“საზიზღარი ინგლისელები” თუ ომის ადამიანური ფასი – რის შესახებ ესაუბრა ოლენა ზელენსკა BBC-ს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

595
VIEWS

6 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Andre Molotoff-მა უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას BBC-სთან მიცემული ინტერვიუს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, ზელენსკამ განაცხადა, რომ ინგლისელებს “თავს გაუვიდათ.” პოსტში გამოყენებულია პირველი ლედის ციტატა “ეს [ინგლისელები] საზიზღრები კაპიკებს დაჰკანკალებენ მაშინ, როცა მე დაბომბვების დროს ნანგრევებიდან დასახიჩრებული ბავშვები გამომყავს.” პოსტის ავტორი ზელენსკას აკრიტიკებს და ამბობს, რომ  ის ტყუის და ნანგრევებიდან არავინ არ გამოჰყავდა. ასევე, ტექსტის მიხედვით, ოლენა ზელენსკა კიევის დაბომბვისას ლონდონში კარგ დროს ატარებდა და უკრაინაში სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ დაბრუნდა. პოსტის ავტორი წერს, რომ ზელენსკას განცხადებას ინგლისელების მხრიდან მრავალი კრიტიკულ კომენტარი მოჰყვა, მათ შორის “ეს ძუკნა სამშობლოს გადამრჩენელად ასაღებს თავს” და “დაწვით ალქაჯი.”

პოსტში გამოყენებული ოლენა ზელენსკას ციტატა ყალბია. რეალურად, უკრაინის პირველ ლედის ინგლისელებისთვის “საზიზღები” არ უწოდებია და არც ის უთქვამს, რომ დასახიჩრებული ბავშვები ნანგრევებიდან თავად გამოჰყავდა. ზელენსკამ BBC-სთან ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად თქვა, რომ ეკონომიკური კრიზისი უკრაინაზეც მოქმედებს, თუმცა უკრაინელები გაზრდილ ფასებთან ერთად გარდაცვლილებსაც ითვლიან.  

4 სექტემბერს BBC-ს გადაცემის ეთერში  “კვირა ლორა კუენსბერგთან ერთად” ოლენა ზელენსკას ინტერვიუ გავიდა. გადაცემის წამყვანი პირველ ლედის კიევში ესაუბრა. 

სწორედ ამ ინტერვიუს განმავლობაში ზელენსკამ, BBC-ს მიხედვით, ომის ადამიანური ფასის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ფასების ზრდა არა უკრაინის, არამედ რუსეთის ქმედებების ბრალია. ამის შემდეგ ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ რას ეტყოდა იმ ბრიტანელებს, რომელებსაც გაზრდილი ფასების გამო მძიმე გადაწვეტილებების მიღება უწევდათ. პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ ფასების ზრდა უკრაინაზეც მოქმედებდა, თუმცა ამ ყველაფერს დაღუპულთა რაოდენობაც ემატებოდა:

ლორა კუენსბერგი, BBC-ს ჟურნალისტი:   უკრაინელი ხალხის ტანჯვას არ ვადარებთ, მაგრამ სახლში, დიდ ბრიტანეთში, როგორც იცით ხალხს ენერგიის ფასების ზრდის გამო ძალიან მტკივნეული გადაწვეტილებების მიღება უწევს. რას ეტყოდით მაყურებელს, რომელიც ახლა სახლიდან გვიყურებს, ისინი თქვენი ხალხის გამო ძალიან წუხან, მაგრამ ამავდროულად, ძალიან შეწუხებული არიან საკუთარი გადასახადების გადახდის გამო. რას ეტყოდით მათ?

ოლენა ზელენსკა, უკრაინის პირველი ლედი: “მესმის, რომ სიტუაცია ძალიან რთულია. მაგრამ ნება მომეცით გავიხსენო კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდი, რომელიც კვლავ აქაა. როცა ფასები გაიზარდა, უკრაინაც დაზარალდა. ფასები უკრაინაში ახლაც იზრდება, მაგრამ დამატებით ხალხიც იხოცება. ასე რომ, როცა თქვენ საბანკო ანგარიშზე ან ჯიბეში პენების დათვლას იწყებთ, ჩვენც იმავეს ვაკეთებთ და დაღუპულებს ვითვლით.” 

ოლენა ზელენსკას ბიბისისთვის მიცემული ინტერვიუს განმავლობაში არ უთქვამს, რომ “საზიზღარი ინგლისელები პენებს დაჰკანკალებდნენ” მაშინ, როცა თვითონ ნანგრევებიდან ბავშვები გამოჰყავს. ინტერვიუ ზელენსკას ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზეც გამოქვეყნდა. ვიდეოს აღწერაში ზელენსკამ დამატებით აღნიშნა, რომ სხვების პრობლემების გაუფასურება დაუშვებელია და უკრაინის მეგობრებს საკუთარ მდგომარეობაზე შეშფოთების უფლება აქვთ, თუმცა ეკონომიკური კრიზისი რუსეთის აგრესიის შედეგია. 

ოლენა ზელენსკა: ვფიქრობ, რომ დაუშვებელია ვინმეს პრობლემა გააუფასურო. უკრაინის მეგობრებს საკუთარ გადასახადებზე  შფოთვის უფლება აქვთ. მაგრამ ეს [ფასების ზრდა] რუსული აგრესიის გამოვლინება, ანუ ომის ეკონომიკური მხარეა. ზუსტად ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ აგრესორი არა მარტო უკრაინას, არამედ მთელს სამყაროს დაესხა თავს. ჩვენი ქალაქები მტრის მიერ იბომბება, თუმცა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ქალაქები ეკონომიკურად ზარალდება. სწორედ ამიტომ ჩვენ თავისუფალ სამყაროსთან ერთად ფრონტის ერთ მხარეს ვართ სწორედ ამიტომ გვჭირდება გამარჯვება რაც შეიძლება სწრაფად – ერთობლივი გამარჯვება.”

Andre Molotoff-ის მიერ გავრცელებულ პოსტში ნათქვამია ისიც, რომ ოლენა ზელენსკა კიევის დაბომბვის დროს ლონდონში კარგ დროს ატარებდა და უკან მხოლოდ მდგომარეობის დამშვიდების შემდეგ დაბრუნდა. რეალურად, რუსეთ-უკრაინის ომი დაწყების მეორე დღეს, 25 თებერვალს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავად კიევში რჩებოდა, ხოლო მისი ოჯახი უკრაინაში იმყოფებოდა და ქვეყნის დატოვებას არ აპირებდნენ. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ოლენა ზელენსკამ ქვეყანა დატოვა.

უკრაინის პრეზიდენტის ოჯახის შესახებ დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist