოვის სტატიაში არ ვხვდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღნიშნულ რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა საბჭოთა კავშირში შემავალი 15 სახელმწიფოდან 6-მა: საქართველომ, სომხეთმა, ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და მოლდოვამ. მათმა ნაწილმა მალევე თავად ჩაატარა რეფერენდუმები:
ქვეყანა |
რეფერენდუმის ჩატარების თარიღი |
რეფერენდუმში მონაწილეთა შორის დამოუკიდებლობის მომხრეთა % |
1991 წლის 9 თებერვალი |
91 |
|
1991 წლის 3 მარტი |
73.7 |
|
1991 წლის 3 მარტი |
77.83 |
|
1991 წლის 31 მარტი |
99.08 |
|
1991 წლის 21 სექტემბერი |
99 |
რაც შეეხება მოლდოვას, აქ საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1991 წლის 17 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმში ამომრჩეველთა მხოლოდ 28%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც ბოიკოტად მიიჩნევა.
გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმში მოცემული კითხვები რესპუბლიკების მიხედვით განსხვავდებოდა და მაგალითისათვის უკრაინაში მასში ორი კითხვა იყო მოცემული: “მიაჩნიათ თუ არა საჭიროდ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შენარჩუნება, როგორც განახლებლი ფედერაციისა, სადაც თანასწორი სუვერენული რესპუბლიკები გაერთიანდებიან და ნებისმიერი ეროვნების ინდივიდის უფლებები და თავისუფლებები სრულადი ქნება გარანტირებული?”, რაზეც რეფერენდუმში მონაწილეთა 71.48%-მა დადებითი პასუხი გასცა, მეორე კითხვაზე, რომელიც მხოლოდ უკრაინის რეფერენდუმში ფიგურირებდა: “ეთანმებით თუ არა, რომ უკრაინა უნდა იყოს საბჭოთა სუვერენული სახელმწიფოების კავშირის ნაწილი უკრაინის სუვერენიტეტის გამოცხადების საფუძველზე?” დადებითი პასუხი მონაწილეთა 81.7%-მა გასცა. შესაბამისად მტკიცება, რომ მარტის რეფერენდუმში უკრაინამ საბჭოთა კავშირის არსებული სახით შენარჩუნებას დაუჭირა მხარი რეალობასაა აცდენილი. ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ როგორც ზემოთხსენებულ 6 რესპუბლიკაში, ასევე დასავლეთ უკრაინაშიც მოსახლეობის ნაწილმა რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა, რის გამოც მოწინააღმდეგეთა პროცენტული მაჩვენებელი იმაზე დაბალია, ვიდრე ეს რეალურად იყო.
- დაიშალა თუ არა საბჭოთა კავშირი “ერთი ომის წაგების” გარეშე?
მტკიცება, რომ საბჭოთა კავშირი “ერთი ომის წაგების გარეშე” დაიშალა, სიმართლეს არ შეესაბამება. საბჭოთა კავშირის დასუსტების და შემდგომში დაშლის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი ავღანეთის ომში განცდილი მარცხი იყო. 9-წლიანმა სამხედრო კამპანიამ საბჭოთა კავშირი მნიშვნელოვნად აზარალა ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით, ქვეყნიდან ჯარების გაყვანიდან მალევე კი ავღანეთში მათ მიერ მხარდაჭერილი მთავრობა დაეცა. ჯამში ომს 14,453 საბჭოთა სამხედრო მოსამსახურე შეეწირა. თუმცა ეს საბჭოთა კავშირის მიერ აღიარებული ოფიციალური მონაცემებია. სხვა წყაროების მიხედვით მსხვერპლი 26,000-ს აღწევს. ავღანეთში მარცხმა საბჭოთა კავშირის რეპუტაცია როგორც საზღვრებს გარეთ, ასევე წევრ რესპუბლიკებშიც შეარყია და მისი დაშლის ერთ-ერთ განმაპირობებელ მიზეზად მოიაზრება.
მნიშვნელოვანი დარტყმა საბჭოთა კავშირის ეკონომიკას ცივ ომში ჩართულობამ და სამხედრო შეიარაღების კუთხით აშშ-სთან შეჯიბრმაც მიაყენა. სხვა ფაქტორებთან ერთად სწორედ სამხედრო დანახარჯები იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც საბჭოთა კავშირის ეკონომიკური სტაგნაცია გამოიწვია და აშშ-ს სამხედრო განვითარების ტემპს მნიშვნელოვნად ჩამორჩა.
- კრემლის საბჭოთა ნოსტალგია
კრემლის პროპაგანდა საერთო ისტორიულ მეხსიერებას პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე გავლენის მოხდენის ერთ-ერთ ინსტრუმენტად ყოველთვის იყენებდა.
ვლადიმირ კორნილოვის სტატია ერთგვარი გამოძახილია საბჭოთა ნოსტალგიისა, რომელსაც მუდმივად იმეორებს თავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც. 12 დეკემბერს რუსეთის სახელმწიფო მედიამ, РИА-მ მასთან ჩაწერილი ინტერვიუ გაავრცელა, რომელშიც პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლაზეც აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობისათვის ეს ტრაგედია იყო და ისტორიული რუსეთის დაშლას ნიშნავდა. პუტინს მსგავსი შინაარსის განცხადება წარსულშიც გაუკეთებია. 2005 წელს მან საბჭოთა კავშირის დაშლა გასული საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად შერაცხა. 2018 წელს 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი კითხვაზე რუსეთის ისტორიაში მომხდარი მოვლენებიდან რომელს შეცვლიდა მან დაუყოვნებლივ მიუგო: “საბჭოთა კავშირის დაშლას”.
საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაჟღერებულა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ გამოქვეყნებული მასალები:
- დაიშალა თუ არა სსრკ საბჭოთა ხალხის “ნების საწინააღმდეგოდ”?
- როგორ ქმნის რუსული მედია მითებს
- აფხაზეთის ხელისუფლების მოქმედი და ეროვნული გვარდიის ყოფილი წარმომადგენლები დალესის კონსპირაციის ტყვეობაში
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.