შესაძლებელია თუ არა გაზის დეტექტორით პირბადის შიგნით ნახშირორჟანგის დონის გაზომვა?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

132
VIEWS

7 დეკემბერს ფეისბუქ-პროფილმა Nino Gaprindashvili გამოაქვეყნა ინგლისურენოვანი ვიდეო, რომელიც რუსულადაა გახმოვანებული. ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელიც საკუთარ სახელს არ ამბობს და მაყურებელს მიმართავს, როგორც მათი “საყვარელი მეცნიერების მასწავლებელი”.  მამაკაცი პირბადეების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მოსწავლეებმა პირბადეები აუცილებლად უნდა ატარონ, თუმცა პარალალურად მაყურებელთან კომუნიკაციას ფურცლებზე დაწერილი ტექსტითაც აგრძელებს; ერთ-ერთ ფურცელზე წერია, რომ იუთუბის ხელოვნური ინტელექტის სისტემა ამ წარწერებს ვერ წაიკითხავს.

ვიდეოში მამაკაცი პირბადეს იკეთებს და ამბობს, რომ მის შიგნით ნახშირორჟანგის დონეს ნახშირორჟანგის დეტექტორით გაზომავს. მისი განცხადებით, თუ ნახშირორჟანგის ნიშნული 1000-ზე ნაკლები ერთეული იქნება მილიონზე (ppm), ეს უსაფრთხო მაჩვენებელია, თუ 1000-ზე მეტი იქნება, ეს პრობლემური მაჩვენებელია, ხოლო თუ 2000-ზე მაღლა ავა, შესაძლოა ადამიანს, რომელიც პირბადეს ატარებს, თავი ატკივდეს და შეუძლოდ გახდეს.

1

ვიდეოში ჩანს, რომ 10 ჩასუნთქვის შემდეგ, ხელსაწყოზე მაჩვენებელი 10 000-ზე ზემოთ ავიდა, ამის შემდეგ მამაკაცმა კვლავ გაიმეორა, რომ მიუხედავად ამ ნიშნულისა, პირბადის ტარება სკოლაში მოსწავლეებისთვის უსაფრთხოა, თუნდაც 6-8 საათის განმავლობაში. ის აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნახშირორჟანგის დონე 1000-ზე ნაკლები უნდა იყოს, ის დარწმუნებულია, რომ ადამიანები ამ მაღალ მაჩვენებელსაც გაუმკლავდებიან. ამ მონაკვეთში მამაკაცი კამერას აჩვენებს ფურცელს, რომელზეც წერია, რომ იმედი აქვს, რომ იუთუბს ამ ვიდეოს დასაბლოკად დიდი დრო დასჭირდება.

;

14 დეკემბრის მდგომარეობით, ნინო გაფრინდაშვილის მიერ ატვირთულ ვიდეოს 96 გაზიარება აქვს. Crowdtangle-ის მონაცემებით, ნინო გაფრინდაშვილმა აღნიშნული ვიდეო საჯარო ფეისბუქ ჯგუფებში 16-ჯერ გააზიარა.

2

ვიდეოში მამაკაცის მიერ ჩატარებული ტესტი არაზუსტია, რადგან გაზის დეტექტორი – ხელსაწყო, რომელსაც ის იყენებს, ნახშირორჟანგის დონის გასაზომად დიდ ან/და დახურულ სივრცეებში გამოიყენება და არა პირბადის შიგნით. რელევანტური ხელსაწყოებით ჩატარებული ტესტები კი აჩვენებს, რომ თუნდაც რამდენიმე პირბადის ტარების დროს ორგანიზმში ნახშირორჟანგის დონე ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნიშნულს არ უახლოვდება.

გაზის დეტექტორი ნახშირორჟანგის დონის გასაზომად დიდ სივრცეში გამოიყენება და არა პირბადის შიგნით

The France 24 Observers-თან საუბრისას, გაზის დეტექტორების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ხელსაწყო პირბადის შიგნით ნახშირორჟანგის დონის გასაზომად არაა შექმნილი, მისი გამოყენებით ნახშირორჟანგის დონეს ზომავენ უფრო დიდ სივრცეებში, მაგალითად ოთახში ან შეზღუდულ, დახურულ სივრცეებში, მაგალითად ავზებში.

კომპანიის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ როცა ამ ხელსაწყოთი პირბადის შიგნით ნახშირორჟანგის დონის გაზომვას ცდილობენ და ადამიანი ხელსაწყოსთან ახლოს სუნთქავს, სენსორის მგრძნობელობისა და პირბადის მიღმა პატარა სივრცის გამო, ხელსაწყოს დრო არ ყოფნის, რომ ნულოვან ნიშნულს დაუბრუნდეს და სიგნალიზაცია ირთვება.

ხელსაწყო, რომელსაც მამაკაცი ვიდეოში იყენებს AZ 7722-ია, რომელიც ტაივანური კომპანია AZ Instrument Corp-ის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. ვებ-გვერდზე განთავსებულია ვიდეო, რომელიც ხელსაწყოს მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ მასთან  ახლოს არ ისუნთქონ, რადგან ამოსუნთქული ნახშირორჟანგი მცდარ მონაცემებს იძლევა.

ქვემოთ, ვიდეოდან ამოჭრილ კადრში ვხედავთ, რომ იმ შემთხვევაშიც, როცა ადამიანს პირბადე არ უკეთია და აღნიშნულ დეტექტორთან ახლოს სუნთქავს, ნახშირორჟანგის ნიშნული საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს აღწევს.

2

მსგავსი შინაარსის არაერთი ვიდეო სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ ივლისში გავრცელდა. ვიდეოებში პირბადის შიგნით ნახშირორჟანგის დონის გაზომვას გაზის დეტექტორით ცდილობდნენ და ამბობდნენ, რომ პირბადის ტარება საფრთხისშემცველია. სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ, მათ შორის  factcheck.afp.com-მა და factcheck.org აღნიშნული ვიდეოები გადაამოწმეს და ექსპერიმენტს არაზუსტი უწოდეს. ვიდეოების ნაწილი იუთუბმა პლატფორმის წესების დარღვევის გამო წაშალა, თუმცა ზოგიერთი მათგანი კვლავ იძებნება.

ამ ეტაპისთვის იუთუბზე იძებნება ნინო გაფრინდაშვილის მიერ ატვირთული ვიდეოც, გარდა ამისა, აღნიშნული ვიდეო რუსულ სოციალურ ქსელ В Контакте-შიც გვხვდება.

ტესტები, რომლებიც ადასტურებს, რომ პირბადე ჟანგბადის უკმარისობასა და CO2-ით ინტოქსიკაციას არ იწვევს

UC San Diego Health-მა, რომელიც კალიფორნიას უნივერსიტეტის აკადემიური სამედიცინო ცენტრია, იუთუბზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პირბადის ტარების დროს ორგანიზმში ნახშირორჟანგის დონე ორი ტესტით გაზომეს.

პირველ შემთხვევაში პულსის ოქსიმეტრი გამოიყენეს. ეს ხელსაწყო ზომავს, თუ რამდენად გაჯერებულია სისხლი ჟანგბადით და მას შეუძლია სწრაფად დაადგინოს თუნდაც მცირედი ცვლილება გულიდან მთელი სხეულისთვის ჟანგბადის ეფექტურად მიწოდების პროცესში.

პულსის ოქსიმეტრის ნორმალური მაჩვენებელი 95-100% შუალედში უნდა მერყეობდეს, ეს პროცენტული მაჩვენებელი აღნიშნავს, თუ სისხლის რამდენი პროცენტია ჟანგბადით გაჯერებული.

ვიდეოში ადამიანი, რომელსაც თითზე პულსის ოქსიმეტრი აქვს დამაგრებული, 6 სამედიცინო პირბადეს იკეთებს, თუმცა ხელსაწყო იმავე 98%-ს აჩვენებს, რასაც მხოლოდ 1 პირბადის გაკეთების შემდეგ აჩვენებდა. ამის შემდეგ ტესტის მონაწილე კიდევ ერთ, მრავალჯერად პირბადეს იკეთებს, რის შემდეგაც მაჩვენებელი 1%-ით მცირდება და 97% ხდება, რაც ნორმალური მაჩვენებლის ფარგლებშია მოქცეული.

5

ვიდეოში მეორე ტესტს კანქვეშა კაპნომეტრის მეშვეობით ატარებენ. კანქვეშა კაპნომეტრი არის ხელსაწყო, რომლის სენსორი კანის ზედაპირზე მაგრდება და სხეულის ქსოვილებში ნახშირორჟანგის დონეს ზომავს. ხელსაწყო ამოწმებს რამდენად საკმარისადაა ადამიანის ორგანიზმიდან ნახშირორჟანგი ამოსუნთქულ. ამ შემთხვევაში, ნორმალური მაჩვენებელი 30-45 მილიმეტრი მერკურია, რაც წნევის საზომი ერთეულია.

ტესტში მონაწილე ადამიანის 1 სამედიცინო პირბადის ტარების დროს ხელსაწყო 31.6 მილიმეტრს აჩვენებდა, კიდევ 3 პირბადის გაკეთების შემდეგ მაჩვენებელი 0.2 მილიმეტრით გაიზარდა, კიდევ 3 პირბადის, მათ შორის ერთი მრავალჯერადი პირბადის დამატების შედმეგ კი მაჩვენებელი 0.7 მილიმეტრით გაიზარდა და 32.4 გახდა, რაც ნორმალური მაჩვენებლის ფარგლებს არ სცდება.

7

მაიამის უნივერსიტეტის კვლევა: პირბადეები არ ზრდის CO2-ის დონეს, ფილტვების მწვავე უკმარისობის მქონე ადამიანებშიც კი

2 ოქტომბერს ჟურნალში Annals of the American Thoracic Society (ATS) მაიამის უნივერსიტეტის ახალი კვლევა გამოქვეყნდა, რომელშიც მკვლევრებმა შეისწავლეს 15 ჯანმრთელი ექიმი, რომელთაც ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონდათ და 15 ვეტერანი, რომლებსაც ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ჰქონდათ.

ჟანგბადის და ნახშირორჟანგის დონის ცვლილებების შესაფასებლად, მკვლევარებმა შეადარეს თითოეული ადამიანის სუნთქვა 6-წუთიანი სიარულის ტესტის განმავლობაში, სამედიცინო პირბადის ტარებამდე და მის შემდეგ.

სიარულის დროს ფილტვის მწვავე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირებმა განიცადეს ჟანგბადის შემცირება, როგორც ამას მკვლევრები ელოდებოდნენ. თუმცა, ხუთი წუთის ნიშნულზე და გასეირნებიდან 30 წუთის შემდეგ, მკვლევრებმა  ჟანგბადის ან ნახშირორჟანგის დონის მნიშვნელოვანი ცვლილებები ვერც ერთ ჯგუფთან ვერ აღმოაჩინეს.


იხილეთ Nino Gaprindashvili-ს ფეისბუქ-პოსტის არქივი: https://archive.ph/6w1kz


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist