შენდებოდა თუ არა ნატოს ბაზა სევეროდონეცკში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

3.1k
VIEWS

19 ივნისს რუსეთის სამთავრობო მედია РИА Новости-მ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით “ნატო სევეროდონეცკში ბაზას აშენებდა, იტყობინება კიევის ყოფილი მაღალჩინოსანი”. სტატია ვლადიმირ კანანოვის ინტერვიუს ეყრდნობა, რომელიც ლუჰანსკის ოლქის – სტარობელსკის რაიონული პროკურატურის უფროსის ყოფილი მოადგილეა. რუსული მედიის ინფორმაციით, ის “საკუთარი სურვილით გადავიდა ე.წ ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის მხარეს.” 

РИА Новости-თან ინტერვიუში კანანოვი აცხადებს, რომ  ნატოს სამხედრო ბაზის მშენებლობა სევეროდონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე უკრაინელებმა 2021 წელს დაიწყეს. კანანოვის მიხედვით, აეროპორტისკენ მისასვლელი ყველა გზა დაკეტილი იყო,  დასახლებულ პუნქტში შეიარაღებული ძალები იყვნენ განლაგებული და არავის უშვებდნენ. მისი მტკიცებით, გასული წლის მეორე ნახევარში უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ იქ ნამდვილად ნატოს ბაზა შენდებოდა. 

ინფორმაცია რია ნოვოსტიზე დაყრდნობით სხვა რუსულმა გამოცემებმაც გამოაქვეყნეს  (1, 2, 3, 4, 5,).

ინფორმაცია, თითქოს უკრაინაში 2021 წელს ნატოს სამხედრო ბაზა შენდებოდა, მტკიცებულებების გარეშეა. კანანოვის ინფორმაციას არ ახლავს არც ფოტო ან ვიდეო მასალა, არც რაიმე დოკუმენტი, რომელიც ბაზის მშნებლობას დაადასტურებდა. სევეროდონეცკში ნატოს ბაზის მშენებლობაზე ინფორმაცია არცერთ სანდო უკრაინულ მედიაში არ იძებნება. აღნიშულ ტერიტორიაზე 2020 წელს არა ნატოს სამხედრო ბაზის, არამედ ნატოს სტანდარტების შესაბამისი ბაზების მშენებლობა დაანონსდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად უკრაინაში ნატოს არც ერთი ბაზა არ არის და ვერ აშენდება მანამ, სანამ ქვეყანა ალიანსის წევრი არ გახდება ან კონკრეტულ სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს ნატოს წევრ სახელმწიფოებთან.

2020 წლის 6 თებერვალს უკრაინის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა – ანდრიი ჟაგოროდნიუკმა განაცხადა, რომ უკრაინა  სევეროდონეცკსა და მარიუპოლში ნატოს სტანდარტების შესაბამისი რამდენიმე სამხედრო ბაზის აშენებას აპირებდა. 

“იმის გამო, რომ ამჟამად ჩვენი სამხედრო ბრიგადების ნაწილი კვლავ საშინელ პირობებში იმყოფება, ჩვენ ვაპირებთ ავაშენოთ რამდენიმე კარგი ინფრასტრუქტურული ობიექტი,  რათა ყველამ დაინახოს, რომ ჩვენც შეგვიძლია გვქონდეს ბაზა, რომელიც ნატოს სტანდარტების შესაბამისი იქნება”,- განაცხადა ჟაგოროდნიუკმა 2020 წელს. 

ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სევეროდონეცკის ტერიტორიაზე ნატოს სტანდარტების ბაზის მშენებლობა უკვე დაწყებულია.

უკრიანაში უცხოური სამხედრო ბაზის განთავსება კანონით აკრძალულია

აღსანიშნავია, რომ უკრაინის კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-7 ნაწილი კრძალავს უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებას, თუმცა  არ იკრძალება სამხედრო წვრთნების ჩატარება ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს ჯარების მონაწილეობით. დოკუმენტში კონკრეტულად არის გაწერილი ის პირობები, რაც შეიძლება იყოს დაშვებული უკრაინის ტერიტორიაზე წვრთნების ჩასატარებლად.

უკრაინაში ნატოს არცერთი სამხედრო ბაზა არ არის

ნატოს ინტერაქციულ რუკაზე აღნიშნულია ის ობიექტები, სადაც  ნატოს ბაზებია განლაგებული. უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს არცერთი ბაზა არ არის.  ნატოს არაწევრ სახელმწიფოებში სამხედრო წარმომადგელობა მხოლოდ კოსოვოსა და ერაყში ჰყავს. პირველ მათგანში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მანდატის შესრულების, ხოლო ერაყში, ქვეყნის მთავრობის თხოვნით, ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით.

ნატოს ბაზები, სამეთვალყურეო სისტემები და საწვრთნელი ცენტრები ევროპაში

სევეროდონეცკში დაგეგმლილი ბაზის მშენებლობის შესახებ დეზინფორმაციები ადრეც ვრცელდებოდა. 2020 წელს რუსული მედია წერდა, რომ დონბასისა და ლუჰანსკის რეგიონში დაგეგემლი ორი ბაზის მშენებლობის დანიშნულება იქ ყირიმის დასაშინებლად აშშ-სა და უკრაინის სხვა მოკავშირეების სამხედრო ძალების განთავსება იქნებოდა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს სევეროდონეცკში საზღვაო-საბრძოლო ბაზა შენდებოდა, თუმცა  ქალაქი ზღვიდან ასობით კილომეტრითაა დაშორებული. აღნიშნული მტკიცება, მაშინ უკრაინის იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრის, ანდრეი ჟაგოროდნიუკის განცხადებაზე დაყრდნობით გავრცელდა. 2020 წლის 6 თებერვალს მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა სევეროდონეცკსა და მარიუპოლში ნატოს სტანდარტების შესაბამისი რამდენიმე სამხედრო ბაზის აშენებას აპირებდა.  

გარდა სევეროდონეცის ბაზისა, უკრაინაში ნატოს სამხედრო ბაზების არსებობაზე დეზინფორმაცია რუსულ მედიაში წარსულშიც გავრცელდა. 2021 წელს რუსული მედია წერდა, თითქოს ოდესის პორტი ნატოს საზღვაო ბაზად დაუთმეს. აღნიშნული მტკიცება ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Stopfake-მა გადაამოწმა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ალიანსის ხომალდები შავ ზღვაში რუსეთიდან მომავალი საფრთხის გამო იმყოფებიან, თუმცა ნატოს არც ერთი ბაზა უკრაინაში არ არსებობს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist