28 დეკემბერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ორი ციტატა გავრცელდა. ფეისბუქ მომხმარებლებმა David Kantaria და Qeti Vadachkoria გაავრცელეს სქრინი, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ ყიფშიძემ გორელებს მოუწოდა, ახალ წელს დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი არ გამოეყენებინათ, რადგან მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხის “შუმოკის” შემდეგ შიშები აქვს. ფეისბუქ გვერდებმა ტერენტი გლდანელი და მიხეილ უკრაინოლოგი ნიკოლოზ ყიფშიძის იდენტურ ფოტოზე თანდართული სხვა ციტატა გამოაქვეყნეს. სქრინის მიხედვით ექიმმა თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტს შავებში ჩაცმული ბადრაგის დანახვაზე გული წაუვიდა, იდენტური სქრინი მომხმარებელმა Gela Zedelashvili-მაც გამოაქვეყნა. ტერენტი გლდანელის სქრინის ბოლოს Palitravideo.ge-ის წარწერა ჩანს.
ნიკოლოზ ყიფშიძის ორივე ციტატა გაყალბებულია. სააკაშვილის პირადი ექიმის იდენტური ან მსგავსი კომენტარები Palitravideo.ge-ს მასალებში ან სხვა ღია წყაროებში არ იძებნება.
ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა გორელებს ნაკლები ასაფეთქებლის გამოყენებისკენ მოუწოდა ან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს შავებში ჩაცმული ბადრაგის დანახვისას გული წაუვიდა.
გამოქვეყნებულ სქრინებში გამოყენებული ფოტო 28 დეკემბერს ნიკოლოზ ყიფშიძესთან “მთავარი არხის” მიერ ჩაწერილი ინტერვიუდან არის ამოჭრილი. ვიდეოში ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ ის შიმშილობას კვლავ დაიწყებს, ეს კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. თავის კომენტარში ის გორელებისადმი მიმართვას ან შავებში ჩაცმულ ბადრაგს არსად ახსენებს.
იდენტური სქრინის გამოყენებით ყიფშიძის ეს ვიდეო Palitravideo.ge-მ 28 დეკემბერს გამოაქვეყნა. მასალის სათაურად ნიკოლოზ ყიფშიძის ციტატა “პრეზიდენტი ჩვენ მალე აღარ გვეყოლება ცოცხალი” არის გამოტანილი.
“მითების დეტექტორმა” ყალბი ციტატა, რომელსაც ნიკოლოზ ყიფშიძეს მიაწერდნენ, ადრეც გადაამოწმეს, ვრცლად იხილეთ:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.