6 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ვარდისფერ ჰიჯაბშია გამოსახული. ფეისბუქ-ანგარიში Георгий Кушиташвили, რომელიც ყალბი ინფორმაციის ხშირი გამავრცელებელია, პოსტს რუსულ ენაზე, შემდეგი შინაარსით აქვეყნებს:
“დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა აურზაურში ვერ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – აქვთ თუ არა ქალებს პენისი?! ვინ არის ეს ხალხი დასავლეთის ხელისუფლებაში?!”
გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული, ხოლო პოსტის აღწერა, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს მსგავსი შეკითხვა დაუსვა, არ დასტურდება.
აღსანიშნავია, რომ ფოტო ინტერნეტში 2023 წლის 26 ოქტომბრიდან იძებნება და პირველად სატირულ ვებსაიტზე The Upper Lip წარწერით – “Starmer Tries New Tactic To Appease Anti-Israel Activists in Party” – არის გამოქვეყნებული. საიტს “ჩვენს შესახებ” განყოფილებაში მითითებული აქვს, რომ სახუმარო სიახლეებს ქმნის.
Google Lens-ით მოძებნის შემდეგ დასტურდება, რომ ფოტო მას შემდეგ განსხვავებული წარწერით ხშირად ვრცელდება სხვადასხვა სოციალურ ქსელში. ის სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითაა შექმნილი. AI კონტენტის შემმოწმებელი ხელსაწყოს Is It AI?-ის მიხედვით, ფოტოს ხელოვნური ინტელექტით შექმნის ალბათობა 95%-ია:
ამასთან ერთად, შესამჩნევია AI-ით შექმნილი ფოტოებისთვის დამახასიათებელი, გავრცელებული შეცდომები და უზუსტობები, როგორიცაა: ბუნდოვანი უკანა ფონი და მარცხენა მხარეს გამოსახული ქალის არაბუნებრივად გრძელი თითები. ასევე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კირ სტარმერს მარჯვენა ხელზე 4 თითი აქვს.
როგორც აღვნიშნეთ, აღნიშნული ფოტო ხშირად ქვეყნდება გამოგონილი, მათ შორის სატირული აღწერებით და მისი არაავთენტიკურობა წარსულშიც არაერთმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ თუ მედიამ (Snopes, Full Fact, The Quint, Check Your Fact) დაადასტურა.
რაც შეეხება პოსტის აღწერას, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს შეკითხვა “აქვთ თუ არა ქალებს პენისი?” დაუსვა, არცერთ კირ სტარმერთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ სიახლეში არ დასტურდება.
ირინა სამაკაშვილი
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.