სიმონ კილაძისა და “ობიექტივის” წამყვანის სპეკულაციები საქართველოს ენერგო უსაფრთხოების შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

_simon_kilad_3029_3029
233
VIEWS

2018 წლის 15 იანვარს, ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა და რუსეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებულმა სიმონ კილაძემ საქართველოს ენერგომომარაგებაზე ისაუბრა. გადაცემაში მან საქართველოს რუსეთზე და აზერბაიჯანზე ენერგო-დამოკიდებულება გაათანაბრა და ერთ სიბრტყეზე განიხილა. გადაცემის წამყვანმა, ნინო რატიშვილმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანული ენერგია საქართველოს ძვირი უჯდება, რაც გარკვეული ძალების ლობირების შედეგია.

სიმონ კილაძე: “ ჩვენ თუ ერთ რუსეთთან, ასე ვთქვათ გამოვაღეთ და მასთნ ურთიერთობა არა გვაქვს, ენერგეტიკული ალტერნატივა ეს არის აზერბაიჯანი, მაგრამ როგორც იტყვიან იქიდან წამოვედით და აქედან კიდევ დამოკიდებული გავხდით მასზე, ნუ პრინციპში გინდაც იმაზე ვყოფილიყავით, გინდაც ამაზე.”

ნინო რატიშვილი: “ძალიან ჩამოვეკიდეთ აზერბაიჯანს და რა თქმა უნდა, ისარგებლებს, რატომ არ ისარგებლებს?.. ძალიან ძვირია ჩვენთვის ეს, იგივე ნავთობი. სულ მგონია, რომ ვიღაცის ლობირების სუნი უდის.”

რუსეთიდან გაზის იმპორტი საქართველოს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულს ხდიდა, რასაც რუსეთი პოლიტიკურ ბერკეტებად იყენებდა. 2006 წლის იანვარში ჩრ. ოსეთის ტერიტორიაზე მაგისტრალურ და სარეზერვო გაზსადენებზე მომხდარმა აფეთქებამ და პარალელურად დენის გადამცემი ხაზის დაზიანებამ საქართველო გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.  ამ ინციდენტებს გაზპრომისგან საქართველოსთვის გაზის ტარიფის გაორმაგება მოჰყვა. აზერბაიჯანიდან იმპორტულ გზაზე გადასვლამ კი საქართველოს ენერგო უსაფრთხოება გააძლიერა. ამასთან, საქართველოსთვის აზერბაჯინაული გაზის იმპორტი რუსულთან შედარებით უფრო იაფია.

საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე

2006 წლის იანვარში ჩრდილოეთ ოსეთში მაგისტრალურ “ჩრ. კავკასია-ამიერკავასია” და სარეზერვო “მოზდოკი-თბილისი” გაზსადენებზე ორი პარალელური აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს ზამთარში 2 კვირის განმავლობაში გაზმომარაგება შეუწყდა და ქვეყანაში ენერგო კრიზისი გამოიწვია. გაზსადენის აფეთქებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩერქეზეთის ტერიტორიაზე აფეთქდა მაღალი ვოლტაჟის გადამცემი დენის ხაზი, რის შედეგადაც რამდენიმე დღის მანძილზე საქართველოს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟში დაადანაშაულა.

ამ ინცინდეტებიდან რამდენიმე თვის შემდეგ რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზრპრომმა” საქართველოს გაზის ტარიფი გაუორმაგა და 1000 კუბურ მეტრზე ძველი ფასის ($110) ნაცვლად $235 დააწესა, რაც დსთ-ს ქვეყნებისთვის რუსული გაზის ყველაზე მაღალი ტარიფი იყო. მაგალითად, რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი ბელარუსი 1000 კუბურ მეტრში $46-ს, ხოლო უკრაინა $135-ს იხდიდა. სწორედ ამ მოვლენების შემდეგ საქართველომ ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებისა და ენერგიის წყაროების დივერსიფიცირების საჭიროება დაინახა.

საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში

ნინო რატიშვილის განცხადება, რომ საქართველოს აზერბაიჯანული გაზის იმპორტი ძვირი უჯდება, სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-სთვის მიწოდებულ საჯარო წერილში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანიდან იმპორტირებული “სოციალური გაზის” ფასი 1000 კუბურ მეტრზე $120 შეადგენს, ხოლო თბოლოელექტროსადგურების მიერ მოხმარებული “სოციალური გაზის” ფასი $143-ია, რაც 2007 წელს გაზპრომის მიერ დაწესებულ ტარიფზე ($235) საგრძნობლად იაფია. ეს თანხა ასევე იაფია 2016 წელს გაზპრომთან საქართველოს გავლით სომხეთში გაზის იმპორტის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც, საჭიროების შემთხვევაში რუსეთი საქართველოს გაზს 1000 კუბურ მეტრზე $185-ად მიაწვდიდა. გარდა ამისა, კახა კალაძესა და გაზპრომს შორის მოლაპარაკებების პარლელურად, SOCAR-მა განაცხადა, რომ საქართველოს დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს 35-40$-ით შემცირებული ტარიფით მიაწვდის.

საქართველოსა და აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია SOCAR-ს შორის აზერბაიჯანული გაზის მიწოდების თაობაზე შეთანხმება პირველად 2008 წელს გაფორმდა. მას შემდეგ აზერბაიჯანი საქართველოში გაზის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია.

საქართველოს გაზის მიღების წყაროები (2016 წელი)

"

წყარო: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

საქართველო აზერბაიჯანიდან გაზს სამხრეთ კავკასიის გაზსადენით (SCP) შაჰ-დენიზის საბადოებიდან იღებს, რაც რუსეთისგან ალტერნატიულ რესურსს წარმოადგენს. სამომავლოდ, SCP დაუკავშირდება ტრანს-ანატოლიის გაზსადენს (TANAP), რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდება ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს (TAP), რომელიც ადრიატიკის ზღვის ფსეკრზე მდებარე მილსადენით სამხრეთ იტალიისკენ მიედინება.

"

წყარო: საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია

ენერგო-დამოკიდებულება, როგორც რუსეთის პოლიტიკური ბერკეტი

საკუთარი პოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად ენერგიის გამოყენება კრემლის სტრატეგიის ნაწილია. აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის ანგარიშის თანახმად, ეს სტრატეგია არა მხოლოდ ენერგომომარაგების ბერკეტად გამოყენებას, არამედ ევროპის ქვეყნებში ენერგიის ინფრასტრუქტურის კონტროლსაც მოიცავს. “მომარაგებისა და ინფრასტრუქტურის კონტროლმა კრემლს საშუალება მისცა გაეფართოვებინა საკუთარი გავლენა ადგილობრივ ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებზე და ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი პერიფერიებში პოლიტიკური გავლენა ბოროტად გამოეყენებინა.”

ევროპარლამენტის წევრების მიერ მომზადებულ 2014 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის სახელმწიფო კომპანია გაზპრომი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ენერგიით ვაჭრობის, განაწილების, გაზსადენებისა და სასაწყობე ინფრასტრუქტურის სფეროებში დიდ, ზოგიერთ შემთხვევაში კი უმეტეს წილს ფლობს. ატლანტიკური საბჭოს ანგარიშში კი აღნიშნულია, რომ “ქვეყნებს, რომლებიც გაზპრომის გაზზე იყვნენ დამოკიდებულნი, ორი დე ფაქტო არჩევანი ჰქონდათ: რუსეთისთვის მგრძნობიარე პოლიტიკურ საკითხებზე კომპრომისზე წასულიყო ან მომდევნო წლებში გაზზე მომატებული ტარიფები უნდა გადაეხადათ.”

ევროპის ქვეყნების მიერ ენერგომომარაგების გზების დივერსიფიკაციის მცდელობას რუსეთი ალტერნატიული პროექტებით უპირისპირდება. აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის ანგარიშის თანახმად, რუსეთის მიერ შემოთავაზებული “თურქეთის ნაკადი” (Turkish Stream), ასევე ჩრდილოეთ ნაკადის პროექტი (NS1) ეკონომიკურად არამომგებიანი იყო, რომელთა მიზანიც რეალურად, უკრაინის მიმართ რუსული ბერკეტების გაზრდა და უკრაინის, როგორც ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი ქვეყნის როლის შემცირება იყო. სენატის შეფასებით NS1 რუსეთის “დაყავი და იბატონე” პოლიტიკის ნაწილია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აზერბაიჯანი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist