სპირიდონის ქადაგებები  უკრაინის და უკრაინის ეკლესიის წინააღმდეგ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

306
VIEWS

უკანასკნელ პერიოდში სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი ტაძარში მიმდინარე მოვლენებზე საუბრების დროს უკრაინის წინააღმდეგ ქადაგებს. 13 მარტს მან “კიევის რუსეთის” ისტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ეთნოსი არიან და ახლა მოძმე ერები ერთმანეთს ‘მესამე ძალების’ წაქეზებით ეომებიან.

2022 წლის 11 აპრილს ეპისკოპოს სპირიდონის კიდევ ერთი ქადაგება Facebook გვერდმა “ღმერთი სამშობლო ადამიანი” გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობდა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს დამოუკიდებლად უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების უფლება არ ჰქონდა და რომ მისი ქმედება დიქტატორულია. ამავე ვიდეოში ეპისკოსპოსი აცხადებდა, რომ რუსეთის ეკლესია აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს ეკლესიის ეპარქიად განიხილავს და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებამ შესაძლოა, ეს მოცემულობა შეცვალოს. 

მეუფე სპირიდონი: “რა უფლება აქვს ეხლა ისეთი უდიდესი საკითხი, რომელსაც ჰქვია ავტოკეფალიის მინიჭება ან არმინიჭება, რომ ვიღაც ერთმა კაცმა დაიქვემდებაროს. ამას ჰქვია დიქტატურა… მერე მეორე, აფხაზეთს რუსეთის ეკლესია ცნობს როგორც საქართველოს ეკლესიის ეპარქიას, სამაჩაბლოს ცნობს როგორც საქართველოს ეკლესიის ეპარქიას. ამ გაბრაზებულ გულზე და შეურაცხყოფილმა იქ რო ეპისკოპოსი გამოგზავნოს და თქვას ეს არ არის შენი ეპარქია ჩემიაო, რას უზავ, იქაც და იქაც თავისი ეპისკოპოსები რომ დასვას, რას უზავ? ოფიციალურად რომ მიიერთოს… რატომ იკიდებ მტრად ეკლესიას.”

Screenshot 1 3 სპირიდონის ქადაგებები  უკრაინის და უკრაინის ეკლესიის წინააღმდეგ
მეუფე სპირიდონის ქადაგება

მეუფე სპირიდონის მტკიცება მანიპულაციურია და რეალობას არ შეესაბამება. საეკლესიო ტრადიციის თანახმად, კონსტანტინოპოლის ეკლესიას უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების სრული უფლება ჰქონდა. რაც შეეხება ამჟამად რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეპარქიების საქართველოს ნაწილად აღიარებას და მასთან დაკავშირებულ სამომავლო საფრთხეს, ეს აღიარება მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა, რადგან, აფხაზეთის ეკლესიას უკვე წლებია რუსი ეპისკოპოსი მართავს და ორივე ეპარქიაში რუსული გავლენები მძლავრობს.

  • ვის შეუძლია ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება?

მტკიცება, რომ ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის საჭიროა ყველა სხვა ეკლესია თანახმა იყოს, კრემლისტურ მედიასა და სოციალური ქსელების  ადრეც ვრცელდებოდა. რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში უკრაინის ავტოკეფალიის გარშემო არსებული მანიპულაციური და დეზინფორმაციული კამპანია კვლავ გააქტიურდა.

აღსანიშნავია, რომ ზოგადად ავტოკეფალიის მინიჭებაზე ეკლესიაში რაიმე კონკრეტული კანონმდებლობა არ არსებობს და ასეთ დროს ეკლესიები ძირითადად წარსულის გამოცდილებითა და საეკლესიო ტრადიციით ხელმძღვანელობენ. ამის შესახებ 1970 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ათენაგორა რუსეთის პატრიარქისადმი გაგზავნილ წერილში წერდა და მას იმის გამო აკრიტიკებდა, რომ რუსეთის მიტროპოლიტმა პიმენმა ტომოსი ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე “რუსული მიტროპოლიისთვის” წესებით დარღვევით გამოსცა.

პატრიარქი ათენაგორა: “ავტოკეფალიის ზუსტად დამახასიათებელი კონკრეტული კანონები საეკლესიო კანონმდებლობაში არ მოიძებნება. თუმცა, გარკვეული ზოგადი მითითებები და დებულებები ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ასეთი კანონმდებლობის ძირითადი პრინციპებიდან შეიძლება შეგროვდეს. უფრო მეტიც, ეს ნათლად ჩანს ეკლესიის კანონიკასა და მის ისტორიაში და არაერთხელ იქნა გამოხატული და მკაფიოდ არის დაწერილი ტომებში, რომლებიც ახალი ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიების დაარსების დროს გამოქვეყნდა.”

საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ავტოკეფალიის მინიჭების უფლებამოსილება ან კონსტანტინოპოლის პატრიარქს ან კი დედა ეკლესიას აქვს. უკრაინის ეკლესიის შემთხვევაში კონსტანტინოპოლის პატრიარქს ორივე მხრივ ჰქონდა უფლებამოსილება, რადგან უკრაინის ეკლესია ისტორიიდან გამომდინარე მუდმივად მას ეკუთვნოდა, თუმცა რუსეთის ეკლესიას უკანონოდ ჰქონდა მიტაცებული. კერძოდ, 1589 წელს, როდესაც რუსეთის ეკლესიამ საპატრიარქოს სტატუსი მსოფლიო პატრიარქისგან მიიღო, უკრაინის დედაქალაქი კიევის მიტროპოლია მასში არ შედიოდა და ის კონსტანტინოპოლის იურისდიქციის ქვეშ რჩებოდა.

რუსეთის ეკლესია მანამდეც ცდილობდა უკრაინის ეკლესიაში საკუთარი გავლენების გაძლიერებას. კერძოდ მოსკოვის მთავარმა ვასილმა ისარგებლა კონსტანტინოპოლის სისუსტით და 1448 წელს კიევისა და სრულიად რუსის მიტროპოლიტად იონა მოსკოველი წარადგინა და საეკლესიო ტრადიცია დაარღვია. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი კონსტანტინოპოლის საპატრიარქომა არაკანონიერად ცნო. რუსეთის ეკლესიამ შემდგომში კონსტანტინოპოლისგან დამოუკიდებლობა მაინც მიიღო, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, ეს დამოუკიდებლობა კიევის მიტროპოლიას არ ეხებოდა და ის კვლავ კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში რჩებოდა. შესაბამისად, კონსტანტინოპოლის ეკლესიას, როგორც დედა ეკლესიას, სრული უფლებამოსილება გააჩნდა უკრაინისთვის ავტოკეფალია მიენიჭებინა. 

  • უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება და აფხაზეთ/ცხინვალის რეგიონის ეკლესიებთან დაკავშირებული საფრთხე

როგორც მეუფე სპირიდონი აღნიშნავს, საქართველოს მიერ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას შეიძლება მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ეკლესიების მიერთება მოჰყვეს. წარსულში ეს მანიპულაცია სხვა ფორმითაც ვრცელდებოდა, კერძოდ, საქართველოს მიერ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეკლესიების დამოუკიდებლად აღიარება მოჰყვებოდა

უპირველესად აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხრიდან ამგვარი ქმედება უკანონო იქნება და ეს არ იქნება უკრაინის აღიარების მსგავსი შემთხვევა, რადგან რუსეთი არც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოა და არც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეკლესიების დედა ეკლესია.

საგულისხმოა ისიც, რომ მეუფე სპირიდონის განცხადების მანიპულაციურობა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ეკლესიების დღესდღეობით საქართველოს ნაწილად მიჩნევა მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა, რადგან რუსეთს ეს ეკლესიები პრაქტიკულად სრულად მიტაცებული და დაქვემდებარებული ჰყავს. 

ჯერ კიდევ 2018 წელს, დეკანოზი ილია ჭიღლაძე აცხადებდა, რომ რუსეთის ეკლესია სხვადასხვა ფორმებით მნიშვნელოვნად ერეოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეკლესიების საქმეებში, რაც შემდეგი ფორმებით გამოიხატება

  • ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ტაძარს (ახალი ათონის მონასტრის გარდა) მოსკოვის საპატრიარქო აკონტროლებს.
  • მოსკოვის საპატრიარქოს აფხაზეთის ტერიტორიაზე 15-მდე მღვდელი ჰყავს დადგენილი, რომელთაგან უმეტესობა (ერთის გამოკლებით) საპატრიარქოს მიერვე არის ნაკურთხი.
  • აფხაზეთის ეპარქიას მაიკოპისა და ადიღეს რუსი ეპისკოპოსი მართავს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეიძლება რუსეთის ეკლესია ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილებს საქართველოს ეკლესიის კუთვნილებად განიხილავს, თუმცა რუსეთის პატრიარქი კირილე საქართველოს პატრიარქ ილია II-ს არასდროს მოიხსენიებს სრული სახელწოდებით, კერძოდ კი მიმართვებში წოდება “ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი” ყოველთვის გამოტოვებულია.

Screenshot 2 10 სპირიდონის ქადაგებები  უკრაინის და უკრაინის ეკლესიის წინააღმდეგ

რაც შეეხება მითს “უფროს ძმასა” და “კიევის რუსეთზე”, რომელზე დაყრდნობითაც სპირიდონი ქადაგებაში ეთნიკურად რუსებსა და უკრაინელებს ერთ ერად მოიხსენიებს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ლეგიტიმაციას ცდილობს, “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist