6 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა ამერიკელი ტანმოვარჯიშის, სიმონ ბაილსის ფოტოკოლაჟი წარწერით “ბაფომეტის სიმბოლიკა”. თვალთვაძის პოსტის აღწერა მიანიშნებს, რომ თხის სიმბოლო, რომელსაც ბაილსი იყენებს “ბაფომეტთან” არის დაკავშირებული. თვალთვაძე ამტკიცებს, რომ “ბაფომეტი” არის “პარიზის ოლიმპიადის ერთ-ერთი არაოფიციალური თილისმა”. კადრებში ტანმოვარჯიშეს აცვია ორი განსხვავებული საასპარეზო ტანსაცმელი, რომლებზეც სხვადასხვა ადგილასაა ამოქარგული თხის თავი, ერთ-ერთ ფოტოზე კი მას ხელში უჭირავს პლედი, რომელზეც იგივე სიმბოლოა დატანილი. კოლაჟის მეოთხე ფოტოში ამერიკელი თხასთან ერთადაა აღბეჭდილი, მეექვსე ფოტოში კი მას ვხედავთ გველთან ერთად.
სიმონ ბაილსის მიერ “ბაფომეტის” სიმბოლოს გამოყენებაზე კონსპირაციის თეორია ვრცელდება. რეალურად, თხა ინგლისურ ენაზე ითარგმნება, როგორც GOAT, რომელიც ასევე გამოიყენება, როგორც აკრონიმი – “ყველა დროის საუკეთესო” (Greatest Of All Time). ბაილსი ერთ-ერთ საუკეთესო ტანმოვარჯიშედ მიიჩნევა და თხის თავიც სწორედ აღნიშნულ აკრონიმთანაა დაკავშირებული.
ოლიმპიადების 7 გზის ჩემპიონი სიმონ ბაილსი მხატვრული ტანვარჯიშის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია და ერთ-ერთ საუკეთესო ათლეტად მიიჩნევა. ინგლისურ ენაში მსგავს ლეგენდარულ სპორტსმენებს ხშირად უწოდებენ GOAT-ს, რაც პირდაპირ თარგმანში თხას ნიშნავს, თუმცა ამ შემთხვევაში გამოიყენება როგორც აკრონიმი და აღნიშნავს Greatest Of All Time-ს, ანუ ყველა დროის საუკეთესოს. ბაილსიც სწორედ ამ მიზნით იყენებს თხის თავის ლოგოს მის ეკიპირებებზე და თხასთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც ანალოგიური დატვირთვა აქვს.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოში ნაჩვენები არცერთი ფოტო არ არის გადაღებული პარიზის ან რომელიმე სხვა ოლიმპიადაზე. პირველი სამი ფოტო, რომელზეც ორი სხვადასხვა საასპარეზო ტანსაცმელი ჩანს, 2021 წელს გავრცელდა და ისინი სპორტსმენმა აშშ-ში ჩატარებულ შეჯიბრზე გამოიყენა. იმ დროისთვის მას კარიერაში თითქმის 2 წლიანი პაუზა ჰქონდა აღებული და დაბრუნებისას სურდა, რათა დაემტკიცებინა მისი უმაღლესი დონე და ხაზი გაესვა მის საუკეთესოობაზე. ბაილსის განცხადებით, თხის თავის სიმბოლოს გამოყენება მისი მოძულეების გასაბრაზებლად და ფანების გასახარებლად გადაწყვიტა. საინტერესოა, რომ ამ სიმბოლოს ფანებმა სახელიც შეარქვეს, რომელიც ტანმოვარჯიშესაც ძალიან მოეწონა და აქტიურად იყენებს კიდეც – Goldie.
გავრცელებული ვიდეოს მეოთხე ფოტოში ბაილსს ხელში უჭირავს პლედი, რომელზეც თხის თავია ამოქარგული. ფოტო გადაღებულია 2021 წელს, ერთ-ერთი ამერიკული ავიახაზების თვითმფრინავში, სადაც სპოტსმენს პატივისცემის ნიშნად ფრენისას აღნიშნული გადასაფარებელი დაახვედრეს. სიმონმა სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა ეს სურათი და მადლობა გადაუხადა ავიაკომპანიას “Goldie-ს ტოკიოში წაყვანისთვის”.
ფოტო, რომელზეც ბაილსი გველთან ერთადაა აღბეჭდილი, სპორტსმენმა საკუთარ X ანგარიშზე 2020 წელს გამოაქვეყნა აღწერით: “კანის გამოცვლა და ხელახლა დაწყება არასოდესაა გვიანი”. თანდართული ფრაზიდან გამომდინარე, გამოქვეყნებული ფოტო სამოტივაციო შინაარსის არის. კონკრეტული განმარტება, თუ რატომ გადაიღო მან ასეთი ფოტო, არ გაკეთებულა, თუმცა ეს უჩვეულო ფაქტად არც მიჩნეულა, რადგან ცნობილი ადამიანები ხშირად იღებენ მსგავს ფოტოებს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოლიმპიადაზე ბაილსს ეკეთა თხის ფორმის ყელსაბამი, რომელიც მან ოქროს მედლის მიღების დროს გამოაჩინა. სამკაული სპეციალურად მისთვის შეიქმნა და დიზაინერის განმარტებით, ტანმოვარიჯიშის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს.
2024 წლის ოლიმპიადის დაწყების შემდეგ “მითების დეტექტორმა” არაერთი ყალბი მტკიცება, ვიზუალური მანიპულაცია შეცდომაში შემყვანი პოსტი და კონსპირაცია გადაამოწმა.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ-მომხმარებელი მაია თვალთვაძე ხშირად ავრცელებს ცრუ და დაუდასტურებელ ინფორმაციას, რაც “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.