“საქინფორმის” ტყუილი, თითქოს პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლის იუბილეს დასავლეთის ლიდერები არ დაესწრნენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

21
VIEWS

3 სექტემბერს ონლაინ გამოცემა “საქინფორმმა” გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და მასზე დამსწრე პოლიტიკოსებზე. საქინფორმის რედაქცია წერს, რომ პოლონეთი დასავლური დემოკრატიების ლიდერების არაფორმალური სამიტის გამართვას აპირებდა, თუმცა “გეგმები ჩაეშალა”, რადგან იუბილეს არ დაესწრო ევროპის, აშშ-ის და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის არც ერთი ლიდერი.

საქინფორმი: “პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო დღესასწაულები გაიმართა. მმართველმა პარტიამ „სამართლი და სამართლიანობა” (PiS) გადაწყვიტა ამ მნიშვნელოვანი თარიღის გამოყენება პოლიტიკური დემონსტრაციისთვის და პოლონეთში დასავლური დემოკრატიის ლიდერების არაფორმალური სამიტის გამართვა. პოლონეთის ხელისუფლებამ უარი თქვა რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიწვევაზე, რის შედეგადაც მათი ”გენიალური” გეგმა ჩაიშალა: დღესასწაულებში მონაწილეობა არ მიუღია ევროპისა და აშშ-ის, ჩინეთის, იაპონიისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნების არცერთ ლიდერს, ბელორუსის, სომხეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნების პრეზიდენტებს. სამაგიეროდ, ვარშავაში ჩავიდნენ უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები…”

სტატიას თან ერთვის შეცდომაში შემყვანი ფოტო, რომელზეც მხოლოდ საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები ჩანან, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ღონისძიებას მხოლოდ ამ 2 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.

საქინფორმის რედაქციის განცხადება, თითქოს პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ევროპის, აშშ-ის და აზიის არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ დასწრებია, დეზინფორმაციაა. რეალურად ღონისძიებაში დემოკრატიული ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკური ლიდერები მონაწილეობდნენ, მათ შორის აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და კანცლერი ანგელა მერკელი. ერთადერთი, ვინც ღონისძიებაზე არ მიიწვიეს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო.

1 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონია პოლონეთის ქალაქ ვიელუნში, პოლონეთის პრეზიდენტ ანდრეი დუდასა და გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სიტყვით გამოსვლით გაიხსნა.

“პატიებას ვითხოვ გერმანიის ისტორიული დანაშაულის გამო. მე ვასრულებ ჩვენს გრძელვადიან პასუხისმგებლობას” – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

ღონისძიება ვარშავაში გაგრძელდა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

"

მაიკ პენსი ცერემონიას დონალდ ტრამპის ნაცვლად დაესწრო, რადგან აშშ-ს პრეზიდენტს “დორიანის” ქარიშხლის გამო ვიზიტის გაუქმება მოუწია. “არავინ იბრძოდა უფრო გაბედულად, მონდომებით და სამართლიანი მრისხანებით, ვიდრე პოლონელები” – ამ სიტყვებით მიმართა მაიკ პენსმა ღონისძიების სტუმრებს.

"

მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიაზე არ დაპატიჟეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რასაც კრემლისტურ მედიაში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ისინი პოლონეთს ანტი-რუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ და ტრამპის ვიზიტის გაუქმებაზე კონსპირაციას ავრცელებენ. Ria Novosti წერს, რომ ტრამპის პოლონეთში არჩასვლასთან ქარიშხალი არაფერ შუაშია და ეს რეალურად მხოლოდ თავის გასამართლებელი საბუთია. სპუტნიკი და Rusonline.org კი ამტკიცებენ, რომ ამერიკელმა და ევროპელმა ლიდერებმა პოლონეთის ორგანიზებულ იუბილეზე დასწრების ინტერესი დაკარგეს.

""

"

საქინფორმის შესახებ

საინფორმაციო სააგენტო საქინფორმის 100%-იანი წილის მფლობელი 2013 წლიდან გამოცემის რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილია. დამოუკიდებლობა.com-ის თანახმად, „საქინფორმის“ დომეინი პრორუსული ორიენტაციის ორგანიზაციის „ისტორიული მემკვიდრეობის“ ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა რეგისტრირებული, რომელიც „საქართველო და მსოფლიოსაც“ ფლობს. „საქართველო და მსოფლიოს“ მსგავსად, საქინფორმიც გამოირჩევა სიძულვილის ენის გაღვივებითა და ანტიდასავლური პუბლიკაციებით.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist