შესაძლებელია თუ არა მხოლოდ წყლით მანქანის ამუშავება?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

157
VIEWS

2021 წლის 30 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ნიკა კობერიძემ ვიდეო გააზიარა, რომლის მიხედვითაც 1974 წელს ამერიკაში წყალზე მომუშავე მანქანა გამოიგონეს. პოსტის ავტორის მტკიცებით, 70-იან წლებში გამოგონებულ მანქანას, რომელსაც სავსე ავზით 1000 კმ-ზე მეტის გავლა შეუძლია და ეკოლოგიურად აბსოლუტურად უვნებელია, მსოფლიო მმართველი ელიტები მალავენ და რომ არა ისინი, დღეს წყალზე მომუშავე მანქანები მასობრივი მოხმარების პროდუქტი იქნებოდა.

"

ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში წყლის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის ამსახველ კადრებად ვრცელდება, 1974 წლის ბრიტანული გადაცემიდანაა და მხოლოდ წყალზე მომუშავე ძრავის მქონე ავტომობილს არ ასახავს. რეალურად, მანქანის ძრავში წყლის ძირითადი ენერგიის წყაროდ გამოყენება არა მხოლოდ პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც კი შეუძლებელია და თერმოდინამიკის პირველ და მეორე კანონებს ეწინააღმდეგება.

  • ვიდეო ფრანგი ინჟინრის მიერ 1974 წელს გამოგონებულ წყლისა და ალკოჰოლის ნარევზე “მომუშავე ძრავას” ასახავს, რომლის ეფექტიანობა არცერთი მნიშვნელოვანი ექსპერიმენტით და კვლევით არ დადასტურებულა. 

1970-იანი წლების დასაწყისში ნავთობის მსოფლიო კრიზისის და საწვავზე ფასების ზრდის ფონზე შიდა წვის ძრავების ეფექტიანობის გაუმჯობესება და ალტერნატიულ, იაფ საწვავზე მომუშავე ძრავის შექმნა არაერთმა ინჟინერმა სცადა. მათ შორის იყო ფრანგი ინჟინერი და ავტომექანიკოსიც ჟან შამბრინი, რომელიც 1974 წელს ამტკიცებდა, რომ ალკოჰოლისა და წყლის ნარევზე (40% მეთილატირებული სპირტი, 60% წყალი) მომუშავე ძრავა შექმნა, რომელსაც ბენზინი მხოლოდ დასაქოქად სჭირდებოდა. შამბრინის “წყლის ძრავის” შესახებ 1974 წელს პრესა აქტიურად წერდა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო კი ბრიტანულმა მაუწყებელმა British Movietone-მა მოამზადა. აღსანიშნავია, რომ ვიდეოს ორიგინალი, რომელიც ამჟამად Associated Press-ის არქივში ინახება, სოციალურ ქსელსა და Youtube არხებზე რედაქტირებული სახით ვრცელდება. კერძოდ, ავთენტური სიუჟეტიდან ის ნაწილებია ამოჭრილი, რომლებშიც ნათქვამია, რომ შამბრინის ძრავაში წყალთან ერთად ალკოჰოლის გამოყენებაც აუცილებელია. ამგვარად ვიდეომანიპულაცია ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სიუჟეტში ნაჩვენები მანქანა ენერგიის წყაროდ მხოლოდ წყალს იყენებს, რაც მეცნიერული თვალსაზრისით აბსურდული და ფიზიკის კანონების საწინააღმდეგო მტკიცებაა.

აღსანიშნავია, რომ შამბრინის წყლისა და ალკოჰოლის ნარევის საწვავად გამოყენების იდეაც საეჭვო და ხარვეზების შემცველი აღმოჩნდა. შამბრინი ამტკიცებდა, რომ ალკოჰოლისა და წყლის ნარევი სისტემაში თერმული ბალანსის შენარჩუნებას უზრუნველყოფს და ამ “ბალანსის შექმნა” ჩვეულებრივი მანქანის ძრავის მცირე მოდიფიკაციით არის შესაძლებელი, თუმცა “შამბრინის ძრავის” ეფექტიანობა არცერთი სერიოზული კვლევით არ დადასტურებულა, ხოლო თეორიულად ძრავაში მიმდინარე ქიმიური და თერმოდინამიკული პროცესების გათვალისწინებით, მხოლოდ ალკოჰოლსა და წყალზე მომუშავე ძრავა მოკლე დროში დაიშლება.  სწორედ ამიტომ, მიუხედავად მყისიერი მედიაპოპულარობისა, შამბრინის იდეები მალე დავიწყებას მიეცა.

  • ძრავში წყლის ძირითადი ენერგიის წყაროდ გამოყენება თერმოდინამიკის კანონებს ეწინააღმდეგება და როგორც პრაქტიკულად, ისე თეორიულადაც შეუძლებელია.

მტკიცება, თითქოს მხოლოდ წყალზე მომუშავე ავტომობილი უკვე წლებია არსებობს და მას ნავთობკომპანიები მალავენ, გავრცელებული მითია, რომლის მიხედვითაც, თუ ავტომობილის ძრავში წყლის მოლეკულის წყალბადად და ჟანგბადად გახლეჩა მოხდება, გამოთავისუფლებული ენერგია მანქანის ასამუშავებლად საკმარისი იქნება. რეალურად, როგორც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ინჟინრები განმარტავენ, ამ იდეას რამდენიმე ფუნდამენტური ხარვეზი აქვს. პირველ რიგში, წყლის მოლეკულა ძალიან სტაბილურია და წყალბადსა და ჟანგბადს შორის არსებული ბმის გასაწყვეტად დიდი რაოდენობით ენერგია იქნება საჭირო, რომელიც ძრავმა ენერგიის სხვა პირველადი წყაროდან უნდა მიიღოს, რის გამოც ძრავის მხოლოდ წყლით ამუშავება, ყველა სხვა ენერგიის წყაროს გარეშე, უბრალოდ შეუძლებელია. ამასთანავე, წყლის მოლეკულის დაშლისას გამოყოფილი ენერგიის რაოდენობა უფრო მცირეა, ვიდრე იმ ენერგიის რაოდენობა, რომელიც მოლეკულის დასაშლელადაა საჭირო. მართალია, შესაძლებელია შევქმნათ მოწყობილობა, რომელიც წყლის დაშლისას გამოყოფილი ენერგიით იმუშავებს, თუმცა თავის მხრივ ამგვარ მოწყობილობას სხვა ტიპის საწვავი ყოველთვის დასჭირდება და ამ პროცესში ენერგიის უფრო დიდი ნაწილი დაიკარგება, ვიდრე გამოიყოფა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist