საქართველოს გამოწვევებით აღსავსე დემოკრატია – მედია, პროპაგანდა და ჩარევა რუსეთის მხრიდან

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

37
VIEWS

საქართველოს ხშირად გამოარჩევენ, როგორც კავკასიის რეგიონში მოწინავე დემოკრატიას. თუმცა, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია მყიფეა. ოპოზიციურ პარტიებს არ სურთ არჩევნების შედეგების აღიარება, რომლის მიხედვითაც კვლავ მმართველმა პარტია ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. გააგრძელებს საქართველო დემოკრატიულ გზაზე სიარულს თუ ავტოკრატიული ელემენტები დაწინაურდებიან და ქვეყანას ისევ რუსეთთან დააახლოებენ?

უკვე 2019 წელს, თბილისში ოპოზიციის მიერ დაორგანიზებული საპროტესტო აქციები იმართებოდა, რომლებზეც უსამართლო საარჩევნო სისტემის რეფორმირებას ითხოვდნენ და ქართულ ოცნებას რუსეთისადმი მორჩილებაში სდებდნენ ბრალს. შედეგად, მთავრობამ გასცა დაპირება, რომ საარჩევნო სისტემას შეცვლიდა და მას სრულად წარმომადგენლობითს გახდიდა. თუმცა, მთავრობა თავისი დაპირება გადათქვა და ახალი საარჩევნო სისტემა კვლავ მმართველ პარტიას ანიჭებს უპირატესობას. ოპოზიციური პოლიტიკოსები ახლა უფრო მეტად აკრიტიკებენ არასრულყოფილ საარჩევნო რეფორმას, მასობრივ დარღვევებსა და გადაცდომებს, როგორიცაა ხმების მოსყიდვა და ერთზე მეტი ხმის მიცემა და უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. „ეს არის ამ ქვეყანაში ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები“ – განაცხადა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. მან ევროპის მხრიდან უფრო მწვავე რეაგირებისა და მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. ამჟამად, პარლამენტი შეკრებილია ოპოზიციის გარეშე. როგორც ჩანს, საქართველომ გზაგასაყარს მიაღწია.

კოვიდ-19 პანდემიის გამო, არჩევნებს უფრო ნაკლები საერთაშორისო დამკვირვებელი ესწრებოდა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სერიოზული დარღვევების არსებობა დაადასტურეს. თავის განცხადებაში, ISFED აღნიშნავს, რომ „ეს არჩევნები იყო დემოკრატიული არჩევნებისკენ მიმავალ გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი“. ბოლო თვის განმავლობაში, ოპოზიციამ  ათი ათასობით ადამიანის მონაწილეობით  საპროტესტო აქციები დააორგანიზა. რამდენიმე მათგანი პოლიციამ არაპროპორციული ძალის გამოყენებით და სისასტიკით დაარბია, რის შედეგადაც რამდენიმე ჟურნალისტიც დაშავდა. ამდენად, შეილახა ორი მთავარი დემოკრატიული უფლება – შეკრების და პრესის თავისუფლება. ჯერჯერობით, მთავრობის მხრიდან ყოველივე ამას ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია.

ქართულ მედიაზე წინასაარჩევნო პერიოდში წნეხი გაძლიერდა. მმართველმა პარტია ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო პერიოდში გამოგონილ ახალ ამბებს ომი გამოუცხადა. თუმცა, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“-ს მიხედვით, ამ საბაბით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები რეალურად პარტიის სასარგებლოდ მედიის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ახალი ამბების დამოუკიდებელი პლატფორმები, რომლებიც ქართულ ოცნებას აკრიტიკებდნენ, გამოგონილი ახალი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულეს  და მათ საქმეს უშიშროების სამსახურები იძიებენ.

მალხაზ რეხვიაშვილმა, აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა თანამშრომელმა, დისკრედიტაცია საკუთარ თავზე გამოსცადა. რეხვიაშვილს დღის შოუ მიჰყავდა, რომელიც ბათუმსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს ეხებოდა. 2019 წელს, აჭარის ტელევიზიაში ახალი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე დაინიშნა. ამას მოჰყვა თანამშრომლების უმეტესობის მხრიდან პროტესტი და კოხრეიძის მმართველი პარტიის სასარგებლოდ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაში დადანაშაულება. რადგანაც არსებულმა პროფკავშირებმა პროტესტის ავტორების პრობლემებზე რეაგირება ვერ მოახდინა და მათი პოზიციის დასაცავად არაფერი მოიმოქმედა, თანამშრომლებმა თავად შექმნეს ალტერნატიული პროფკავშირი. თებერვალში, აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ თანამდებობა დატოვა და Facebook პოსტში განაცხადა, რომ ეს ნებაყოფლობით არ გაუკეთებია. მის მიმართ განხორციელებული დევნის კრიტიკულად შეფასების გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს რეხვიაშვილიც, რისი საფუძველიც მის მიერ „ცილისმწამებლური და საზიანო ინფორმაციის გავრცელება“ გახდა.

„ჩვენ გვაქვს სამართლებრივი ჩარჩო პროფკავშირების საქმიანობის დასაცავად და ამ სამართლებრივმა საშუალებებმა დამარწმუნა, რომ ახალი მმართველობა ზეწოლას ვერ მოახდენდა, მაგრამ როგორც ახლა ვხვდები, ეს შეცდომა იყო“ – აცხადებს რეხვიაშვილი. ეს საქმე დღემდე არ განხილულა. საკუთარი პოზიციის დასაცავად სასამართლო სისტემის გამოყენების მცდელობების მიუხედავად, რეხვიაშვილი მოსამართლეების მხრიდან სამართლიან პროცესს არ მოელის: „პრობლემა ისაა, რომ ყოველთვის გვყავდა ერთი და იგივე პოლიტიკური გუნდი ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებში იმის ნაცვლად, რომ მათ ერთმანეთი ეკონტროლებინათ“. აჭარის ტელევიზიის შემთხვევები არაა პრო-სახელისუფლებო ცენზურისა და პოლიტიკური ზეწოლის გამო ჟურნალისტების გათავისუფლების ერთადერთი მაგალითი. მედია მკვეთრადაა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლარიზებული. „მათ შექმნეს ისეთი გარემო, რომელშიც ან მათთან ხარ ან მათ წინააღმდეგ. ეს ძალიან ართულებს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარებას, რადგან ყველა მსხვილი კომერციული ტელევიზია რომელიმე კომპანიის ან პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშაა“ – აცხადებს რეხვიაშვილი.

სახელმწიფო ინსტიტუტების და მედიის უუნარობა, გაუძლოს ქართული ოცნებისა და მისი დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის ზეწოლას, შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც რუსული გავლენის მიმართულებით მოძრაობა. წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი კიდევ ერთი ინციდენტი კიდევ უფრო აძლიერებს მოსაზრებას, რომ მმართველი პარტია არაა იმდენად იმუნური რუსული ჩარევის მიმართ, როგორც ის აცხადებს. რუსული საგამოძიებო პროექტი „დოსიე ცენტრის“ მიხედვით, რომელიც კრემლის კრიტიკოსისა და ყოფილი ოლიგარქი მიხეილ ხოდორკოვსკის მიერაა დაარსებული, ქართულმა პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა რუსეთიდან 8 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეს დანაშაულია. თუმცა, მმართველ პარტიას არ გამოუძიებია პატრიოტთა ალიანსი და მათი სავარაუდო თაღლითობა კამპანიის ფარგლებში ისე, როგორც საჭირო იყო. მალხაზ რეხვიაშვილი, რომელიც ამჟამად დამოუკიდებელ ვებსაიტ ფაქტ-მეტრში მუშაობს, გამოთქვამს წუხილს, რომ ქართული საზოგადოება, შესაძლოა, სათანადოდ ვერ აფასებდეს რუსულ საფრთხეს – რომელიც, რეხვიაშვილის თანახმად, არა ომი, არამედ საქართველოს დემოკრატიამდელ და სულ უფრო ავტოკრატიულ მდგომარეობაში დატოვებაა.

კიდევ ერთი საგანგაშო ფაქტორი არის მცდარი ინფორმაციის გავრცელება. რუსეთი საქართველოში ანტი-დასავლურ პროპაგანდას ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველთა უმეტესობა ევროპული ინტეგრაციის იმედს გამოთქვამს და უფრთხის რუსეთის მხრიდან ჩარევას, ანტი-დასავლური ნარატივები გარყვნილებასა და ჰომოსექსუალობაზე ქვეყნის კონსერვატიულად განწყობილ ნაწილზე მოქმედებს და გაუცნობიერებლად რუსული პროპაგანდის გავრცელებას უწყობს ხელს. თუმცა, მცდარი ნარატივები, რომლებიც საზოგადოებას ყოფს და გაურკვევლობას ქმნის, ქვეყნის შიგნიდანაც ვრცელდება. მთავრობის ყველაზე გავლენიანი კამპანია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს შეეხებოდა. მონასტერი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადავო სექტორში მდებარეობს. კამპანია ავრცელებდა ნარატივს, რომ მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეებმა საქართველოს ტერიტორია წინა მთავრობის პირობებში გაყიდეს. მმართველ პარტიასთან ერთად, ნარატივს რუსეთიდან დაფინანსებული პატრიოტთა ალიანსი, სხვა ანტი-ლიბერალური პარტიები და სასულიერო პირებიც ავრცელებდნენ. კამპანიის ფარგლებში, სამართლიანი სასამართლო პროცესის გარეშე, ორი ყოფილი საჯარო მოხელე დააკავეს და ისინი ახლაც ციხეში იმყოფებიან. თხუთმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ისინი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ.

ზემოთ აღწერილი მოვლენები იძლევა საქართველოს დემოკრატიაზე შეშფოთების საფუძველს. როდესაც დემოკრატიული პრინციპები, როგორიცაა დამოუკიდებელი მედია და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, პროტესტის მიზნით შეკრების თავისუფლება და შრომითი უფლებები ირღვევა, შედეგად შეიძლება კორუფციის აღზევება და, უეჭველად, რუსეთის გავლენის ზრდა მივიღოთ. ამასთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები შიშობენ, რომ კოვიდ-19 კრიზისმა, შესაძლოა, ავტორიტარიანიზმის ზოგადი დონის ზრდა გამოიწვიოს. ამჟამინდელი სიტუაცია პოლიტიკურ ლიდერებს საშუალებას აძლევს, ძირი გამოუთხარონ კანონის უზენაესობას მაშინ, როდესაც საზოგადოების ყურადღება გაფანტულია და საკანონმდებლო ცვლილებებზე თვალის მიდევნება სულ უფრო რთულია. საქართველოში, რომელიც ევროპასა და რუსეთს შორის საზღვარზე მდებარეობს, პოლიტიკურ სისტემებს შორის ომი მიმდინარეობს და საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის მხარდაჭერა ჭკვიანური იქნება.


შარლოტ ფონ ბერნშტორფი
ფრილანსერი ჟურნალისტი სპეციალურად მითების დეტექტორისთვის 


სტატია გამოქვეყნდა #FIGHTFAKE პროექტის ფარგლებში, რომელიც MDF-ისა და მისი პარტნიორი ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-ის მიერ ხორციელდება


პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist