2024 წლის ივნისსა და ივლისში ფეისუქ-გვერდებზე ვრცელდება პოსტები, რომლებსაც გადავყავართ სტატიებზე ცნობილი ადამიანების, მათ შორის, თბილისის მერის, კახა კალაძის, ბიზნესმენ მიხეილ ლომთაძისა და პოლიტიკოს გრიგოლ ვაშაძის შესახებ (1;2;3;4). სტატიები სხვადასხვა მედიის მსგავსი ვიზუალის მქონე ვებ-საიტებზეა გამოქვეყნებული და მათი შინაარსი ერთნაირია – ისინი Socar-ისა და კომპანიის საინვესტიციო პლატფორმით გამდიდრების ისტორიებს შეეხება. სტატიების უმეტესობაში ვკითხულობთ ცნობილი ადამიანების ინტერვიუებს, რომლებიც ყვებიან, თუ როგორ გამდიდრდნენ Socar-ში ივესტირებით:
- “კალა კალაძის სიმდიდრის საიდუმლოები. რა გამოაშკარავდა თბილისის მერის სახლებში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად?” – კახა კალაძის სახლის ჩხრეკისას მისი ცოლის სახელზე რეგისტრირებული ძვირადღირებული ნივთები იპოვეს, რის გამოც მერი დაკითხვაზე დაიბარეს. კალაძემ რუსთავი 2-ს ექსკლუზიურად უამბო, რომ ქონება Socar-ის პლატფორმაზე ინვესტირებით დააგროვა.
- “თბილისის მერის უმუშევარი საყვარლის მდიდრული ცხოვრება. რას მალავს კახაბერ კალაძე და როგორ შეცვლის ეს თქვენს ცხოვრებას?” – ტაბულას ვიზუალის მსგავს ვებ-საიტზე გამოქვეყნებული ამ სტატიის მიხედვით, კახა კალაძის მეგობარმა ქალმა Socar-ის პლატფორმის დახმარებით ბინები და მანქანები შეიძინა.
- “საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა დაავადების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების შემდეგ თავისი საიდუმლოების გამხელა გადაწყვიტა. მიხეილ ლომთაძემ ყველა გააკვირვა” – სტატია Georgia Today-ს მსგავს ვებ-საიტზეა გამოქვეყნებული. ტექსტის მიხედვით, ბიზნესმენმა შეიტყო, რომ “უკურნებელი სენი” აქვს და სურს ხალხს გაუმხილოს, რომ Socar-ის პლატფორმით გამდიდრდა.
- “გრიგოლ ვაშაძე სასამართლოში მოპასუხედ წარსდგება: ეროვნული ბანკი აპირებს სარჩელი შეიტანოს საიდუმლოს გამჟღავნებისთვის, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს გამოიმუშავოს დიდი კაპიტალი” – რადიო თავისუფლების მსგავს ვებ-საიტზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ ქონება Socar-ის დახმარებით დააგროვა და ამის შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
თითოეული სტატიის ბოლოს მოცემულია სარეგისტრაციო ბმული, რომელსაც Socar-ის მსგავს ვებ-საიტზე გადავყავართ და მომხმარებლებს რეგისტრაციისთვის პირადი მონაცემების – ტელეფონის ნომრის, მეილისა და სახელისა და გვარის შეყვანას სთხოვენ.
სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება რუსულენოვანი ვიდეო, რომელშიც მაყურებელს Socar-ის პლატფორმის შესახებ ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი, შემდეგ კი კახა კალაძე უამბობს.
Socar-ში ინვესტირებაზე გრიგოლ ვაშაძის, კახა კალაძის და მიხეილ ლომთაძის სახელით მორიგი თაღლითური პოსტები ვრცელდება. პოსტები, ისევე როგორც ვებ-საიტები, თაღლითობის ნიშნებს შეიცავს და ინტერნეტ მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ისახავს მიზნად. ინტერვიუები, ისევე, როგორც მედიების Georgia Today-ის, რადიო თავისუფლებისა და რუსთავი 2-ის ვებ-საიტები, გაყალბებულია. რეალურად, კომპანია Socar-ს არ აქვს ინვესტირების პროგრამა, რომლითაც მოქალაქეებს გამდიდრების საშუალებას აძლევს.
კალაძის, ვაშაძისა და ლომთაძის ინტერვიუები გაყალბებულია
კახა კალაძეს, გრიგოლ ვაშაძესა და მიხეილ ლომთაძეს Socar-ში ინვესტირების შესახებ არ უსაუბრიათ. ინტერვიუები, რომლებსაც თაღლითური ვებ-საიტებით ავრცელებენ, არ იძებნება და, მათ შორის, არ გამოქვეყნებულა ტაბულას, Georgia Today-ს, რუსთავი 2-ისა და რადიო თავისუფლების ვებ-საიტებზე.
რადიო თავისუფლებამ გრიგოლ ვაშაძის შესახებ ბოლო სტატია 2024 წლის 17 აპრილს გამოაქვეყნა და ის ე.წ. აგენტების კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პოლიტიკოსის მიერ პარლამენტის დატოვებას შეეხება. გაყალბებული სტატიის მიხედვით, მასალა რადიო თავისუფლების ევროპის ოფისის უფროსმა რიკარდ იოზვიაკმა 5 ივლისს მოამზადა, თუმცა მედიის ვებ-საიზე იოზვიაკის სახელით მსგავსი შინაარსის სტატია არ არის გამოქვეყნებული. აღსანიშნავია ისიც, რომ იოზვიაკი, უმეტესად, ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების შესახებ ამზადებს მასალებს.
გაყალბებულია კახა კალაძის ინტერვიუც. თბილისის მერს Socar-ის პლატფორმით გამდიდრების შესახებ არ უსაუბრია. თაღლითური ვებ-საიტის მიხედვით, ინტერვიუ 5 ივლისს გამოქვეყნდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ კალაძის შესახებ რუსთავი 2-ს 5 ივლისს მასალა არ გამოუქვეყნებია. გარდა ამისა, გაყალბებულ სტატიაში გამოყენებულია კახა კალაძის ინტერვიუს ფოტოები, რომლებშიც კალაძე Socar-ის პლატფორმაზე არ საუბრობს. რეალურად, ინტერვიუ, რომლის ვიდეოდანაც კადრებია ამოჭრილი, სპორტულმა ჟურნალისტმა ნობელ არუსტამიანმა საკუთარ იუთუბ-გვერდზე 2022 წლის 17 ნოემბერს გამოაქვეყნა და მასში თბილისის მერი საკუთარ კარიერაზე საუბრობს.
ამავე ინტერვიუდან არის ამოჭრილი კადრები, რომლებიც ტაბულას გაყალბებულ ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაშია გამოქვეყნებული. რეალურად, თბილისის მერს მედიასთან მასთან დაახლოვებული ქალის Socar-ის პლატფორმით გამდიდრების შესახებ არ უსაუბრია და მსგავსი ინტერვიუ ტაბულას ვებ-საიტზე არ გამოქვეყნებულა.
ვიდეო, რომელშიც Socar-ის პლატფორმის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი და კახა კალაძე რუსულად გვიამბობენ, AI ტექნოლოგიით არის დამუშავებული. რეალურად, ვიდეო 30 მაისის 12 საათზე ეთერში გასული “მოამბედან” არის აღებული. თბილისის მერმა ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის დასრულებაზე ისაუბრა და პასუხი გასცა ჟურნალისტების კითხვებს, რომელთაგანაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე გაცემული პასუხი გავიდა.
ინფორმაცია, თითქოს Georgia Today-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელშიც ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ Socar-ის პლატფორმით გამდიდრების შესახებ ისაუბრა, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. Georgia Today-ს ვებ-საიტი გაყალბებულია და მსგავსი შინაარსის განცხადება ლომთაძის სახელით არც ღია წყაროებით არ იძებნება. გარდა ამისა, არ დასტუდება თაღლითური სტატიის დასაწყისში გადმოცემული ინფორმაცია, თითქოს ბიზნესმენს 2024 წლის ივნისში “უკურნებელი დაავადება” აღმოაჩნდა.
