2022 წლის 18 ოქტომბერს, ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზია Беларусь 1-ის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც აშშ-ს ბოსტონის ლაბორატორიაში კოვიდ-19-ის ახალი მომაკვდინებელი შტამი შეიქმნა. სიუჟეტი გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ორ პოსტში გვხვდება (1, 2), ორივე მათგანი ამტკიცებს, რომ აშშ-მა კორონავირუსის დღემდე ყველაზე სახიფათო შტამი შექმნა, რათა გენეტიკური მანიპულაციების საშუალებით მსოფლიო დაიპყროს. ვიდეოს მიხედვით, ადამიანის მიერ შექმნილმა ვირუსმა თაგვებში 80%-იანი ლეტალობა აჩვენა, ხოლო თავად ვირუსი, ომიკრონ ვარიანტთან შედარებით, 5-ჯერ მარტივად ვრცელდება ადამიანებში.
მსგავსი ინფორმაცია რუსული პროპაგანდისტული მედია Pravda.Ru-ს სტატიაშიც გაჟღერდა. სტატია ასევე გამოქვეყნდა Pravda-ს Facebook გვერდზეც.
გავრცელებული სიუჟეტი ბოსტონის ლაბორატორიის კვლევის შესახებ, დამატებითი კონტექსტის გარეშე, შეცდომაში შემყვანია, კონკრეტული მტკიცებები კი გაზვიადებული. კვლევის მიზანს წარმოადგენდა დაედგინათ, ვირუსის რომელი კომპონენტი განსაზღვრავდა დაავადების სიმძიმეს და რატომ იწვევდა ომიკრონი ნაკლებად მძიმე დაავადებას, ვიდრე COVID-19-ის ორიგინალი შტამი. ამისათვის მკვლევრებმა COVID-19-ის თავდაპირველი შტამი, ომიკრონი და ამ ორის შეერთებული ვერსია შეადარეს. გარდა ამისა, თაგვებზე ჩატარებული კვლევის ადამიანების კონტექსტში განხილვა, განსხვავებული გარემოებების გამო, მანიპულაციურია.
ინფორმაციას ბოსტონის ლაბორატორიის მიერ კოვიდ-19-ის “80%-იანი ლეტალობის მქონე” შტამის შექმნის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail-ის სტატიაში ვხვდებით. სტატია ამერიკულმა ონლაინ მედიასაშუალებებმა აიტაცეს და სოციალური მედიითაც გაავრცელეს. თუმცა, CBS Boston-ის განმარტებით, გავრცელებული მტკიცებები არაზუსტია და ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მისრეპრეზენტაციას ახდენს.
ბოსტონის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების ეროვნული ლაბორატორიის (NEIDL) მკვლევრები კორონავირუსს მისი მკურნალობის, პრევენციისა და გავრცელების გზების დასადგენად 2020 წლიდან იკვლევენ. მათი 2022 წლის კვლევა მიზნად ისახავდა დაედგინა, თუ რატომ იწვევს COVID-19-ის ომიკრონ ვარიანტი ნაკლებად მძიმე სიმპტომებს თავდაპირველ შტამთან შედარებით და გაერკვია, ვირუსის რომელი კომპონენტი განსაზღვრავს მის სიმძიმეს. ამისათვის, მკვლევრებმა COVID-19-ის თავდაპირველი შტამი, ომიკრონის ვარიანტი და ამ ორის გაერთიანებული ვერსია შეადარეს ერთმანეთს. სწორედ ამ უკანასკნელმა წარმოშვა შეცდომაში შემყვანი მტკიცებები მომაკვდინებელი “ახალი შტამის” შექმნის შესახებ. მოცემული შტამები შეჰყავდათ თაგვებში, რათა დაედგინათ, რამდენად მომაკვდინებელია ვირუსის თითოეული ვერსია. თავდაპირველი შტამით თაგვების 100% მოკვდა; ომიკრონით არცერთი თაგვი არ მომკვდარა, ხოლო ჰიბრიდული შტამით თაგვების დაახლოებით 80% მოკვდა.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ცხოველებზე ექსპერიმენტული მოდელირება ვერ იქნება იმის პირდაპირი მანიშნებელი, თუ რა მოხდება ადამიანის სხეულში. ტესტში გამოყენებული თაგვები გამიზულად იყვნენ “გაცილებით მგრძნობიარეები” კორონავირუსის მიმართ და მათ ვირუსის გაცილებით მეტი რაოდენობა მისცეს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს ხვდება. აქედან გამომდინარე, სიკვდილიანობის მაჩვენებელი თაგვებში გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ადამიანის სიკვდილიანობაა კორონავირუსის თავდაპირველი ვარიანტის შემთხვევაში, რაც დაახლოებით 1%-ია.
Belarus 1-ის სიუჟეტი The Lancet-ის ანგარიშსაც ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ 40-ზე მეტმა მეცნიერმა COVID-19 ვირუსის ლაბორატორიული წარმოშობა დაადასტურა. სიუჟეტი ამტკიცებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ვირუსის კვლევის შესახებ დეტალების გასაჯაროებას ხელი შეუშალა.
სამედიცინო ჟურნალმა 2022 წლის 14 სექტემბერს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში ნამდვილად წარმოადგინა. ანგარიშში ავტორებმა განაცხადეს, რომ კვლევასთან დაკავშირებული სამივე ჰიპოთეზა – ინფექციის ბუნებრივი წარმოშობა, ინფექციის ბუნებრივი გზით ლაბორატორიაში წარმოშობა და ინფექციის მანიპულირებული ვირუსით წარმოქმნა ლაბორატორიაში – ჯერ კიდევ ლეგიტიმურია. ანგარიში ასევე განმარტავს, რომ „დამოუკიდებელ მკვლევრებს ჯერ არ გამოუკვლევიათ არც აშშ-ს ის ლაბორატორიები, რომლებიც SARS-CoV-ის მსგავსი ვირუსების ლაბორატორიული მანიპულირებით არიან დაკავებულნი და არც იმ ლაბორატორიული კვლევის დეტალები, რომელიც ვუჰანში მიმდინარეობდა.“ ანგარიში აღნიშნავს, რომ „აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი (NIH) SARS-CoV-თან დაკავშირებულ ვირუსებზე კვლევის დეტალების გასაჯაროებას ეწინააღმდეგებოდა და მხოლოდ თავისუფლების აქტის სარჩელით მოთხოვნილ მჭიდროდ დამუშავებულ ინფორმაციას აგზავნიდა. ”
თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, როგორც ვაშინგტონ პოსტი წერს, ანგარიშის შემქმნელი კომისიის თავმჯდომარე საჯაროდ მიემხრო „ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიას“, რასაც ერთწლიანი ბრძოლა მოჰყვა კომისიის სხვა წევრებთან, რომლებიც ამბობენ, რომ გაცილებით მეტია მტკიცებულება იმისა, რომ ვირუსს „ბუნებრივი წარმოშობა“ აქვს და რომ ის პირველად ადამიანზე ცხოველიდან გავრცელდა. გარდა ამისა, Lancet-ის ანგარიშში არ არის ნახსენები ახლახან გამოქვეყნებული ნაშრომები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პანდემია ჩინეთის ბაზრობიდან დაიწყო და ის ლაბორატორიაში არ შექმნილა. 2022 წლის 10 ოქტომბერს გამოქვეყნებული დამატებითი ანგარიში ასევე აღიარებს, რომ COVID-19 ვირუსი, სავარაუდოდ, ცხოველიდან ადამიანზე ზოონოზური გადაცემის გზით, ბუნებრივად გავრცელდა.
ალექსანდრა კუენინგი
ერასმუსის CEERES პროგრამის სტუდენტი, “მითების დეტექტორის” სტაჟიორი
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.