გარდა ამისა, სტატიაში ჩასმულია ჟურნალისტის ფოტო, რომლის სახელი და გვარიც, ტექსტის მიხედვით, გიორგი ბერიძეა. თუმცა, ფოტოზე ასახული ჟურნალისტი, რეალურად, გიორგი ისაკაძეა. აღსანიშნავია ისიც, რომ “საქმიანი დილის” ეს გადაცემა, რომლის წამყვანიც ისაკაძეა, არა Georgia Today-ს, არამედ ტელეკომპანია პირველის ეთერში 2022 წლის 15 მარტს გავიდა. გაყალბებულ სტატიაში გამოყენებულ სქრინშოტში ჩანს გადაცემის თემა – “მიხეილ ლომთაძის მიმართვა კლიენტებისადმი”, თუმცა, რეალურად სიუჟეტში Socar-ის შესახებ საუბარი არ არის. სიუჟეტი მიხეილ ლომთაძის იუთუბ მიმართვას შეეხებოდა, რომლის დროსაც ბიზნესმენმა საკუთარ კომპანია kaspi.kz-სა და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
თაღლითური სარეგისტრაციო ბმულები
კახა კალაძის, მიხეილ ლომთაძისა და გიორგი ვაშაძის შესახებ გამოქვეყნებულ გაყალბებულ სტატიებს გადავყავართ ბმულებზე (1;2), რომლებზეც მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ. ვებ-საიტზე სოკარის ლოგოა დატანილი და ინვესტირებისთვის მოქალაქეებს სახელის, გვარის, მეილისა და ტელეფონის ნომრის შეყვანით რეგისტარციის გავლისკენ მოუწოდებენ. ერთ-ერთ საიტზე ჩნდება მოქალაქეების ფოტოები, რომლებიც თითქოსდა შეუერთდნენ Socar Invest-ის პლატფორმას.
რეალურად, ვებ-საიტები კომპანია Socar-ს არ ეკუთვნის. წარსულში კომპანიამ მრავალჯერ უარყო, რომ ინვესტირებასთან დაკავშირებული მსგავსი პროგრამა აქვთ, მათ შორის, “მითების დეტექტორთან” კომენტარშიც. ასევე, ინფორმაცია, რომ კომპანიის სახელით თაღლითური პოსტები ვრცელდება, Socar-ის ფეისბუქ-გვერდზეც გამოქვეყნდა.
ვებ-საიტები Whois.DomainTools-ის მეშვეობით გადავამოწმეთ. მიღებული შედეგების მიხედვით, იმ თაღლითური ვებ-საიტი, რომელიც გრიგოლ ვაშაძის შესახებ გაყალბებულ სტატიას აქვს მიბმული, 2024 წლის 18 აპრილს არის შექმნილი და მისი აიპი მისამართი სინგაპურშია.
იმ ვებ-საიტის აიპი მისამართი, რომელიც მიხეილ ლომთაძის შესახებ გაყალბებულ სტატიას აქვს მიბმული (BulgingBiOk.com), კალიფორნიაში, სან ფრანცისკოში ფიქსირდება. ვებ-საიტის რეგისტრაციის თარიღი დაფარულია.
ვებ-საიტი (himselfnewlgk.com), რომელზეც ტაბულას გაყალბებული საიტიდან გადავდივართ, 2024 წლის 26 ივნისს არის შექმნილი და მისი აიპი მიასამართი კალიფორნიაში, სან ხოსეში ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ სამივე შემთხვევაში ვებ-საიტების ASN (ავტონომიური სისტემის ნომერი), რომელიც 2010 წლის 14 ივლისს შეიქმნა, ერთი და იგივეა, შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერთი ASN სამივე ვებ-საიტს აერთიანებს და ისინი ერთი თაღლითური სქემის ნაწილია.
თაღლითური პოსტების გამავრცელებელი ფეისბუქ-გვერდები უმეტესად ახალი შექმნილია ან სახელი აქვთ გამოცვლილი
ფეისბუქ-გვერდი Georgia Today, რომელმაც მიხეილ ლომთაძის გაყალბებული სტატია გაავრცელა, 2024 წლის 2 ივლისს არის შექმნილი. გვერდი არ აქვეყნებს ფოტოებს და პროფილისა და გარეკანის ფოტოზე საქართველოს დროშის ფოტო აქვს გამოყენებული. გვერდის შესახებ ინფორმაციის მისათითებელ ველში ჩაწერილია, რომ Georgia Today სმუზისა და წვენების მაღაზიაა. სავარაუდოდ, აღნიშნული სახელის გამოყენების მიზანი ფეისბუქ-მომხმარებლების შეცდომაში შეყვანაა, თითქოს გვერდი რეალურად მედია Georgia Today-ს ეკუთვნის.
რაც შეეხება ფეისბუქ-გვერდს “Tôi đang nói sự thật“, ის 2024 წლის 4 ივნისს არის შექმნილი. გვერდის სახელი ვიეტნამური ენიდან ითარგმნება, როგორც “სიმართლეს ვამბობ”. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, ფეისბუქ-გვერდს გარეკანისა და პროფილის ფოტოებზე დროშა აქვს გამოყენებული – ამჯერად, ვიეტნამის. გვერდის კატეგორიაში მითითებულია, რომ ის სილამაზის, კოსმეტიკისა და თავის მოვლის შესახებ არის შექმნილი. მონაცემების მიხედვით, გვერდს უკრაინიდან მართავენ.
ფეისბუქ-გვერდი Beta2-ის შესახებ მითითებულია, რომ ის მუსიკოსს ან ბენდს ეკუთვნის. ის 2022 წლის 1 ივლისს შეიქმნა და თავდაპირველად “Çhîppô wàkô lòñdôñ” ერქვა, რომელიც 2024 წლის 21 ივნისს შეიცვალა.
რაც შეეხება ფეისბუქ-გვერდს Jeunesse Cité Sichem, მას პროფილის ფოტოზე ქართული ონლაინ მედია ტაბულას ლოგო აქვს გამოყენებული. გვერდის შესახებ ინფორმაციის გრაფაში მითითებულია, რომ ის რელიგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის და მისიონერული ცენტრის ახალგაზრდულ განყოფილებას წარმოადგენს. გარდა ამისა, მითითებულია კონგოს მისამართი და ტელეფონი, რომლის კოდიც ასევე კონგოს ეკუთვნის.
გვერდი 2022 წლის 16 მარტს არის შექმნილი. რეკლამების ბიბლიოთეკაში გადასვლით შეგვიძლია ვნახოთ, რომ ფეისბუქ-გვერდს კახა კალაძისა და მხეილ ლომთაძის შესახებ არაერთი თაღლითური შინაარსის პოსტი აქვს დასპონსორებული.
თაღლითური პოსტები ცნობილი ადამიანების სახელით
„სოკარის“ სახელით გავრცელებულ თაღლითურ პოსტებში ხშირად აყალბებენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებისა და თანამდებობის პირების სტატიებსა და ვიდეოებს. მსგავსი შინაარსის პოსტები წარსულში “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია. ვრცლად იხილეთ მასალებში:
- სააკაშვილის, CIVIL.GE-ს და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება
- კახა კალაძისა და სოკარის სახელით მორიგი თაღლითური პოსტები ვრცელდება
- ზურაბიშვილის ვიდეოფაბრიკაციით „სოკარის“ შესახებ მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება
- მედიების სახელით “სოკარის” ყალბ საინვესტიციო პლატფორმაზე თაღლითური ინფორმაციავრცელდება
- “სოკარ ჯორჯია გაზისა” და სალოემ ზურაბიშვილის სახელით მორიგი თაღლითური პოსტივრცელდება
- ახლადშექმნილი FB გვერდი ხვიჩა კვარაცხელიასა და “სოკარის” სახელით თაღლითურ პოსტსავრცელებს
- “სოკარ ჯორჯია გაზისა” და გიორგი გაბუნიას სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება
- “სოკარ ჯორჯია გაზისა” და კახა კალაძის სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება
- “სოკარ ჯორჯია გაზისა” და Ambebi.ge-ს სახელით მორიგი თაღლითური პოსტი
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.